The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ნინო ყაუხჩიშვილი

ნინო ყაუხჩიშვილი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1919
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 2010  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

ნინო ყაუხჩიშვილი 1919 წლის 20 აგვისტოს ბერლინში, მიხეილ ყაუხჩიშვილის ოჯახში დაიბადა. ინჟინერი, ელექტრო -მექანიკოსი, ქიმიკოსი მიხეილ ყაუხჩიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ 1918 წელს გააგზავნა საქართველოს წარმომადგენლად შვედეთში, ხოლო 1919 წ. გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც მან თავისი საქმიანობა ფირმა "სიმენსს" დაუკავშირა. 1931-1939 წლებში იყო ფირმის დირექტორი გერმანიაში, ხოლო 1939-47 წლებში იმავე ფირმის იტალიური განყოფილების დირექტორი. მიხეილ ყაუხჩიშვილის პროექტით აშენდა საქართველოში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პირველი რიგი. მიხეილ ყაუხჩიშვილი გახლდათ აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ძმა.

ნინო ყაუხჩიშვილმა ბერლინში დაამთავრა კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა ჯერ ბერლინის (ქართულ ენას მიხაკო წერეთელი ასწავლიდა), შემდგომ მილანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რომანისტიკის განხრით. წლების განმავლობაში ნინო ყაუხჩიშვილი იყო ბერგამოს უნივერსიტეტის სლავისტიკის კათედრის გამგე, ფილოლოგიის დეკანი, პრორექტორი. ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას მილანის, ტურინის, ბერგამოს, პარმის, ბარის უნივერსიტეტებში და ყველგან ჩამოაყალიბა სლავისტიკის კათედრა.

1958 წლიდან ნინო ყაუხჩიშვილისა და მისი ძმის გიორგის ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს. მათ თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან დაკავშირების საშუალება მიეცათ, ამას კონკრეტული საქმეც მოჰყვა. ქალბატონი ნინოს თაოსნობით საქართველოში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ქართველოლოგები. მისი ინიციატივითა და სპონსორობით იტალიაში გაიმართა ქართული ხელოვნების სიმპოზიუმები: ბერგამოში - 1974 წელს, ბარისა და ლეჩეში - 1980 წელს, პავიაში - 1986 წელს. 1979 წელს მისივე თაოსნობით ბერგამოში გაიმართა კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში (1977, 1983, 1989 წწ.). 1999 წელს სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურებისათვის ნინო ყაუხჩიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა.

2005 წლიდან ნინო ყაუხჩიშვილი შეუდგა იტალიაში გაფანტული ქართველების შემოკრებას. 2008 წელს დააფუძნა ქართულ–იტალიური საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელი", რომლის პრეზიდენტიც იყო გარდაცვალებამდე. ამ ორგანიზაციის საქმიანობა არაკომერციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს იტალიაში მცხოვრებ ქართველთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, იტალიაში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას, ქართველ და იტალიელ ხალხებს შორის მეგობრული, კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.

ნინო ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა მილანში, 2010 წლის 4 იანვარს.

ყოველი წლის 26 იანვარს. მილანის ქართული სათვისტომო წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად იწვევენ იმ სახელოვან იტალიელ მეცნიერებსა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ამ დღეს საზოგადოებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს ჩაეყარა საფუძველი  საზოგადოება"სამშობლო – გულით სატარებელს". ქალბატონი ნინოს ხსოვნა სათვისტომოს იმ დიდი ვალის აღსრულებას აკისრებს, რაც მან ანდერძად დაუტოვა – "მარად და ყველგან გულით ვატაროთ სამშობლო, ყველგან და ყოველთვის ავახმიანოთ ქართული სიტყვა, ქართული სიმღერა და წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა".


გააზიარე: