The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე თარხნიშვილი

ივანე თარხნიშვილი
ოფიციალური სახელი:ივანე თარხან–მოურავი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1846
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1908  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ალექსანდრე ნეველის ლავრა, ტიხვინის სასაფლაო, პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

ივანე რამაზის (რომანის) ძე თარხნიშვილი (ტარხანოვი) დაიბადა თბილისში, დიდი მოურავის გიორგი სააკაძის შვილთაშვილის, რუსეთის არმიის გენერალ რამაზ თარხან–მოურავის ოჯახში. ივანეს წინაპრები ქართლის სოფელ ახალქალაქში (კასპის რ–ნი) ცხოვრობდნენ. სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის გიორგი სააკაძეს თავადის ტიტული და სახელმწიფო გადასახადისგან გათავისუფლება (თარხანობა) ებოძა, სწორედ აქედან მოდის გიორგი სააკაძის შვილიშვილის, იორამის შთამომავალთა ორმაგი გვარი. მომავალმა მეცნიერმა ბავშვობიდანვე მიიპყრო გარშემო მყოფთა ყურადღება თავისი ნიჭიერებით, გარეგნობითა და გამორჩეული პიროვნილი თვისებებით. დედით ადრე დაობლებული, ივანეს განათლებაზე მამა განსაკუთრებით ზრუნავდა. 10-12 წლისა თავისუფლად ფლობდა რამდენიმე ევროპულ და კავკასიურ ენას. პატარა ივანეს პორტრეტი აღწერილი აქვს ალექსანდრე დიუმა – მამას თავის თხზულებაში – "კავკასია". 1858-59 წლებში რუსეთის იმპერიაში მოგზაურობისას ფრანგი მწერალი სტუმრად ყოფილა ქალაქ ნუხას მხარის მმართველ თარხან–მოურავის ოჯახში, სადაც მას 12 წლის ივანე თარჯიმნობას უწევდა: "ბიჭუნას ჰქონდა ზღაპრული იერსახე, რითაც ჭეშმარიტ ქართულ ტიპს განასახიერებდა მთელი თავისი სიწმინდითა და სრულყოფილებით: ანტინოეს მსგავსი – წინიდან წარბებამდე ჩამოშლილი შავი თმებით, შავი წარბ–წამწამით, ხავერდოვანი და ნეტარებით მოციაგე თვალებით, მიჯრით მიწყობილი კბილებით". მწერალი განაცვიფრა ივანეს არაბავშვურმა ინტელექტმა, მოსაზრებულობამ და რაინდულმა სიდარბაისლემ: "ბიჭუნამ საუცხოოდ იცის ფრანგული ენა... გამაკვირვა გალიციზმმა ამ ბავშვის მეტყველებაში... ეს სასწაული იყო და მე მისით მოხიბლული ვიყავი... ვერც კი ვბედავ ბავშვი ვუწოდო". დასასრულს ალექსანდრე დიუმა დასძენს: "რამაზი და მისი ვაჟიშვილი ივანე განეკუთვნებიან იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც შემთხვევით შეხვდი, მათთან სულ 24 საათი გავატარე, მათი სიყვარული კი მთელი სიცოცხლე გაგყვება".

დაწყებითი განათლება ივანე თარხნიშვილმა ოჯახში მიიღო, შემდეგ მცირე ხნით თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა. 1860 წელს სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგს გაემგზავრა. მამა შვილის სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ ივანეს სულ სხვა გეგმები ჰქონდა. საფუძვლიანი მომზადების შემდეგ მან წარმატებით ჩააბარა გამოცდები მეორე კლასიკურ გიმნაზიაში და საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი აიღო. 1863-64 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1864 წლის შემოდგომაზე სწავლა განაგრძო საიმპერატორო სამედიცინო–ქირურგიულ აკადემიაში, სადაც ფიზიოლოგიის კურსს სახელგანთქმული მეცნიერი ივანე სეჩენოვი კითხულობდა. მისი ხელმძღვანელობით ივანე თარხნიშვილი სტუდენტობის წლებშივე იწყებს ექსპერიმენტულ გამოკვლევებს და აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებს. 1869 წელს იგი აკადემიას ამთავრებს, მაგრამ იქვე რჩება სამუშაოდ და უკვე ორი წლის შემდეგ, 1871 წელს, იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე – "სიცივისა და სითბოს გავლენა ბაყაყის მგრძნობიარე ნერვებზე". იმავე წლის შემოდგომაზე იგი თბილისს ესტუმრა საჯარო ლექციების კურსით ფიზიოლოგიაში. 

1873 აკადემიამ ივანე თარხნიშვილი შემდგომი სრულყოფისათვის გაგზავნა წამყვან ევროპელ მეცნიერებთან სამუშაოდ. ორი წლის მანძილზე იგი წარმატებით მოღვაწეობდა ჰოპე-ზეილერის, ჰოლცისა და რეკლინკჰაუზენის (სტრასბურგი) და კლოდ ბერნარის, რანვიესა და ვიულპიანის (პარიზი) ლაბორატორიებში. ამ მივლინებათა შედეგად შეიქმნა მეცნიერის უნმიშვნელოვანესი გამოკვლევები: სისხლძარღვების ინერვაციის, ნაღვლის მღებავი ნივთიერების, კაპილარების მკუმშავი ელემენტების შესახებ, სისხლსა და ლიმფაზე კურარეს გავლენის თაობაზე და მრავალი სხვა.

1875 წელს, საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ივანე თარხნიშვილი მიიწვიეს პრივატ–დოცენტად პეტერბურგის სამედიცინო–ქურურგიულ აკადემიაში, ორი წლის შემდეგ ფიზიოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი გახდა პროფესორის წოდებით, ხოლო 1881 წელს 35 წლისას მიენიჭა აკადემიკოსის წოდება.

ივანე თარხნიშვილის წარმატებებს სიხარულით ეხმიანებოდა ქართული პრესა. ჟურნალი "ივერია" 1877 წელს დაბეჭდილ კორესპონდენციაში წერდა: "ჩვენ შევიტყვეთ, რომ ჩვენი ქართველი მსწავლული თარხნიშვილი პეტერბურგის საექიმო აკადემიაში ფიზიოლოგიის პროფესორად დაუნიშნავთო, სტუდენტებს აკადემიისას თურმე ძალიან უყვართ თარხნიშვილი და მისი დანიშვნა გახარებიათ. ამით ქართველთაგანი ეხლა სამი პროფესორია: ერთია ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში, მეორე უფალი პეტრიაშვილი ოდესის უნივერსიტეტში და მესამე თარხნიშვილი".

1895 წელს პროგრესული შეხედულებების გამო ივანე თარხნიშვილი აკადემიიდან დაითხოვეს. 1895-1901 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ბიოლოგიასა და ზოგად ფიზიოლოგიაში. 1896 წელს ფიზიოლოგიის კაბინეტის პირველი ხელმძღვანელი გახდა. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს "საპატიო ლეგიონის" ორდენით. 1901 წელს მიიწვიეს ბრიუსელში ფიზიოლოგიაში ლექციების წასაკითხად.

ივანე თარხნიშვილის მეცნიერული ძიებების წრე მეტად მრავალწახნაგოვანია - ნეირო და ფსიქოფიზიოლოგია, რეანიმაცია, ევოლუციური ფიზიოლოგია და რენტგენოთერაპია, რადიობიოლოგია, ჰორმონოთერაპია, ჰემატოლოგია და ეკოლოგია. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მის მერ ადამიანის კანში ელექტრომამოძრავებელი ძალების აღმოჩენა სხვადასხვა გაღიზიანების საპასუხოდ და ფსიქოლოგიური მოქმედების დროს. კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრონულ ეფექტებს მსოფლიო ლიტერატურაში "თარხანოვის ფენომენად" მოიხსენიებენ. მეცნიერმა შეისწავლა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციები, მათ შორის ძილისა და ჰიპნოზის მოვლენები, სეკრეციის საკითხები, ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების გავლენა; მუსიკის ზეგავლენა ცხოველებსა და ადამიანზე, X-სხივების გავლენა ცხოველებზე, სმენითი შეგრძნებების სუბიექტივიზირება; ცხოველებში ბიოელექტრონული მოვლენების კვლევისას აღწერა ფსიქოგალვანური რეფლექსი. მან ერთ–ერთმა პირველმა შეისწავლა ორგანიზმზე რენტგენის სხივების მოქმედება და შესაძლებლად მიიჩნია მათი გამოყენება ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. მუშაობდა აგრეთვე ასაკობრივი ფიზიოლოგიის საკითხებსა და სოციალური ჰიგიენის პრობლემებზე. ეწეოდა ბიოლოგიური და სამედიცინო საკითხების ფართი პოპულარიზაციას, რუსულ ენაზე თარგმნა და განავრცო მრავალი უცხური სახელმძღვანელო: რანვიესი, კლოდ ბერნარის, ევალდის, როზენტალის, პრეიერის, მ. ფოსტერის. მისი ხელმძღვანელობით მრავალი მეცნიერი აღიზარდა. იყო რუსეთის სამედიცინო საზოგადოებებისა და საბუნებისმეტყველო საზოგადოების წევრი, პარიზის ბიოლოგიური საზოგადოების წევრ–კორესპონდენტი, ჰალეს აკადემიის წევრი.

ივანე თარხნიშვილი 1905 წელს დაქორწინდა ელენე პავლეს ასულ ანტოკოლსკაიაზე, პროფესიით სკულპტორზე. მეცნიერი გარდაიცვალა 1908 წლის 6 სექტემბერს 62 წლის ასაკში უცხოეთის ერთ–ერთ კურორტზე, სადაც სამკურნალოდ იმყოფებოდა. მადლიერმა საზოგადოებამ მისი ნეშტი პეტერბურგში გადმოასვენა და ტიხვინის სასაფლაოს ალექსანდრე ნეველის ლავრაში მიაბარა მიწას.

საქართველოში ფართოდ აღინიშნა მეცნიერის დაბადების 100 წლისთავი. 1946 წლიდან თსუ–ში არსებობს ი. თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება, ამავე წლიდან მისი სახელი ეწოდა თბილისის ერთ–ერთ ქუჩას და ქალაქ გორის საავადმყოფოს.

წყარო:

1. სააკაშვილი, მიხეილ. გამოჩენილი ქართველი მეცნიერი ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი). - თბ., 1947. - 155 გვ.

2. ნადარეიშვილი, კიაზო. ივანე თარხან-მოურავი (თარხნიშვილი, ტარხანოვი) - პირველი მკვლევარი რადიობიოლოგიასა და რადიაციულ ეკოლოგიაში = Ivane Tarkhan-Mouravi (Tarkhnishvili, Tarchanoff - first investigator in radiobiology and radiation ecology = Иван Рамазович Тархан-Моурави (Тархнишвили, Тарханов) - первый исследователь в области радиобиологии и радиационной экологии / კ. ნადარეიშვილი, დ. ნადარეიშვილი. - თბ., 2013. - 136 გვ.

3. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.478.

4. ივანე თარხნიშვილი // ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორია : ტ. 3 / საქ. მეცნ. აკად., ფილოსოფიის ინ-ტი. - ბათუმი, 2008. - გვ.253-282.

5. https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_თარხნიშვილი

6. https://ru.wikipedia.org/.../Тарханов,_Иван_Романович 

7. medviki.com/Тарханов_Иван_Романович


გააზიარე: