The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსი წერეთელი

ალექსი წერეთელი
დაბადების თარიღი:1848
გარდაცვ. თარიღი:1883  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:რუსეთი
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

მეფის რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი ალექსი ნიკოლოზის ძე წერეთელი 1848 წელს დაიბადა პენზის გუბერნიაში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ ლოზანაში სწავლობდა. 1865 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მისი სტუდენტობის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მეფის რუსეთი განსაკუთრებულად დაინტერესდა სლავთა საკითხით, კერძოდ სამხრეთ სლავთა მდგომარეობით, რომლებიც ჯერ კიდევ თურქეთის მიერ იყვნენ დაპყრობილები.

ალექსი წერეთელი  სტუდენტობიდანვე დაინტერესდა სლავთა საქმეებით, გულმოდგინედ სწავლობდა სლავურ კილოკავებს და  სლავური სამართლის წყაროებს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე  იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და უშუალოდ გაეცნო სლავთა მდგომარეობას. რუსეთში დაბრუნების შემდეგ  მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში და განაგებდა სამხრეთ სლავთა საქმეებს. მალე იგი ბელგრადში გადაყვანეს რუსეთის გენერალური საკონსულოს მდივნად, ხოლო 1873 წლის დამდეგს კონსტანტინოპოლში დაინიშნა რუსეთის საელჩოს მეორე მდივნად. რუსეთის ელჩი კონსატანტინოპოლში ამ დროს იყო გრაფი ნ. იგნატიევი. ალექსი წერეთლის, როგორც საელჩოს მდივნის ხელში გადიოდა საელჩოში ბულგარეთიდან შემოსული მთელი კორესპონდენცია, რომლიდანაც ცხადი იყო, რომ ბულგარელები სულ მალე დაიწყებდნენ ეროვნულ–განმათავისუფელებელი ომს.

1876 წლის აპრილის ბოლოს ბუგლგარელები აჯანყდენენ. მათი თავდადების მიუხედავად ოსმალეთის იმპერიამ აჯანყება სისხლში ჩაახშო, რასაც უსასტიკესი რეპრესიები მოჰყვა. ასეთ გართულებულ მდგომარეობაში დაინიშნა  28 წლის ალექსი წერეთელი რუსეთის ვიცე–კონსულად ბულგარეთში. იგი 1876 წლის 5 ივნისს ჩავიდა პლოვდივში და ამ დროიდან მოყოლებული მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით იცავდა ბულგარელი ხალხი ინტერესებს. იგი შედიოდა თურქების მიერ ბულგარეთში ჩადენილ ბოროტმოქმედებათა საკვლევ კომისიაში. ბულგარეთში არსებული მდგომარეობის შესასწავლად  პლოვდივიდან გაემგზავრა და პირადად ინახულა ბულგარელებით დასახლებული სოფლები. მდგომარეობა უმძიმესი იყო, ბულგარელები  ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე იდგნენ – სადამსჯელო ექსპედიციებს გადარჩენილებს შიმშილით სიკვდილი ელოდათ. ამიტომაც ალექსი წერეთელი ჯერ ნ. იგნატიევისგან, ხოლო შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვდა თანხებს მოსახლეობის გადასარჩენად. მან ბულგარეთში დაარსა უცხოელთა საქველმოქმედო საზოგადოება, რომელშიც ჩაებნენ რიგი დასავლეთის სახელმწიფოების კონსულები. საქველმოქმედო საზოგადოების ძალისხმევით დაარსდა თავშესაფარი ასი ქვრივისა და ობლისათვის. ალექსი წერეთლის მიერ შეგროვებული ცნობებით მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა ბულგარეთში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და თურქთა ბარბაროსობა. იგი იყო ბულგარეთის ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრე და თავგამოდებული დამცველი. 1876 წელს ამერიკელ დიპლომატთან ევგენი შუილერთან ერთად დაამუშავა პროექტი ბულგარეთის ავტონიმიისათვის და წარადგინა სტამბოლის კონფერენციაზე.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები თურქეთიდან გაიწვიეს. რუსეთში დაბრუნებისთანავე ალექსი წერეთელი მოხალისედ შევიდა მოქმედ არმიაში და მონაწილეობა მიიღო დუნაიზე გადასვლის დროს მომხდარ ბრძოლებში. ბალკანეთის ლაშქრობის პირველივე დღეებიდან იგი წერდა დღიურს, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა სათაურით: „წერილები ლაშქრობიდან. რუმინეთი–ტირნოვო; ბალკანეთის ლაშქრობა“. ალექსი წერეთელმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ტირნოვოს განთავისუფლებისა და ტელიშთან ბრძოლაში. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდა და 1878 წლის 24 აგვისტოს გენერალურ კონსულად დაინიშნა ფილიპოპოლში. 1878 წლის ბერლინის კონგრესის შემდეგ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღმოსავლეთ რუმელიის კონსტიტუციის შემუშავებაში, რამაც მას დიდი სახელი და ნდობა მოუპოვა ადგილობრივ მოსახლეობაში.

1882 წელს მძიმე ავადმყოფობის გამო ალექსი წერეთელმა დატოვა რუსეთის გენერალური კონსულის პოსტი აღმოსავლეთ რუმელიაში და რუსეთში დაბრუნდა. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები თავის მამულში სოფელ ლაპიაგში, ტამბოვის გუბერნიაში გაატარა, სადაც 1883 წლის 16 მაისს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ისტორიჩესკი ვესტნიკმა“ გამოაქვეყნა ალექსი წერეთლის ნეკროლოგი, სადაც ნათვამი იყო: „გარდაიცვალა ჩვენი პერიოდის უშესანიშნავესი მოღვაწე, რომლის უდროო სიკვდილმა უზომო მწუხარება გამოიწვია მთელს ბულგარეთში“.    ბულგარეთის განთავისუფლების შემდეგ ალექსი წერეთლის საპატივცემულოდ ბულგარეთში ერთ–ერთ სოფელს დაერქვა „წერეთელოვო“.

წყარო: 

  1. გვინჩიძე ოთარ. ალექსი წერეთელი რუსეთის გენერალური კონსული ბულგარეთში. თბილისი. – 1962.
  2. ქუთათელაძე ვახტანგ. ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში: 100 რჩეული ბიოგრაფია. – თბილისი. – 2011

გააზიარე: