The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო ყიფიანი

ნინო ყიფიანი
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1920  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქვიშხეთი, საქართველო
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი ნინო (ნინუცა, ნუცა) ყიფიანი რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი იყო, რომელმაც ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. დაიბადა ქუთაისში, ცნობილი პუბლიცისტის, გამომცემლისა  და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ ყიფიანის ოჯახში. ნიკოლოზს და მის მეუღლეს, ანასტასია ერისთავს, სამი ქალიშვილი ჰყავდათ. დები ძირითადად ქვიშხეთში, პაპისეულ კერაზე იზრდებოდნენ. პირველდაწყებითი განათლება ნუცამ სახლში მიიღო, ხოლო შემდეგ თბილისის წმ. ნინოს სასწავლებელში მიაბარეს, სადაც ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის ხარჯით სწავლობდა. 1890–იან წლებში, ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, იგი სასწავლებლიდან გარიცხეს. პროფესიად ნინომ მამის მსგავსად იურისტობა აირჩია და ბრიუსელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ- განმათავისუფებელ მოძრაობაში, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1900–იან წლებში იგი ფედერალისტია, მოგვიანებით კი ეროვნულ–დემოკრატებს დაუახლოვდა.  

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა ნინო ყიფიანის ეროვნული და პოლიტიკური მსოფლმხედველობის საყრდენი პრინციპი იყო. ეს კარგად ჩანს 1903 წლის ივლისში ბრიუსელიდან პარიზში არჩილ ჯორჯაძისადმი გაგზავნილ ბარათში: „ნუთუ ჩვენი სურვილი [ავტონომიაზე] უფრო შორს არ მიდის? რატომ ჩვენ არა გვაქვს ნება, მოვითხოვოთ სრული დამოუკიდებლობა რუსეთისაგან? რატომ არ გვაქვს ნება, რო ჩვენი საქართველო, რომელიც ყველა სახელმწიფოებზე უძველესია და რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, იყოს თავისუფალი... რასაკვირველია, სისულელე იქნება, რო ვიზრუნოთ ჩვენი მეფეების ტახტის აღდგენაზე, მაგრამ რატომ არ უნდა ვეცადოთ, რო სრული თავისუფლება მოგვენიჭოს?.. თუ ბულგარ[ეთი], რუმ[ინეთი] და სერბ[ია], – და სხვაც, – ცხოვრობენ თავისი ისტორიული ცხოვრებით, ჩვენ რატომ ვერ ვიცხოვრებთ ასე? განა ჩვენ ამის ნიჭი არა გვაქვს?“.

ნინო ყიფიანი 1904 წლის აპრილის ჟენევის ინტერპარტიული კონფერენციის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო. მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა გამოთქვამს ვარაუდს, რომ კონფერენციაზე „ტეზრელის“ ფსევდონიმით წარდგენილი მოხსენება სწორედ მას უნდა ეკუთვნოდეს. მომხსენებელი, რომელიც კონფერენციაზე ვერ ჩავიდა, მკვეთრად დაუპირისპირდა „ავტონომისტებს“ და ასაბუთებდა საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის აუცილებლობას. იგი კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდებდა შეექმნათ სარევოლუციო კომიტეტი, რომლის მიზანი იქნებოდა  საქართველოს მომზადება  პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად, სტრატეგიული გეგმის ფარგლებში კი რუსეთის იმპერიის სხვა ერებთან, განსაკუთრებით კავკასიის ხალხებთან დაკავშირება. 1904 წელს ნინო ბრიუსელიდან პარიზში სწერს გიორგი დეკანოზიშვილს: „იმედს ნუ დავკარგავთ, რომ ამ მოკლე ხანში შეგვეძლება დაბრუნება განთავისუფლებულ ქვეყანაში“.

1907 წელს მეფის მთავრობამ ნინო ყიფიანს რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა და თბილისის გენერალ–გუბერნატორის საგანგებო განკარგულებით საზღვარგარეთ წასვლა აიძულა. ნინო ჯერ ბელგიაში ჩავიდა მამასთან, შემდეგ კი იტალიაში (რომში) გაემგზავრა, სადაც მუშაობდა რეფერანტად ბელგიის საელჩოს წარმომადგენლობაში.

ნინო ყიფიანს ახლო ურთიერთობა და ინტენსიური მიმოწერა ჰქონდა ბევრ ცნობილ საზოგადო თუ პოლიტიკურ მოღვაწესთან.  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მისი წერილების ადრესატები არიან: ნიკო ნიკოლაძე, ეკატერინე და რევაზ გაბაშვილები, კიტა აბაშიძე, არჩილ ჯორჯაძე, ანდრია და გიორგი დეკანოზიშვილები და სხვ. სხვადასხვა ევროპულ ენებზე დაწერილი მისი ბარათები შეიცავს საინტერესო მასალას მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის  საქართველოს პოლიტიკური და საზოგადოებრივ–კულტურული ცხოვრების შესახებ.

ნინო ყიფიანი თავის სახელოვან წინაპართა ღირსეული მემკვიდრეა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იგი იყო იტალიის ტერიტორიაზე ჩარჩენილ ქართველ სამხედრო ტყვეთა გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების ერთ–ერთი ორგანიზატორთაგანი. მას ეკუთვნის წერილები ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტთა მოგონებებში ხშირად გვხვდება მისი სახელი. „თუ „თეთრ გიორგის“ ჩვენს წარსულში თავისი წინაპრები ჰყავს, ნინო ყიფიანიც იმათში უნდა ჩაირიცხოსო“, – წერდა შალვა ამირეჯიბი. 1919 წელს, რომში ცხოვრების დროს, ნინოს განზრახული ჰქონდა იტალიურ-ქართული და ქართულ-იტალიური ლექსიკონების შედგენა და ქართული ლიტერატურული თხზულებების  თარგმნა უცხო ენებზე, მაგრამ არ დასცალდა.

1920-იანი წლების დასაწყისში ნინო ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა. ჯერ თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ კი ტუბერკულოზით მძიმედ დაავადებულმა სიცოცხლის ბოლო დღეების გატარება პაპისეულ სახლში მოისურვა და ქვიშხეთში გაემგზავრა. მალე გარდაიცვალა კიდეც და იქვე მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის გალავანში დაკრძალეს. თან ახლდა მცირეწლოვანი ქალიშვილი ჯულიეტა (ჯოია), რომელიც დედის  გარდაცვალების შემდეგ მამამ იტალიაში წაიყვანა. ემიგრაციაში, ბელგიაში, დაასრულა სიცოცხლე ნინოს მამამ ნიკოლოზ ყიფიანმა (1905). იქვე მოღვაწეობდა მისი უმცროსი დაც, პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი ბარბარე ყიფიანი (1879–1965).

წყარო: 

1. ჯოლოგუა თამაზ. დიმიტრი ყიფიანი (1830-1860 წლები). - თბ., 2002.- გვ. 42–45.

2. მთვარელიძე მურად. ყიფიანები . - თბ., 2008.– გვ. 75–80.  

3. http://www.gendermediator.org.ge/


გააზიარე: