The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ ყიფიანი

ნიკოლოზ ყიფიანი
სხვა სახელი:გლეხი  (ფსევდონიმი)
ივან ივანოვიჩ ივანოვი  (ფსევდონიმი)
ივან მარტინოვი  (ფსევდონიმი)
ნ. დიმიტრიძე  (ფსევდონიმი)
ჟან მარტენი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1905  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბრიუსელი, ბელგია
კატეგორია:პუბლიცისტი

ბიოგრაფია

ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟი ნიკოლოზ ყიფიანი ქვიშხეთში დაიბადა. დედა – ნინო ჭილაშვილი პეტერბურგში იზრდებოდა იმერეთის უკანასკნელი დედოფლის, სოლომონ II მეუღლის, მარიამ კაცია დადიანის ასულის მზრუნველობით. ნინომ შესანიშნავი განათლება მიიღო, სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი დაამთავრა, სრულყოფილად ფლობდა ფრანგულ ენას, უკრავდა ფორტეპიანოზე და მწერლობაშიც საფუძვლიანად ერკვეოდა. რუსულ ყაიდაზე აღზრდილ ქალს, რომელსაც ქართული არ ეხერხებოდა, დიმიტრიმ თვითონ ასწავლა მშობლიური ენა და ქართულ ტკივილსა და საწუხარს აზიარა. ნინო აქტიურად იყო ჩართული ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, იყო "ტფილისის მუსიკალური საზოგადოების" დამფუძნებელი და წმ. ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი.

ყიფიანების ოჯახი თბილისური არისტოკრატიის შუაგულში ტრიალებდა. შვილის სწავლა–განათლებასაც თავიდანვე მყარი საფუძველი ჩაუყარეს. ნიკო პატარაობიდანვე სწავლობდა უცხო ენებს, ხატვას, ცეკვას, ფორტეპიანოზე დაკვრას, ბრწყინვალედ შეისწავლა მშობლიური ენაც. ბავშვობიდანვე დააფიქრა სამშობლოს ტრაგიკულმა ბედმა და იმჟამინდელმა უუფლებო მდგომარეობამ. ყმაწვლის ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს ქართველმა სამოციანელებმა, რამაც განსაზღვრა კიდეც მისის შემდგომი მოღვაწეობა.

1862 წელს ნიკო ძმასთან, კოტესთან (შემდგომში ცნობილი მსახიობი) ერთად დავით ყიფიანის პანსიონში მიაბარეს. დავითი ახალი დაბრუნებული იყო პეტერბურგიდან კანდიდატის დიპლომითა და პროგრესული იდეებით. აქ გაეცნო ნიკო ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვის იდეოლოგიას, შილერის, ჰიუგოს ნაწარმოებებს, გაიტაცა ტურგენევმა, ჩაუღრმავდა ქართველ მწერალთა შემოქმედებას. ჭაბუკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ დროს გამომავალ ჟურნალ–გაზეთებს, რადგან ესმოდა მათი როლი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება–გაღრმავებაში. ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა 16 წლის ასაკში "საქართველოს მოამბის" დამფუძნებელთა შორის და მამის ნაწერებს კორექტირებასაც კი უკეთებდა. 

1864 წლის ზაფხულში ნიკო ყიფიანი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგს გაემგზავრა, მაგრამ დავით ყიფიანის პანსიონში სწავლა მას სათანადო ცენზად არ ჩაუთვალეს და ამიტომ ერთდროულად დაიწყო მომზადება გიმნაზიის ატესტატის ასაღებად და უნივერსიტეტში შესასვლელად. თბილისის გიმნაზია 1865 წელს დაამთავრა. 1865-1869 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და იქაურ ქართველ სტუდენტთა კულტურული თუ არალეგალური პოლიტიკური საქმიანობის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო. 1866 წელს პირველმა თარგმნა ფრანგულიდან "მარსელიოზა". 1868 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1869 წელს მეფის მთვარობის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ჩამოართვეს სწავლის გაგრძელების უფლება, პოლიციის ზედამხედველობას დაუქვემდებარეს და ადმინისტრაციული წესით დააბრუნეს სამშობლოში.

1869 -1871 წლებში ძირითადად ქვიშხეთში ცხოვრობდა, აქ ყოფნის პერიოდში უფასო სახალხო სასწავლებელი გახსნა და გლეხის შვილებს წერა–კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა. მამის დაჟინებული თხოვნით რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა. 1870 წლიდან ქუთაისში ეწეოდა სავექილო საქმიანობას, 1871 წელს კერძო ადვოკატობის ნება დართეს. 1883-1890 წლებში სასამართლო უწყებაში მსახურობდა: "Поверенный по судебным делам Кутаисского судебного округа в г. Батуме".

ნიკოლოზ ყიფიანი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში ("დროება', ივერია". "კვალი"...). აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, კრიტიკულ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ წერილებს. 70-იანი წლებიდან მოყოლებული, არ ყოფილა საქართველოში ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი ნიკო რომ არ შეხებოდა – იქნებოდა ეს ახალგაზრდების სწავლა–განათლება, ფერეიდნელი ქართველების ბედი თუ ხელოვნებისა და ლიტერატურის საკითხები. იგი ერთი პირველთაგანია, ვინც საფუძვლიანად გაარჩია გრ. ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, გიორგი წერეთლის ცალკეული ნაწარმოებები. ერთ–ერთმა პირველმა დაიწყო ხალხური ნაწარმოებების გამოცემაც. 1872 წელს წიგნად გამოსცა "არსენას ლექსი" და მენახირის ნაამბობი პოემიდან "კაკო", რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში სახალხო წიგნების გამოცემას. იმავე წელს გამოაქვეყნა "ქართული პოეზიის ნიმუშები და იმათი გარჩევა" ("კრებული", 1872, N7).

1875 წელს ნიკო დაქორწინდა ანასტასია მიხეილის ასულ ერისთავზე. ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, მათი მამები უახლოესი მეგობრები იყვნენ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო, ცოლ–ქმარი იმედით შეჰყურებდა მომავალს, მაგრამ ეკონომიურმა სიძნელეებმა და მასთან დაკავშირებულმა უთანხმოებამ მეუღლეები თანდათან გათიშა, რაც 1883 წელს ოჯახის დანგრევით დამთავრდა. ამ დროისთვის მათ უკვე ოთხი შვილი ჰყავდათ – ვაჟი დედასთან დარჩა, ქალიშვილები კი მამასთან იზრდებოდნენ. 

1887 წელს ყიფიანების ოჯახს თავს დატეხილმა უბედურებამ, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ, ნიკო ნევროგენული დიაბეტით დააავადა. 1890 წლის ივნისში იგი სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიასა და შვეიცარიაში, 1895 წლიდან ბელგიაში დამკვიდრდა. მოღვაწეობდა ჟან მარტენის, ზოგჯერ ივან მარტინოვის სახელით, იყო ბრიუსელისა და მოსოს უნივერსიტეტების პროფესორი, ბრიუსელის უნივერსიტეტში განაგებდა რუსული სიტყვიერების კათედრას, მოგვიანებით კი იქვე პოლიგლოტთა კათედრაც დაარსა. კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, ითვლება ლევ ტოლსტოის ნაწარმოებების ერთ–ერთ პირველ პოპულარიზატორად საზღვარგარეთ.

უცხოეთში მყოფ ნიკო ყიფიანს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია, ქართულ გაზეთებს უგზავნიდა სტატიებსა და მოგონებებს. ამავდროულად ქართულ კულტურას დიდ პროპაგანდას უწევდა ევროპაში, აქვეყნებდა ნაშრომებს ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე. პერიოდულ გამოცემებში ბეჭდავდა სტატიებს საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ფოლკლორის შესახებ. 1905 წელს ბრიუსელში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი "საქართველო და მისი წარსულის ორი დიდი მანდილოსანი". წიგნი შედგებოდა ოთხი განყოფილებისაგან: "ქართველი ხალხი", "თამარ მეფე", "დედოფალი ქეთევანი" და "საქართველო – ერი, ქვეყანა". 1902 წელს ნიკო ყიფიანი ბრიუსელიდან სწერს ანტონ ფურცელაძეს: "სულითა და გულით ქართველი ვარ, დავრჩი ქართველი, თუმცა გადმომტყორცნა ბედმა რატომღაც საქართველოდან ცხრა მთას აქეთა... რა დამავიწყებს ჩვენს საქართველოს, ჩვენს რუსთაველს ან ბარათაშვილს..."

ნიკოლოზ ყიფიანმა ბელგიაში დაარსა ფემინისტური საზოგადოებები, რომელთაც თვითონ ხელმძღვანელობდა. აი რას წერდა "ცნობის ფურცელი" ამის შესახებ: "განა გასაკვირი არ არის, რომ ბელგიის მთავარ ქალაქში, სადაც სწავლულნიც და განათლებულებიც  უხვად მოიპოვებიან, ერთ გადმოვარდნილ ქართველს წილად ხვდა დაეფუძნებინა ქალთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლი საზოგადოებანი, როგორიცაა "ქალთა უფლებათა ლიგა" და "ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების საზოგადოება". ფემინისტურ საზოგადოებებში წაკითხული ლექციების თემატიკა ცხადყოფდა, რომ ნიკო ყიფიანს საფუძვლიანად შეუსწავლია ინდოეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ბელგიის, საქართველოს, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ქალთა სოციალური მდგომარეობა, მათი უუფლებობა და სიბეჩავე. სხვადასხვა ქვეყნის ისტორიის ფონზე ქალთა ცხოვრების ღრმა ანალიზის საფუძველზე იგი პრინციპულად სვამდა საკითხს ქალის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და უფლებრივად მამაკაცთან მისი გათანაბრების აუცილებლობის შესახებ.

ნიკოს ბელგიაში დამკვიდრების შემდეგ შვილები მასთან გადავიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. უფროსი ქალიშვილი ელისაბედი (ვეტა) უცხოეთში არ წასულა, საქართველოში დარჩა და რუსულ ენას ასწავლიდა. შუათანა ასული ნინო, პირველი იურისტი ქალი იყო რუსეთის იმპერიაში და წარმატებით მოღვაწეობდა ამ სფეროში. ცნობილი მეცნიერი გახდა ნიკოს უმცროსი ასული ბარბარე ყიფიანი, პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი.

დაუზოგავმა შრომამ, სიდუხჭირემ, ნოსტალგიამ შეარყია ნიკო ყიფიანის ჯანმრთელობა და იგი 1905 წლის 1 მაისს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიუსელში. იქაურმა საზოგადოებამ დიდი პატივით მიაბარა უცხო მიწას. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ივან მარტინოვის გვარით მოღვაწე პროფესორი, დიდი დიმიტრი ყიფიანის ვაჟი – ნიკოლოზ ყიფიანი იყო.

წყარო: 

1. ჯოლოგუა თამაზ. დიმიტრი ყიფიანი (1830-1860 წლები). – თბ., – 2002. – გვ. 35-37.

2. მთვარელიძე მურად. ყიფიანები. – თბ., 2002. – გვ. – 27-37.

3. http://ciagi.ge/


გააზიარე: