The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ბარბარე ყიფიანი

ბარბარე ყიფიანი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1965  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბრიუსელი, ბელგია
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

მრავალი ფუნდამენტური ნაშრომის ავტორი და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი ბარბარე (ვარა) ყიფიანი ევროპაში მოღვაწე პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალია. მის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები.

დაიბადა ქუთაისში, ქართველ თავადაზნაურთა წინამძღოლის, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟის, ნიკოლოზ ყიფიანის ოჯახში. დედა – ანასტასია ერისთავი ქეთევან წამებულის პირდაპირი შთამომავალი იყო. ბარბარე ძირითადად ქვიშხეთში, პაპისეულ ოჯახში იზრდებოდა. მშობლების განქორწინების შემდეგ, ბარბარე და მისი დები მამამ ბათუმში წაიყვანა, სადაც 1883-1890 წლებში სასამართლო უწყებაში მსახურობდა: "Поверенный по судебным делам Кутаиского судебного округа в г. Батуме".

1887 წელს ყიფიანების ოჯახს თავს დატეხილმა უბედურებამ, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ, ნიკო ყიფიანი ნევროგენული დიაბეტით დააავადა. 1890 წელს იგი სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა და უკან აღარ დაბრუნებულა.

1899 წელს ბარბარე ყიფიანმა წარჩინებით დაამთვრა თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელი, სადაც სათავადაზნაურო–საადგილმამულო ბანკის ხარჯით სწავლობდა. რამდენიმე წელი ხონის წმ. მარიამის სასწავლებელში პედაგოგად იმუშავა. 1901 წელს სწავლის გასაგრძელებლად მამასთან გაემგზავრა ბელგიაში. 1902 წელს ჩაირიცხა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდშივე გამოიჩინა თავი, როგორც უაღრესად ნიჭიერმა, შრომისმოყვარე, ფართო ერუდიციის მქონე სტუდენტმა. 1904 წლის აგვისტოში ბრიუსელში შედგა ფიზიოლოგთა მეექვსე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც ორმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა – ბარბარე ყიფიანმა და რუსეთიდან პროფესორმა ივანე თარხნიშვილმა. ორივეს მოხსენებას მოწონება და ხანგრძლივი ტაში დაუმსახურებია. მათი გამოსვლით აღტაცებული რევაზ გაბაშვილი იმავე წლის "ცნობის ფურცელში" წერდა, რომ ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღოდა პროფესორ იოტეკოს, ეროვნებით პოლონელ ქალბატონს. მან ბარბარე თავის ლაბორატორიაში სამუშაოდ მიიღო და საშუალება მისცა სწავლის ფული გადაეხადა, როცა იგი საფასურის გადაუხდელობის გამო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. რევაზ გაბაშვილი გულისტკივილით აღნიშნავდა: "მგონია საჭიროა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ, სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილებს უცხოელნი პატრონობენ და თავის შინაურობამ კი მათ უარი უთხრა სტიპენდიაზე. ალბათ, ასე ესმის თავადაზნაურობას მადლის გადახდა და თავის მოვალეობა".

ბარბარე ყიფიანი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ბრიუსელის უნივერსიტეტში, იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომარჯვება) მოსწავლეთა შორის და სხვა. 1908 წლიდან ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ "Revue Psycholigique"–ის სწავლული მდივანი გახდა. მონაწილეობდა ფიზიოლოგთა და პედოლოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. მისი საინტერესო კვლევების შესახებ იწერებოდა ევროპის პრესაში, სხვადასხვა ენაზე იბეჭდებოდა მისი შრომები სტატიების, ბროშურებისა და მონოგრაფიების სახით. ბარბარე ყიფიანი, როგორც მეცნიერი ფიზიოლოგი, დაჯილდოებულია სხვადასხვა ქვეყნის სიგელებით, ვერცხლისა და ოქროს მედლებით. იყო რამდენიმე სამეცნიერო პრემიის ლაურეატი. ლექციებს კითხულობდა ბრიუსელის, ლიეჟის, პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში. წერდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. გარდა სპეციალური ფსიქოფიზიოლოგიური დისციპლინებისა, ბრიუსელის უნივერსიტეტში ქართული და რუსული სიტყვიერების კურსიც მიჰყავდა.

სადაც არ უნდა ემოღვაწა ბარბარე ყიფიანს, იგი ყოველთვის რჩებოდა თავისი დიდი წინაპრების ღირსეულ მემკვიდრედ და მთელი არსებით იყო დაკავშირებული საქართველოსთან. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, როცა რუსეთის მეფის თვითმპყრობელობა დაუნდობლად უსწორდებოდა ქართველ ხალხს, მისი ინიციატივით ბრიუსელში ჩატარებული მრვალათასიანი საპროტესტო მიტინგები მსოფლიოს პროგრესულ საზოგადოებრიობას მოუწოდებდა, რომ დაეცვათ მრავალტანჯული ქართველობა რუსეთის ვანდალიზმისაგან.

1910 წელს ბარბარე ყიფიანის თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში დაარსდა მსოფლიო ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართული სექცია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საზღვარგარეთ ქართული სულიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისათვის. საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ბარბარე ყიფიანის მიერ ფრანგულ და ქართულ ენებზე შედგენილი მიმართვა, რომელშიც იგი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს სამუზეუმო ექსპოზიციის შექმნაში: "ეს პირველათაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა ევროპას დაანახვოს თავისი გონებრივი და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი და ამ მხრით ცხადყოს, რომ ის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. ...აი, ამ წერილით მივმართავ ყველას, ვისაც კი გული შესტკივა ქართველი ერის წინსვლისა და მის წარმატებისათვის. ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოგვაწოდონ ანგარიშები, სასტატისტიკო ცნობები, წიგნები, ქართები, გრაფიკები, სურათები და სხვა ნივთები. იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება ზნეობრივსა და მატერიალურს დახმარებას აღმოგვიჩენს, რაიც რომ ასე საჭიროა ამ ახალ დაწესებულების ასაღორძინებლად".

1912 წელს, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების 25 წლისთავთან დაკავშირებით, ბარბარემ ბრიუსელიდან თბილისში შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოაგზავნა: "მუხლმოდრეკით ვამკობ დიდებული პაპაჩემის საფლავს 25 წლის განმავლობაში ნაგრძნობ მწუხარებისაგან დაწნულ თაიგულით". გარკვეული ხნის შემდეგ ბარბარე ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა. ეწოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ–კულტურულ მოღვაწეობას. ასწავლიდა ფრანგულ ენას თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ქალთა მე-5 გიმნაზიაში, იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში, მსახურობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნსაცავის გამგის, აკაკი შანიძის თანაშემწედ, იყო ქართველთა სამხედრო კავშირის, აგრეთვე საქართველოს ხელოვნებათა კავშირის წევრი. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ახალი ხელისუფლებისაგან უკიდურესად შევიწროებული, იძულებული გახდა კვლავ ბრიუსელში გახიზნულიყო, აწ უკვე სამუდამოდ.

საქართველოდან შორს მყოფ ბარბარე ყიფიანს არც ერთი წუთით არ დავიწყებია თავისი წარმომავლობა. ყოველმხრივ ცდილობდა, პოპულარიზაცია გაეწია ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისათვის, მუდმივად იღვწოდა თავი მოეყარა ევროპაში გაბნეული ქართული ხელოვნების ნიმუშებისათვის. 1940 წელს, როდესაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის ხანძარში გაეხვა, როგორც სალომე დადიანისა და მიურატების ქონების მეურვემ, მიუნხენიდან გამოიძახა ქართველოლოგი, ქართული დამწერლობისა და კულტურის მკვლევარი მიხეილ თარხნიშვილი და შესთავაზა ნაანდერძევი სახსრებით (ფულითა და ნივთებით) დაეარსებინა რომის კათოლიკური მონასტერი ქართული კულტურის ძეგლების შესანარჩუნებლად. მიხეილ თარხნიშვილს მიუღია ეს წინადადება, შეუძენია სამონასტრო შენობა და ბარბარე ყიფიანისაგან მიღებული ნივთები და დოკუმენტები იქ დაუბინავებია. ამავე მონასტერში გადმოუტანია კონსტანტინეპოლის ქართული კათოლიკური მონასტრიდან წამოღებული უნიკალური მასალები, ჩამოუყალიბებია ქართული არქივი, ქართული კათოლიკური სასულიერო სემინარია და თვითონ დამდგარა რექტორად. საერთაშორისო შეთანხმებით რომი დაცული უნდა ყოფილიყო ომებისგან. ბარბარე ყიფიანი დიდად უწყობდა ხელს ქართული კულტურისადმი ინტერესის ზრდას ევროპაში, სწორედ  მისი დამსახურებაა, რომ ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლება ევროპის უნივერსიტეტებში მიიღო. იგი გარდაიცვალა 1965 წელს ღრმად მოხუცებული, დაკრძალულია ქალაქ ბრიუსელში.

ბარბარე ყიფიანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1965 წლის 19 ივნისს (შემოსულობათა წიგნი N251).

წყარო: 

1. ჯოლოგუა თამაზ. დიმიტრი ყიფიანი (1830-1860 წლები). –თბ.,  2002. – გვ. 45-49.

2. მთვარელიძე მურად. ყიფიანები. – თბ., 2008. – გვ. 69-74.

3. http://ciagi.ge/


გააზიარე: