The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ ინასარიძე

ნიკოლოზ ინასარიძე
ოფიციალური სახელი:Nikoloz Inasaridze
სხვა სახელი:ნიკო  (შემოკლებული ფორმა)
ინდო ინასარი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1895
გარდაცვ. თარიღი:1952  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთში 1895 წლის 20 აპრილს დაიბადა მწერალი ნიკოლოზ ინასარიძე (ინდო ინასარი). ახალციხის გიმნაზიაში საშუალო განათლების მიღების შემდეგ სამხედრო სამსახურში შევიდა (1917-1921 წწ.). 1918-1919 წლებში მონაწილეობდა საქართველო–სომხეთის ომში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის ბოლოს, ბოლშევიკებმა ნიკო ინასარიძე, ქართული გვარდიის წევრობის გამო, როგორც "საშიში პიროვნება" დააპატიმრეს და ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასვეს. განთავისუფლების შემდეგ იგი ხდება პროლეტარულ მწერალთა კავშირის წევრი და შემდეგ მისი მდივანი, სადაც 1924 წლამდე მოღვაწეობს. ამავე წელს დაიბეჭდა მისი პირველი ნაწარმოები, პოემა "ქარი" (ტფილისი, "პროლეტკულტი" 1924), რომელმაც ქართველი მწერლების, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის, მოწონება დაიმსახურა. 1924 წელს ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის რეკომენდაციით, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა, ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩარიცხულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტზე შეიკრიბა საერთო ფილოსოფიურ-მორალური და ეროვნული შეხედულებების მქონე სტუდენტთა ჯგუფი (ნ. ინასარიძე, შ. ჩხაიძე, ვ. ჩოგოვაძე, ვ. ბიბილაშვილი, ა. გვენცაძე, ს. გვენცაძე, ი. სალარიძე, ფ. ნაროუშვილი, დ. გონაშვილი და სხვ.), რომელიც მალე ჩამოყალიბდა ორგანიზაციად – "ადამიანოსანი". ორგანიზაციის კონცეფციის პრინციპები ნიკო ინასარიძის მიერ იყო შემუშავებული.

1929 წელს ნიკო ინასარიძემ წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი, თუმცა სამშობლოში მოღვაწეობის საშუალება არ მიეცა. ამის მიზეზი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დახასიათება იყო, რომლის მიხედვითაც ის "ქვეყნისათვის არასასურველ და საშიშ პიროვნებად", "ადამიანოსანი" კი არსებული საზოგადოებრივი წყობილების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზაციად იქნა მიჩნეული. 

1929 წლის შემოდგომაზე ნიკო ინასარიძე იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილილიყო. მეუღლესთან – ნინო ინასარიძესთან და თერთმეტკაციან ჯგუფთან ერთად სამცხე–ჯავახეთიდან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და თურქეთში გადავიდა. აქედან იწყება ინასარიძეების ოჯახის მძიმე ემიგრანტული ცხოვრება. ცხრა თვე კონსტანტინოპოლში, ქართულ მონასტერში გაატარეს, რომელსაც მამა პიო ბალიძე პატრონობდა. 1930 წლის ზაფხულში კი საფრანგეთში გაემგზავრნენ – ჯერ მარსელში, შემდეგ პარიზში.

პარიზში ნიკო ინასარიძემ დაარსა გაზეთი "ადამიანოსანი" (გაზეთი 20-იანი წლების დასაწყისში მისივე რედაქტორობით თბილისში გამოდიოდა). 1937 წელს კი გამოსცა გაზეთი "მუზარადი", რომელიც ფაქტიურად "ადამიანოსანის" გაგრძელებას წარმოადგენდა. უსახსრობის გამო ეს გამოცემები მალევე შეწყდა.

1932 წელს ინასარიძეებს ვაჟიშვილი შეეძინათ, რომელსაც პოეტმა გიორგი ყიფიანმა სახელად "ხვედრი" დაარქვა, იმის გამო რომ მას ბედმა უცხოეთში დაბადება არგუნა.

1936 წელს, პარიზში, ქართულ ენაზე გამოიცა ნიკო ინასარიძის რომანი "ჩრდილი ერთი სინამდვილისა" (L'ombre d'une verite). წიგნში მხილებული იყო ის საშინელი უსამართლობა და სისასტიკე, რომელიც საბჭოთა კავშირში, კერძოდ საქართველოში სუფევდა. მომდევნო წლებში ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა მისი ნაწარმოები "ეროვნული თანასწორობა და უნაყოფო ყვავილი" (L'equite nationale et la fleur sterile). ქართულ ენაზე დაწერილი ფსიქოლოგიური რომანი "სულის მათხოვარი" (Le mendiantde l'ame) (ეპიზოდები ფრანგულადაც იყო ნათარგმნი) უსახსრობის გამო არ გამოქვეყნებულა.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირის მთავრობამ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. ინდო ინასარის სამშობლოში დაბრუნებას ემიგრაციაში მცხოვრები მწერლის მეგობრები საშიშ ნაბიჯად თვლიდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ. მათ აზრს კარგად გამოხატავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, ინდო ინასარის მეგობრის, ალექსანდრე სულხანიშვილის სიტყვები, რომელიც პარიზიდან გაცილებისას უთხრა: "ტყუილა ენდობი ბოლშევიკებს, მხოლოდ სამარე გაასწორებს მათ და რახან მაინც მიდიხარ, წმინდანი კაცი ხარ და ჩვენ ამბორს შენგან მიიღებს მშობლიური მიწა".

1947 წლის აგვისტოში თბომავალმა "როსიამ" სამშობლოში ჩამოიყვანა ქართველ ემიგრანტთა მოზრდილი ჯგუფი (55 კაცი), მათ შორის ინდო ინასარი ცოლ–შვილით.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1948 წელს კინოსტუდიის დაკვეთით ინდო ინასარმა დაწერა სცენარი "უცნაური ბედი". სცენარი წარმოებაში მიუღიათ, მაგრამ შემდეგ მუშაობა რატომღაც შეუნელებიათ და გადაღებები ბოლომდე აღარ მიუყვანიათ. 1950 წელს ნიკოლოზ ინასარიძემ გამოაქვეყნა რომანი "დრამა წითელ მდინარეზე", რომელიც საფრანგეთ–ვიეტნამის ომის ფონზე იყო გაშლილი და მოქმედი პირებიც ცხადია ფრანგები იყვნენ. მკითხველმა წიგნი კარგად მიიღო და საჯარო განხილვებიც მოეწყო. მოგვიანებით გამოაქვეყნა რამდენიმე საბავშვო მოთხრობა. 1951 წელს დაწერილი წიგნი – "მშვენიერი ქუჩა" – არ გამოქვეყნებულა. სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნებულ მწერალს გულისხმიერებით ვერ შეხვდა იმდროინდელი ხელისუფლება და ვერც მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობა.

1951 წლის 26 დეკემბერს ნიკოლოზ ინასარიძე ოჯახით, სხვა ათასობით ქართველთან ერთად, ყაზახეთის უდაბნოში გადაასახლეს. 1952 წლის მარტში იგი თბილისში, მარტო დააბრუნეს, ვითომ მისი საქმის განხილვაზე დასასწრებლად. ერთი თვის შემდეგ, გადასახლებაში მყოფ მეუღლეს და შვილს გამოუცხადეს რომ ნიკოლოზ ინასარიძემ თავი მოიკლა. სინამდვილეში, როგორც ირკვევა, დაიღუპა ქართველი ჩეკისტების მიერ წამების დროს. მწერლის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

1954 წელს ნიკოლოზ ინასარიძე, ოჯახის წევრებით, რეაბილიტირებული იქნა.

ინდო ინასარს საკმაოდ მრავალფეროვანი ლიტერატურული მემკვიდრეობა დარჩა. მისი ცხოვრებისა და დოკუმენტების ნაწილი დაცულია საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალურ სახელმწიფო არქივში.

ნიკო ინასარიძის ვაჟი, ხვედრი ინასარიძე საქართველოში ალგებრული სკოლის ფუძემდებელი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტია. მწერლის შვილიშვილი და მოსახელე ნიკო ინასარიძე – მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო:

1. კვერენჩხილაძე, რევაზმწარე ხვედრი // წამების გზა : დევნა, გადასახლება, დახვრეტა : ტ.1 / რევაზ კვერენჩხილაძე. - თბილისი, 2014. - ISBN 978-9941-22-266-5. - გვ.38-44.


გააზიარე: