The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი შალიკაშვილი

დიმიტრი შალიკაშვილი
Date of birth:16 February, 1896
Date of death:8 March, 1978  (at 82 years)
Burial location:ქ. ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ
Category:Military Person

Biography

დიმიტრი შალიკაშვილის მამა, იოსებ (სოსიკო) შალიკაშვილი, 1848 წ. დაიბადა. სწავლობდა პეტერბურგის კადეტთა კორპუსში, მამის გარდაცვალების გამო, 18 წლის ასაკში იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა დაემთავრებინა ქალაქ ოდესის რიშელიეს სახელობის ლიცეუმი. მოგვიანებით სამხედრო სამსახურს თავი დაანება და საზოგადოებრივ საქმიანობაზე გადაერთო. 1895 წელს იოსებ შალიკაშვილი არჩეულ იქნა სიღნაღის მაზრის თავად–აზნაურთა წინამძღოლად. იგი გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით, სამართლიანობითა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით. 1901 წელს, როდესაც საქართველოს თავად–აზნაურობა ემზადებოდა საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავის აღსანიშნავად, იოსებ შალიკაშვილი თავად–აზნაურთა სადეპუტატო კრებაზე გამოსულა სიტყვით, სადაც ის ქართველ ხალხს მოუწოდებდა, რომ საჭიროა ასეთ ზეიმებზე უარის თქმა, საჭიროა სერიოზული დაფიქრება და პრინციპული მიდგომა ამ საკითხისადმი, ასეთი თამამი აზრის გამოთქმა იმ დროს სამოქალაქო გმირობის ტოლფასი იყო. იოსებ შალიკაშვილი 1904 წ. გარდაიცვალა და ანდერძის თანახმად მშობლიურ გურჯაანში დაკრძალეს, მის მიერვე აღდგენილ ეკლესიაში. 

დიმიტრი შალიკაშვილის დედა – ნინო სტაროსელსკაია დიდად განათლებული პიროვნების, 1874-1884 წწ. ბაქოს გუბერნატორის, ხოლო მოგვიანებით სენატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილის, დიმიტრი სტაროსელსკის ქალიშვილი იყო. იგი ყოველ კეთილ საქმეში გვერდით ედგა თავის ქვისლს ილია ჭავჭავაძეს და ქართველ საზოგადო მოღვაწეებს. განსაკუთრებით დიდი დახმარება აღმოუჩინა გენერალმა სტაროსელსკიმ "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას".

დიმიტრი შალიკაშვილი თბილისში დაიბადა. 1914 წელს წარჩინებით, ვერცხლის მედალზე დაამთავრა ვაჟთა პირველი გიმნაზია და პეტერბურგის პაჟთა კორპუსში ჩაირიცხა. I მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთ–გერმანიის ფრონტზე. 1918 წ. სამშობლოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობის საქმეში. მსახურობდა საქართველოს სამხედრო სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილებაში.

1920 წლის დეკემბერში ორდონანსის ოფიცერი დიმიტრი შალიკაშვილი ქართულ დიპლომატიურ მისიასთან ერთად, საქართველო–თურქეთის საკითხებზე თურქეთის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ანკარაში იმყოფებოდა. შემდეგ მოლაპარაკების ამბები აღწერა მოგონებებში "ანგორა", რომელიც 1967 წელს დაიბეჭდა პარიზში, ჟურნალ "კავკასიონში". 1921 წ. თებერვალში, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის დროს, იგი ჯერ კიდევ თურქეთში იყო და სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის მარტში, სტამბოლში ლტოლვილთა პირველი დიდი ნაკადი ჩავიდა: მთავრობის, დამფუძნებელი კრების, პოლიტიკური პარტიების, ქართული არმიის, გვარდიის შტაბის წევრები, სამხედრო პირები, იუნკერთა სკოლის კურსანტები. სტამბოლში შუა საუკუნეებიდან არსებობდა ქართული უბანი და დიასპორა, მე-19 საუკუნიდან კი – ქართველ კათოლიკეთა მონასტერი, სამონასტრო სკოლა და სტამბა. ლტოლვილებს პირველად დახმარება სწორედ მონასტერში აღმოუჩინეს. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში სამუშაოს შოვნა ძნელი იყო, ამიტომ თავშესაფრის საძებრად დევნილებმა ევროპის ქვეყნებს მიაშურეს. 1922 წ. ბოლოს, დიმიტრი შალიკაშვილმა, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად, პოლონეთს შეაფარა თავი. პოლონეთის ხელისუფლებამ საუკეთესო პირობები შეუქმნა ლტოლვილებს. სამხედრო სკოლაში ჩარიცხეს იუნკერები და სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ოფიცრის ჩინით სხვადასხვა პოლკებში მიავლინეს. ოფიცრები საცხოვრებლითა და სამსახურით უზრუნველყვეს.

30-იან წლებში პოლონეთში 200 ქართველი ცხოვრობდა. ქართველთა ერთობას ხელმძღვანელობდა ვარშავის ქართული სათვისტომო, მოქმედებდა "საქართველოს მეგობართა საზოგადოება", "საქართველოს დამხმარე კომიტეტის პოლონეთის განყოფილება", ახალგაზრდული კავშირი და სხვა.

ქართველმა მეომრებმა არ მიიღეს პოლონეთის მოქალაქეობა, რადგან მათ სამშობლოში დაბრუნების იმედი ჰქონდათ. ისინი კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ პოლონეთის არმიაში. მართალია მოქალაქეობის არქონის გამო მათ ვერ ნიშნავდნენ მაღალ თანამდებობებზე, მაგრამ სამხედრო წოდებებს ისევე უმატებდნენ, როგორც თვით პოლონელ ოფიცრებს. პოლონეთში წასულ ქართველ მხედრებს შორის იყვნენ გენერლები: ზაქარიაძე, ყაზბეგი, ჩხეიძე, კონიაშვილი; პოლკოვნიკები: ბაგრატიონი, ვაჩნაძე, მიქელაძე, კანდელაკი, ერისთავი; მაიორები: მაჭავარიანი, ტერიაშვილი, ფავლენიშვილი, კოვზიაშვილი, ძმები ქუთათელაძეები.

1932 წ. დიმიტრი შალიკაშვილი დაქორწინდა პეტერბურგიდან ვარშავაში ემიგრირებული გენერლის ასულზე – გრაფინია მარია რიუდიგერ–ბელიაევაზე. მასთან შეეძინა სამი შვილი – იოსებ ოთარ შალიკაშვილი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი და ნინო ალექსანდრა გაალ შალიკაშვილი.

1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად პოლონეთის არმია მალე დამარცხდა. ქართველ ოფიცრებს მობილიზაცია არ შეხებიათ, ისინი საკუთარი ინიციატივით ჩაებნენ ბრძოლაში, რათა ასე მაინც გადაეხადათ მადლობა იმ ქვეყნისათვის, რომელმაც შეიფარა და უპატრონა. გამოჩენილი მამაცობისათვის ბევრი ქართველი დაჯილდოვდა პოლონეთის საპატიო ორდენით.

პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ ქართველ ოფიცერთა ნაწილი პარტიზანებს შეუერთდა, ნაწილი კი გერმანია–საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ ვერმახტის ქართულ ნაწილებში აღმოჩნდა, რადგან გერმანია მიაჩნდათ საბჭოთა იმპერიისაგან სამშობლოს დასახსნელად ერთადერთ რეალურ ძალად. ამ ბრძოლებში ბევრი ქართველი დაიღუპა, გადარჩენილთა ნაწილმა მოასწრო და 1944 წელს საბჭოთა არმიის პოლონეთში შესვლის შემდეგ დასავლეთში გაიხიზნა. მაიორი დიმიტრი შალიკაშვილი 1944 წლის ივნისამდე ნორმანდიაში (ჩრდილოეთ საფრანგეთი), ხოლო ივნისიდან 1945 წლის მაისამდე "ქართული შტაბის" დავალებით ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა და აქ პატრონობდა აღმოსავლეთ ევროპიდან ლტოლვილ ემიგრანტ და ტყვედ ჩავარდნილ "საბჭოთა ქართველებს". როცა ჩრდილოეთ იტალიაში ინგლისელები შევიდნენ, იგი დააკავეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. დიმიტრი შალიკაშვილის რუსულად დაწერილი დღიურებიდან ირკვევა, რომ მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ნაციზმის დანაშაულებრივ საქმიანობაში.

II მსოფლიო ომის შემდეგ დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახმა თავი ბავარიაში მცხოვრებ ნათესავებს შეაფარა. ომში გერმანიის დამარცხებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა გერმანიის მხარეზე მებრძოლები. გარდა უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვებისა, დასავლეთის მიერ საბჭოთა მხარისათვის ყოფილი ტყვეების გადაცემის შემდეგ, ემიგრანტების გადაცემის საჭიროებაც დადგა. ძველი და ახალი ემიგრაცია მასობრივად ტოვებდა ევროპას და ამერიკაში გადადიოდა საცხოვრებლად. 1952 წელს შალიკაშვილებიც, მარიას ნათესავის, ბანკირ ჯორჯ ლათის დახმარებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ და ილინოისის შტატის ქალაქ პეორიაში დაბინავდნენ.

სიცოცხლის ბოლო წლებში დიმიტრი შალიკაშვილმა მოაწესრიგა თავისი ჩანაწერები და მოგონებების ძალიან საინტერესო ორი წიგნი დაგვიტოვა. ერთი ზემოთ ნახსენები "ანგორა" და მეორე – "კონსტანტინოპოლი", რომელშიც მოთხრობილია ქართველ ლტოლვილთა ცხოვრება სტამბოლში 1921-1922 წლებში. მოგონებათა გარდა, პოლონეთში ცხოვრების დროს იგი საინტერესო წერილებს აქვეყნებდა პარიზულ–ემიგრანტულ ჟურნალ "მხედარში", ამერიკაში გადასახლების შემდეგ კი – ნიუ–იორკში დაარსებულ გაზეთ "ქართულ აზრში".

დიმიტრი შალიკაშვილი გარდაიცვალა 1978 წელს. დაკრძალულია ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში. მისი ვაჟები ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამსახურში შევიდნენ. უფროსი, ოთარ შალიკაშვილი პოლკოვნიკის ჩინით გავიდა თადარიგში. ხოლო უმცროსი ჯომ (მალხაზ) შალიკაშვილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების პრზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი (ოთხი ვარსკვლავის მქონე გენერალი). ამერიკელ ქართველთა დახასიათებით, მიუხედავად ქართული სამყაროდან მოწყვეტისა, ორივე ძმა მამის ღირსეული მემკვიდრე და ქართული ცნობიერების მატარებელი იყო.

წყარო:

1. მახარაძე, ირაკლიჯონ (მალხაზ) და ოთარ შალიკაშვილები // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.124-128.

2. შალიკაშვილი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.192-193. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

3. დაუშვილი, რუსუდანცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : დავით და დიმიტრი შალიკაშვილები // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-0-6277-3. - გვ. 184-186.


Share: