The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალი ბეი ალ ქაბირი

Date of birth:1728
Date of death:8 May, 1773  (at 45 years)
Burial location:მცირე კარაფას სასაფლაო, ქაირო, ეგვიპტე
Category:Political Leader, Military Person

Biography

ეგვიპტის მამლუქი მმართველი ალი ბეი ალ ქაბირი 1728 წელს აფხაზეთში, ქართველი  მართლმადიდებელი მღვდლის, დავითის ოჯახში დაიბადა. სახელად იოსები ერქვა. 1741 წელს მოიტაცეს და ეგვიპტეში ვინმე ვაჭარს, კიურდ აჰმედს მიჰყიდეს. ვაჭარმა ბიჭი აჩუქა ტომით ქართველს, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მოღვაწეს, იენიჩართა კორპუსისა და კაზდაღლის სახლის მეთაურს ქაიროში იბრაჰიმ ქათხუდას, რომელიც 1749-1754 წლებში აზაბანის კორპუსის მეთაურ რიდვან ქათხუდასთან ერთად განაგებდა ეგვიპტეს. 

ისლამის მიღების შემდეგ იოსებს ალი უწოდეს. მან თავისი პატრონის სახლში სამხედრო მომზადება გაიარა და მალევე დაწინაურდა. იბრაჰიმ ქათხუდას დახმარებით ალი „ქაშიფების“ (მაზრების გამგებლები) სამხედრო რაზმში ჩაირიცხა. 1753-54 წლებში – „ამირ ალჰაჯი“–ს ტიტული მიანიჭეს და მექაში მიმავალ პილიგრიმთა ქარავანს ხელმძღვანელობდა. მან თავი გამოიჩინა მომლოცველების დასაცავად ბედუინებთან ბრძოლაში და უკან დაბრუნებული 1755 წელს ბეი გახდა.

1754 წელს იბრაჰიმ ქათხუდა მოკლეს ოსმალეთის იმპერიის მოსყიდულმა ჯაშუშებმა. ტახტი კი გადატრიალების გზით პროოსმალურად განწყობილმა აბდარახმინმა დაიკავა. ამ დროისთვის ალი ბეი ქაიროს დივანის (მამლუქებისა და ბეგების მთავარი საბჭო) სრულუფლებიანი წევრია. იბრაჰიმ ქათხუდას გარდაცვალების შემდეგ ალი ბეი იწყებს ბრძოლას აბსოლუტური ძალაუფლების მოსაპოვებლად – მან შეიძინა მამლუქები და განამტკიცა საკუთარი სახლი. 1755 წელს სასტიკად გაუსწორდა რიდვან ქათხუდა ალ–ჯალფის და მის მომხრეებს. მისმა წარმატებებმა და ამბიციებმა შეაშფოთეს მეტოქე მამლუქი ბეიები და ალი ბეი ქაიროდან გააძევეს. 1760 წელს იგი კაზდაღლის სახლის მეთაურის აბდ არ–რაჰმან ქათხუდას დახმარებით ქაიროში დაბრუნდა და გახდა „შაიხ ალ–ბალადი“, რაც მამლუქთა ოლიგარქიაში იყო უმაღლესი რანგი, მისი მფლობელი კი ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი. 1766 წელს ალი ბეი ხელმეორედ გააძევეს ქაიროდან, მაგრამ უკან მალევე დაბრუნდა და 1767 წლის ოქტომბერში ისევ დაიკავა თავისი თანამდებობა. 

ალი ბეიმ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქვეყანაში სამართლიანობა დაამყარა, პროვინციები ავაზაკებისგან გაწმინდა, კორუმპირებული ბიუროკრატიისა და სასულიერო არისტოკრატიის თავნებობა აღკვეთა, მოსახლეობის დიდი ნაწილი აუტანელი გადასახადებისაგან გაათავისუფლა, მომთაბარე არაბი ბედუინები უდაბნოში გადარეკა, საშინაო და საგარეო ვაჭრობის გასავითარებლად ეროვნული ფულის ერთეული მოჭრა, ქვეყნის 18 პროვინციიდან 11-ში ქართველი ბეგები დანიშნა, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა ხიჯაზი, დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა, გაანადგურა მეტოქე მამლუქი ბეიები და მათი სახლები, შექმნა უფრო ცენტრალიზებული მმართველობა. 1768-1772 წლებში ალი ბეიმ მკვეთრად შეცვალა ეგვიპტის ურთიერთობა ოსმალეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საფუძველი ჩაუყარა ეგვიპტის თანამედროვე ისტორიას. შეწყვიტა მნიშვნელოვანი ფულადი თანხების გაგზავნა სტამბოლში, ერთიორად შეამცირა ეგვიპტეში განლაგებული ოსმალური ჯარების რაოდენობა, გააძევა ოსმალო ფაშა, რომელიც მის წინააღმდეგ შეთქმულაბას გეგმავდა და უარი თქვა ახლის მიღებაზე. იყო ერთდროულად ფაშას მოვალეობის შემსრულებელი  – „კაიმმაკამი“  და „შაიხ ალ ბალადი“, ახორცილებდა უპრეცენდენტო კონტროლს ქვეყნის ფინანსურ და ადმინისტრაციულ საქმეებზე.

ალი ბეი შეეცადა 1768 წელს დაწყებული რუსეთ–ოსმალეთის ომი (1768-1774 წწ.)  თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1770 წლის ივლისში ალი ბეი ალ ქაბირმა ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სულთნის ტიტული მიიღო. ამავე წელს დაიწყო სამხედრო კამპანია სირიაში და 1771 წლის 8 ივნისს მუჰამედ ბეი აბუ აზ-ზაჰაბის  სარდლობით ეგვიპტის ლაშქარმა დაიკავა დამასკო, მაგრამ 8 დღის შემდეგ აბუ აზ-ზაჰაბმა მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე (სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების უკან ოსმალეთის ხელისუფლება იდგა), ჯარებს უკან დაახევინა, დამასკო დატოვა და ქაიროში დაბრუნდა. სარდალსა და ალი ბეის შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა და დაიძაბა. მუჰამედ ბეი აბუ აზ–ზაჰაბი ზემო ეგვიპტეში გადავიდა და ალი ბეის პოლიტიკით უკმაყოფილო მამლუქი ბეიები შემოიკრიბა. მუჰამედ ბეისა და ალი ბეის ჯარებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ქაიროს მახლობლად  ელზამატების ველზე 1772 წლის აპრილში, ამჯერადაც ალი ბეის ქართული წარმოშობის სარდალმა ისმაილ–ბეიმ უღალატა და კრიტიკულ მომენტში, თავისი ჯარის ნაწილებით, ბრძოლის ველზე მიატოვა და აბუ აზ-ზაჰაბის შეუერთდა. ალი ბეიმ გაქცევით უშველა თავს და 800 მამლუქით სირიაში თავის არაბ მოკავშირეს შეიხ ზაჰირს შეუერთდა.

პარალელურად სირიისკენ ალი ბეის წინააღმდეგ ოსმალეთის 20 ათასკაციანი არმია დაიძრა. ალი ბეისა და მის არაბ მოკაშირეს მხოლოდ 7 ათასკაციანი ჯარი ჰყავდათ. გადამწყვეტი ბრძოლა ლიბანში ქალაქ საიდას მახლობლად გაიმართა და ალი ბეის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა.

ალი ბეიმ კავშირი დაამყარა ხმელთაშუა ზღვაში მოქმედ რუსეთის ესკადრის ხელმძღვანელთან გრაფ ა. ორლოვთან, მიიღო მისგან შეიარაღება და მხარდაჭერის პირობა. ამ დახმარების იმედითა და ქაიროდან მიღებული დეზინფორმაციის საფუძველზე, რომ მოსახლეობა და მამლუქი ბეიები მხარს უჭერდნენ,  ალი ბეიმ იჩქარა და 1773 წლის აპრილში ეგვიპტეში დაბრუნდა. 1773 წლის აპრილში ნილოსის დელტის აღმოსავლეთით სალიჰიასთან  მუჰამედ ბეი აბუ აზ–ზაჰიბთან ბრძოლაში  დამარცხდა. ამ დამარცხებაში გადამწყვეტი როლი კვლავ ქართველი ბეგების ღალატმა ითამაშა. ალი ბეი ბრძოლისას მძიმედ დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და 8 მაისს ქაიროში  საკუთარ სახლში, აზბაქიას უბანში გარდაიცვალა.  მუჰამედ ბეი აბუ აზ–ზაჰაბმა ის დიდი პატივით დაკრძალა მცირე კარაფას სასაფლაოზე აშ–შაფიის მეჩეთის მახლობლად თავისი პატრონის – იბრაჰიმ ქათხუდას გვერდით.

ეგვიპტელებმა ალი ბეი ალ ქაბირს „ორი ზღვის ყაენი“ უწოდეს. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ. ალი ბეიმ შექმნა თანამედროვე ეგვიპტის საფუძვლები და განსაზღვრა ქვეყნის დამოუკიდებლობის ის კურსი, რომლის რეალიზაცია, მამლუქთა ორგანიზაციის განადგურების შემდეგ, XIX ს–ის  I ნახევარში განახორციელა მუჰამედ ალი ფაშამ.

წყარო:

1. 100 ქართველი უცხოეთში. – თბილისი. – 2011

2. ქუთათელაძე ზურაბ. ქართული გენი უცხოეთში: 100 რჩეული  ბიოგრაფია. – თბილისი. – 2011

3.ქართველები უცხოეთში. წ.1. – თბილისი. – 2012

4. http://www.diaspora.gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=166&info_id=2498

5. http://ka.wikipedia.org

6. http://www.georoyal.ge/?id=314

7. http://online.tsu.edu.ge/ge/science/10293/?p=3


Share: