The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


კარლო ინასარიძე

კარლო ინასარიძე
სხვა სახელი:დავით თაბოროძე  (ფსევდონიმი)
ოთარ კეთილაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1919
გარდაცვ. თარიღი:24 ივლისი, 2007  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

კარლო ინასარიძე სოფელ კუშუბაურში (ვანის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება სოფელ მიქელეფონში მიიღო. 1929 წლიდან ინასარიძეების ოჯახი ლანჩხუთში გადავიდა საცხოვრებლად. 1937 წელს მან წარმატებით დაამთავრა ლანჩხუთის საშუალო სკოლა და სწავლა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში განაგრძო. 1940 წლის 27 მაისს, მესამე კურსის სტუდენტი, "წითელ არმიაში" გაიწვიეს, სადაც კურსანტად მსახურობდა. ომის დაწყების პირველივე დღიდან ფრონტზე იბრძოდა, 1941 წლის აგვისტოში კიევის მახლობლად ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში გატარებული ორი ჯოჯოხეთური წლის შემდეგ ქართველი ემიგრანტების დახმარებით "ქართული ლეგიონის" საქმიანობაში ჩაერთო. ამ ფაქტის გამო იგი საბჭოთა კავშირის მტრად იქცა და მრავალი წლის მანძილზე იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა. "მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვითვლებოდი "არასასურველ პირად" ბოლშევიკებისათვის, რაც გზას მიღობავდა სამშობლოსკენ" – მწუხარებით იხსენებდა კარლო ინასარიძე. 

II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქალაქ ზალცბურგში დარჩა, 1945 წელს კი მიუნხენში გადავიდა საცხოვრებლად. 1946-52 წწ. სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტსა და კინოს ინსტიტუტში. ეუფლებოდა იურისპუდენციას, ფილოსოფიას, კინოსა და თეატრის ისტორიას. 1951 წელს მიუნხენში დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. დისერტაცია რუსეთ–საქართველოს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს ეძღვნებოდა, 1953 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რადიო "თავისუფლების" ქართულ რედაქციაში.  "ოთარ კეთილაძისა" და " დავით თაბოროძის" ფსევდონიმით ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა "თავისუფლების" ქართულ რედაქციას. იყო ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი. 1953 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე პერიოდულად გამოსცემდა პარტიის ჟურნალებს "მესმე დასსა" და "მებრძოლ საქართველოს". 1984 წელს მიუნხენში გამოსცა რადიოდოკუმენტაციის სქელტანიანი კრებული სახელწოდებით "პატარა ოქროს ხანა" – ასე უწოდებს ავტორი 1918-1921 წლების საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდს. კრებულში გამოქვეყნებულია მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, განხილულია ამ პერიოდისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები, დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, აქვე იბეჭდება აუდიოფირზე ჩაწერილი ინტერვიუები ცნობილ ემიგრანტებთან: გენერალ კვინიტაძესთან, პავლე სარჯველაძესთან, რევაზ გაბაშვილთან, ნიკო ურუშაძესთან...

კარლო ინასარიძეს არასოდეს დაუკარგავს სამშობლოში დაბრუნების იმედი და მთელი სიცოცხლე ქართული საქმის კეთებას შესწირა. ის მუდმივად ცდილობდა საქართველოსთვის სასარგებლო საქმე ეკეთებინა. არის არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, პუბლიკაციისა და რადიოგადაცემის ავტორი, რომელთა მთავარი თემა საქართველო და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები იყო. ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ემიგრაციულ ჟურნალ "თანამემამულის" დაარსებაში. მისი თაოსნობით და მხარდაჭერით თბილისში ჩამოიტანეს პარიზის შადრევანი ე. წ. "ვალასის წყარო", რომელიც დღეს თბილისში ერეკლეს მოედანს ამშევნებს. საკუთარი სოფლის, კუშუბაურის, გაუქმებული ეკლესიისათვის მან გამოაგზავნა გერმანიაში ჩამოსხმული დიდი ზარი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს კი საჩუქრად გადასცა როდენის "მოაზროვნის" პარიზში ჩამოსხმული ასლი.

კარლო ინასარიძე საკმაოდ გვიან  დაოჯახდა. ცოლად გერმანელი ქალი შეირთო, რომელთანაც ორი ქალიშვილი – ეთერი და თამარი ეყოლა. 1968 წელს მეუღლე მოულოდნელად გარდაეცვალა. ობლად დარჩენილი გოგონები მარტომ აღზარდა და საქართველოს სიყვარული ჩაუნერგა. 1988 წელს კარლო ინასარიძე პარიზში დაბადებილ ქართველ ქალზე, თინა პატარიძეზე დაქორწინდა და მისის სახით ნამდვილი მეგობარი და თანამოაზრე შეიძინა. 1996 წლის ოქტომბერში, თითქმის სამოცწლიანი განშორების შემდეგ, მეუღლესთან ერთად სამშობლოს ეწვია, მოინახულა მშობლიური სოფელი, რამდენიმე დღე დარჩა ქუთაისში და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა გერმანიაში.

კარლო ინასარიძე ემიგრანტ ქართველთა შორის ერთ–ერთი მრავალმხრივი და აქტიური მოღვაწეთაგანია. იგი ოჯახთან ერთად მიუნხენში ცხოვრობდა, მაგრამ ამავე დროს იყო საფრანგეთში ლევილის მამულში ქართველი ემიგრანტების არქივის შემგროვებელი, დამცველი და მოამაგე, ხელმძღვანელობდა ლევილის უმდიდრეს ბიბლიოთეკას. სწორედ მისი ანდერძის თანახმად გადმოეცა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს არქივი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ კარლო ინასარიძის პირად არქივს, არამედ ევროპაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წლობით ნაგროვებ მასალას, რაც დიდი ძალისხმევითა და რუდუნებით არის თავმოყრილი. არქივში დაცულია უმდიდრესი და უნიკალური ფოტოები, კორესპოდენცია, ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი პერიოდული გამოცემები და წიგნები საქართველოს შესახებ.

საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, ნაყოფიერი საქველმოქმედო მოღვაწეობისა და საეკლესიო მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის კარლო ინასარიძეს 1996 წელს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

გარდაიცვალა 2007 წლის 24 ივლისს, 88 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.


გააზიარე: