The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსი წერეთელი

ალექსი წერეთელი
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1942  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ–უანის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

აკაკი წერეთლისა და ნატალია პეტრეს ასულ  ბაზილევსკაიას ერთადერთი ვაჟი, ალექსი (ლიოლია) წერეთელი სოფელ სხვიტორში  დაიბადა. აკაკის მეუღლე ოქროს მადნების რუსი მაგნატის პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი გახლდათ  და თავის დროზე დიდ სიმდიდრეს ფლობდა, მაგრამ მამის სიკვდილის შემდეგ მათი ქონება ბიძამ მიითვისა. ნატალია პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში იყო აღზრდილი. ცხადია  მას გაუჭირდა სოფლად ცხოვრება, მიატოვა სხვიტორი და შვილთან ერთად პეტერბურგს მიაშურა. ალექსი რუსეთში აღიზარდა. პეტერბურგში მიიღო საშუალო და უმაღლესი საინჟინრო განათლება, მაგრამ ისე დიდი იყო თეატრალური ხელოვნებით მისი დაინტერესება, რომ  მთელი თავისი ცხოვრება ოპერას დაუკავშირა.                                                    

ქართველები ალექსი წერეთელს მეტწილად პეტერბურგში მელიტონ ბალანჩივაძის ოჯახში ეცნობოდნენ და მაშინვე დიდი სიყვარულით უწყებდნენ საუბარს მამაზე, მის ღვთაებრივ პოეზიაზე. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რომ აკაკი წერეთლის შვილმა ქართული თითქმის არ იცოდა და, ცხადია, არც ჰქონდა ბედნიერება წაეკითხა და ეგრძნო მამის პოეზიის ხიბლი და ელვარება. თუმცა, როგორც საქართველოში გამოგზავნილი წერილებიდან ჩანს ქართული კულტურითა და  მამის შემოქმედებითაც  დაინტერესებული იყო, – „გმადლობთ სასიამოვნო ცნობისათვის ძვირფას და დაუვიწყარ მამაჩემზე და გაზეთის ამონაჭრებზე,“ – წერდა იგი ელენე მაჩაბელს. შემდეგ კი სთხოვდა, – „ბედნიერი ვიქნები, თუ მექნება მამაჩემის თხზულებები. გამიხარდება თუ იმასაც გამომიგზავნით“.                                                                   

ალექსი წერეთელი შესანიშნავად ერკვეოდა რუსულ და ევროპულ ხელოვნებაში, ითვლებოდა თეატრისა და მუსიკალური ხელოვნების ერთ-ერთ უნიჭიერეს შემფასებლად, თვითონვე დგამდა ოპერებს და ეწეოდა ანტრეპრენიორულ საქმიანობას. მისი გატაცება მუსიკალურ-თეატრალური ანტრეპრიზით მოითხოვდა სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში გამუდმებულ მოგზაურობას, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. დედა-შვილი ხან პეტერბურგში ცხოვრობდა, ხან ხარკოვში, თბილისში, კიევსა და რუსეთის იმპერიის მაშინდელ სხვა ქალაქებში, ხან კი საზღვარგარეთ – პარიზი, ბერლინი, მილანი და სხვა.                                           

1896-97 წლებში ალექსი წერეთელმა ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლებით მოიარა რუსეთის იმპერიის დიდი ქალაქები, ოდესა, მოსკოვი  და წარმატების მწვერვალს პეტერბურგში, 1904-06 წლების სეზონზე მიაღწია. მის სპექტაკლში მონაწილეობდნენ  რუსეთისა და საზღვარგარეთის საუკეთესო მომღერლები. წერეთელს განსაკუთრებით ხელეწიფებოდა ახალი ტალანტების აღმოჩენა. მან გამოიყვანა დიდ გზაზე რამდენიმე მომავალში ცნობილი საოპერო მომღერალი: ნატალია ერმოლენკო–იუჟინა, მარია კუზნეცოვა, დირიჟორი ემილ კუპერი და მრავალი სხვა.

 1902 წელს, როდესაც თბილისის საოპერო თეატრი რემონტის გამო დახურეს, ანტრეპრენიორმა ალექსი წერეთელმა ხარკოვის რუსული საოპერო დასი ჩამოიყვანა და ბილეთებსაც ხელმისაწვდომი ფასი დაადო. ალექსიმ ორი სრული სეზონი გაატარა თბილისში და საზოგადოების ყურადღება არ მოკლებია. აკაკის შვილის მოღვაწეობის მკვლევარ ნონა თევდორაძის აზრით, – „არ არის გამორიცხული, რომ პიროვნება, რომელმაც მიხეილ ნანობაშვილი, შემდგომში „მიშელ დარიალის“ სახელით ცნობილი, პარიზის „გრანდ ოპერის” სოლისტი, პარიზში გაგზავნა სასწავლებლად და თვიურად ოცი თუმანი სტიპენდია დაუნიშნა – იყო ალექსი წერეთელი.“  ცნობილია, რომ თუ კი რომელიმე ახალგაზრდას სიმღერის ნიჭი აღმოაჩნდებოდა, ჩვენი თანამემამულე მისთვის არც ენერგიას და არც მატერიალურ სახსრებს არ იშურებდა. დიდი ამაგი დასდო ალექსი წერეთელმა ვანო სარაჯიშვილს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს ოლღა ბახუტაშვილ-შულგინას, ივანე ფალიაშვილს, რომელიც მიიწვია ჯერ პეტერბურგის საოპერო დასში გუნდის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ დირიჟორად ვარშავაში, რიგაში, ოდესაში, ყაზანში, თბილისსა და სხვა ქალქებში.

1913 წ. ალექსი წერეთელმა პეტერბურგში ჩაატარა ქართული დიასპორის ყველაზე დიდი საღამო. თუ როგორი გულისხმიერებითა და მზრუნველობით ეკიდებოდა ალექსი ქართულ ეროვნულ საოპერო ხელოვნებას, ნათლად ჩანს მისი წერილებიდან: „გმადლობთ ცნობისათვის ოპერის შესახებ, ძალიან მაინტერესებს დავით ანდღულაძე. რა ხმა აქვს – ტენორი თუ ბარიტონი? გამომიგზავნეთ ფოტოსურათი და რეცენზიები.“  ან კიდევ – „როგორ მღერის იაშვილი? ფალიაშვილს სურდა ჩამოსვლა, მაგრამ არ ჩანს.“ იოსებ გოგოლაშვილის ცნობით, „ალექსი წერეთელს განზრახული ჰქონდა  ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ დადგმა. შევადგინეთ კიდეც დამხმარე კომიტეტი და ვთხოვეთ ზაქარიას პარტიტურა“, მისგან მივიღეთ პასუხი – „მე თვითონ ვაპირებ პარიზში ჩამოსვლას და საჭირო მასალებს ჩამოვიტან.“  როგორც ჩანს ალექსი წერეთელი ცდილობდა ქართული ოპერა საზღვარგარეთ გაეტანა, მაგრამ დიდი კომპოზიტორის უდროო გარდაცვალებამ ხელი შეუშალა მის ჩანაფიქრს – ევროპა ზიარებოდა ქართულ საოპერო მუსიკას.  

ცხადია, ალექსი წერეთელმა ყველაზე დიდი ამაგი რუსულ საოპერო მუსიკას დასდო. 1902 წლიდან მის საოპერო ორკესტრსა და დასს, სახელწოდებით –„ახალი ოპერა“, პეტერბურგის სახალხო სახლის სცენა ეკავა. რუსული მუსიკის ისტორიაში ხაზგასმულია, რომ რიმსკი-კორსაკოვის ოპერების „მეფის საცოლისა“ და „პან ვოევოდას“ დადგმა მთელ რუსეთში პირველმა განახორციელა ალექსი წერეთელმა. 1908–1910 წლებში ალექსიმ ამერიკელებს გააცნო თეოდორ შალიაპინი, რომელთანაც შემოქმედებითი კავშირი არც შემდგომ შეუწყვეტია.

1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ალექსი წერეთელი პარიზში გადასახლდა.  1921 წელს მის მიერ  ფრანგ ა. კანოსთან ერთად შეკრებილი ახალი დასი რანდენიმე წლის მანძილზე წარმატებით გამოდიოდა ესპანეთის თეატრებში. 1929 წელს ალფრედ მასნესთან ერთად პარიზში დააფუძნა „რუსული ოპერა". 1930 წ. ოპერა გაკოტრდა, მის მფლობელებს შორის დავა კი სასამართლომდე მივიდა. წერეთელმა სასამართლო პროცესი მოიგო და 1931 წ. ემიგრანტ ვასილი ბაზელის კომპანიონობით „რუსული ოპერა" აღადგინა. დასი ევროპაში მართავდა უმეტესად რუსი კომპოზიტორების საოპერო სპექტაკლებს. თეოდორ შალიაპინი  1931 წელს თავის ქალიშვილს სწერდა, – „მივემგზავრები ლონდონს, სადაც სეზონი ექნება ალექსი წერეთლის „რუსულ ოპერას“. არანაკლებ 12-14 სპექტაკლში ვიმღერებ“.

კაკი მთელი სიცოცხლის მანძილზე შეტრფოდა რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში მოღვაწე შვილის ნიჭს, განათლებას, მიზანსწრაფულობასა და ენერგიას. თანამედროვეთა მოგონებებით ალექსი ერთობ სიმპატიური ადამიანი იყო, ზრდილი, კაცთმოყვარე, კარგი გარეგნობისა და კეთილი გულის პატრონი. მამა ძალიან უყვარდა და თუმცა ქართული ნაკლებად იცოდა, მაგრამ მამის თხზულებათა შინაარსი ზედმოწევნით ჰქონდა შეთვისებული. ერთხელ ალექსის უცდია სხვების დახმარებით მამისთვის წერილი ქართულ ენაზე მოეწერა. ამით აღფრთოვანებულმა აკაკიმ უპასუხა: „შენმა ქართულმა წერილმა ძალიან გამახარა. არასოდეს საეჭვოდ არ მიმაჩნდა შენი ნიჭიერება და ენერგია. ჩემს ახლოს შეგეძლო ასჯერ მეტი სარგებლობა მოგეტანა და ჩვენც არ გავმწარდებოდით.“

ნატალია საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა, მაგრამ ურთიერთობა, ძირითადათ მიმოწერის სახით,  მუდმივად ჰქონდათ. აკაკი 1905 წლის ზაფხულში და 1909 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სამკურნალოდ იყო ჩასული საფრანგეთში და ლევან ასათიანის ცნობით, ცოლ–შვილთან ცხოვრობდა. ალექსი წერეთელს მაშინ საოპერო დასი ჰყავდა პარიზში საგასტროლოდ ჩაყვანილი.  როდესაც აკაკი ავად გახდა, ნატალია თბილისში ჩამოვიდა და დაადგა თავზე, თავისებურად უნდოდა კარგად მოევლო (ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებები აკაკი წერეთელზე).

ალექსი წერეთელი არ დაქორწინებულა. ნატალია ბაზილევსკაია 1933 წლის 28 მარტს გარდაიცვალა, ალექსი – 1942 წელს.  პარიზში იმ დროს  ფაშისტური რეჟიმი მძვინვარებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალექსის დაკრძალვას დიდძალი ხალხი დაესწრო.  როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა,  თავისი დასის მთელი რეკვიზიტები, პირადი ქონება და ბიბლიოთეკა წერეთელმა „მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს" უანდერძა. საოპერო დეკორაციები, ტანისამოსი და ბიბლიოთეკა მილიონნახევრად იყო შეფასებული. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი არაქმედითად იქნა ცნობილი და მთელი ქონება აუქციონზე გაიყიდა.

ალექსი წერეთელი დაკრძალულია პარიზის მახლობლად, სენტ–უანის სასაფლაოზე, დედის გვერდით. გურამ შარაძის ცნობით სასაფლაოს საფასური ალექსის 30 წლის ვადით,1971 წლამდე ჰქონია გადახდილი. 1981 წელს საფლავი გაუუქმებიათ და მის ადგილზე სხვა დაუკრძალავთ.

წყარო: 

1. ალექსი წერეთელი - რუსული ოპერის მოამაგე / ნ. თევდორაძე // თეატრალური მოამბე. - 1987. - N3. - გვ.89-96

2. http://ka.wikipedia.org/wiki/

3. https://ilovanski.wordpress.com/2010/11/.../ყველასგან-მივიწყებული

4. https://eqvtimetayaishvili.wordpress.com/.../memories-about-akaki-tseret...

5. www.belcanto.ru › Новости › Опера Грузинский князь и русская опера 


გააზიარე: