The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ვლასა მგელაძე

ვლასა მგელაძე
დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1943  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ვლასა დარისპანის ძე მგელაძე გურიის სოფელ ზომლეთში დაიბადა. ადრევე დაობლებული წერა–კითხვის სასწავლად მთავარდიაკვან ექვთიმეს წაუყვანია თავის სახლში. მღვდლის ოჯახიდან დაბრუნებული აკეთის სკოლაში შეუყვანიათ, რომელიც მატერიალური გაჭირვების გამო ვერ დაუმთავრებია. შემდეგ ბიძას, ლუკა წულაძეს, შეგირდად მიუბარებია ქუთაისში, პეტრე წულუკიძის სტამბაში. "მახსოვს, როგორ დამაყენეს სასწავლებლად, სად როგორი ანბანია უჯრედებში იმის დაზეპირება. მე ვახსენე წმიდა გიორგი, მთავარანგელოზი, შევთხოვე მამის ძირითად ხატს – აკეთის მაცხოვარ თეთროსანს, რომ ჩქარა დამესწავლა და დედის იმედი გამემართლებია", – იგონებს ვლასა მგელაძე. სტამბაში, მუდმივად ქართული წიგნებისა და ჟურნალ–გაზეთების გარემოცვაში ყოფნა ძლიერ დაეხმარა სწავლას მოწყურებულ ყმაწვილს თვითგანათლების გაღრმავებაში. მალე თბილისში გადავიდა და ჯერ ექვთიმე ხელაძის, რამდენიმე ხანში კი გაზეთ "ივერიის" სტამბაში მაქსიმე შარაძესთან დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. გაზეთის რედაქციაც აქ იყო მოთავსებული და აქვე იმართებოდა ილია ჭავჭავაძის განთქმული "ხუთშაბათობები". "ივერიაში" მუშაობის დროს გაიცნო ალექსანდრე ყაზბეგი, ეგნატე ნინოშვილი, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, ვაჟა–ფშაველა.

1984 წლის იანვრის მიწურულიდან ვლასა მგელაძე ჟურნალ "კვალს" და "ჯეჯილს" აწყობს მატინიანცის სტამბაში. ამ პერიოდში დაუახლოვდა გიორგი წერეთელს, ანასტასია თუმანიშვილ–წერეთლისას და მათ შვილებს – ლევან, ირაკლი (კაკი, შემდგომში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე) და ელენე წერეთლებს. ჟურნალ "კვალში" დაიწყო პირველი წერილების ბეჭდვაც.

XIX ს-ია 90-იან წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი იდეური მიმართულება – "მესამე დასი". ვლასა მგელაძე მისი მიმდევარი გახდა და თანდათან პროფესიონალ რევოლუციონერად ჩამოყალიბდა. მისი ბრძოლის ლოზუნგი იყო თვითმპყრობელობის დამხობა, ეროვნული და პოლიტიკური თავისუფლება. მალე კარლო ჩხეიძესთან ერთად პოლიტიკური დავალებით გაემგზავრა ბათუმში ადგილობრივი ორგანიზაციების მოსაწყობად, დადიოდა მუშათა უბნებში, ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. ამ პერიოდიდან ციხე და გადასახლება მისი ხვედრია.

ვლასა მგელაძის მშფოთვარე ბიოგრაფიას დაწვრილებით ვეცნობით მის მოგონებებსა და ჟურნალ–გაზეთებში გამოქვეყნებულ წერილებში. 1902 წ. იჯდა მეტეხის ციხეში, ილიას დასაფლავების დღეს, 1907 წლის 9 სექტემბერს მუშების სახელით დასამახსოვრებელი სიტყვით გამოეთხოვა ტრაგიკულად დაღუპულ ერის მამას, 1908 წელს ევროპაშია – ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ ციურიხში. ურთიერთობა ჰქონდა პ. აქსელროდთან და გ. პლეხანოვთან. მონაწილეობა მიიღო სპარსეთის 1908 წლის რევოლუციაში და უშიშარი მებრძოლის სახელიც მოიხვეჭა. 1910 წელს კვლავ ჩადის თეირანში, ესწრება მეჯლისის გახსნას და ირანის კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით წარმოთქვამს სიტყვას, რომელსაც მეჯლისზე უდიდესი შთაბეჭდილება მოუხდენია. ეს სიტყვა "რუსკოე სლოვოში" გამოქვეყნდა და ევროპაშიც გავრცელდა. 1910 წლის მეორე ნახევრიდან კვლავ ევროპაშია და, როგორც სოციალ–დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი ეწევა რევოლუციურ საქმიანობას, კითხულობს მოხსენებებს სპარსეთის რევოლუციაზე სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის მაქსიმ გორკის მიწვევით კაპრიზე, სადაც გაიცნო ლენინი. 1911 წ. ვლასა მგელაძე საქართველოში ჩამოვიდა ნოე ჟორდანიასთან შესახვედრად, მაგრამ ჟანდარმერიას ჩაუვარდა ხელთ. იჯდა ბათუმისა და მეტეხის ციხეებში. 1913 წელს ეტაპით გაგზავნეს ციმბირში, მაგრამ მალე გამოიქცა და ჯერ პეტერბურგში ჩავიდა საიდუმლოდ, შემდეგ ბაქოში, აქედან კი ქუთაისის გავლით გურიაში ამოჰყო თავი. მოინახულა მოხუცი დედა და კვლავ პეტერბურგის გზას დაადგა. აქ იშოვა პასპორტი და ებშტეინის სახელით გერმანიაში გაემგზავრა. შემდგომ წლებში კვლავ აქტიურად მოღვაწეობდა სოციალ–დემოკრატთა ემიგრანტულ წრეებში, იყო რუსეთის სოციალ–დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი. 

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ვლასა მგელაძე იმედებით აღსავსე დაბრუნდა სამშობლოში. 1918-1921 წლებში იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის კომისარი, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი იყო. მას ვხედავთ ამ პერიოდში გამართულ ყველა ეროვნულ ღონისძიებაზე. თანამედროვეთა მოგონებებში ვკითხულობთ, რომ ვლასა მგელაძეს შესანისნავი სიტყვა წარმოუთქვამს 1918 წლის 26 იანვარს, თბილისის უნივერსიტეტის გახსნის დღეს. ემიგრანტულ პრესაში ხშირად იხსენებდნენ მის ემოციურ საქციელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს, როცა იგი მამადავითზე აიჭრა და ზარების რეკვით ახარა მთაწმინდის სამუდამო ბინადართ ქვეყნის დამოუკიდებლობა (გრ. რობაქიძე. "ბედი ქართლისა", N18, პარიზი, 1954, გვ.9; რ. ყიფიანი. "კავკასიონი", IX, 1964, გვ.157).

საქართველოში საბჭოთა  ხელისუფლების დამყარების  შემდეგ, 1921 წელს ვლასა მგელაძე ემიგრაციაში  წავიდა – ჯერ ბერლინში, შემდეგ პარიზში. აქ იგი შეუდგა ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი ნაწარმოებები – პოემა "სამშობლო", ლექსი "ცხრათვალა მზე", "გოდება" (ნაწყვეტი დღიურიდან) – გამოქვეყნებულია ჟურნალ "კაკასიონში".

1934 წელს, პარიზში, დავით ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა ვლასა მგელაძის წიგნი "26 მაისი". მასში აღწერილია ყველა ის დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა, მოყოლებული 1887 წლიდან 1918 წლის 26 მაისამდე (დიმიტი ყიფიანის  ვერაგული მკველელობა; ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენება განჯიდან თბილისს; კრწანისის ველის პანაშვიდი; მუშების ამოძრავება და სხვადასხვა პარტიების დაარსება; ილიას მკვლელობა; აკაკი წერეთლის იუბილე; ქართველი ერის სულის გამობრწყინება და მისი სამფეროვანი დროშის გამოჩინება და სხვა), რომლებმაც გამოიწვიეს ქართული ეროვნული სულის გაღვიძება და დამოუკიდებლობის გამოცხადებისთვის ნიადაგი შეამზადეს.

1936 წელს პარიზში გამოვიდა ვლასა მგელაძის მოგონებების პირველი წიგნი, რომელშიც შესულია 1921-24 წლების ამბები. 1972-74 წლებში გამოიცა მეორე და მესამე წიგნები. ისინი შეიცავენ უაღესად საინტერესო ცნობებს XIX ს–ის მიწურულისა და XX ს–ის I მეოთხედის საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრების შესახებ და საინტერესო მოგონებებს ქართველ მწერლებზე. ვლასა მგელაძე გარდაიცვალა 1943 წელს პარიზში. დაკრძალულია დაბა ლევილის ქართულ სასაფლაოზე.


გააზიარე: