The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


საიდ მულიანი

საიდ მულიანი
Legal name:გიორგი მულიაშვილი
Date of birth:196
Category:Historian

Biography

საიდ მულიანი 400 წლის წინ სპარსეთში გადასახლებული ქართველების შთამომავალია.მათი უმეტესობა ცხოვრობს ფერეიდუნშაჰრში (ფერეიდანი),რომელსაც ქართულ მარტყოფს ეძახიან. საიდიც ფერეიდანში, სოფელ ჩუღრუთში დაიბადა. „მე ვარ მე-16 თაობა იმ ხალხისა, რომლებიც მე-17 საუკუნეში იძულებით გადაასახლეს კახეთიდან ირანში“, – წერს საიდი. „პროფესიით ისტორიკოსი ვარ. მე ვასწავლიდი ისპაჰანის უნივერსიტეტის ფილიალებში, რომლებიც ფერეიდანშია და, სხვათა შორის, პირველი ფერეიდნელი ვიყავი, ვინც მიიღო უმაღლესი განათლება ისტორიაში და ამ უნივერსიტეტებში დაიწყო სამსახური. განათლების სამინისტროში მუშაობის 25 წლიანი სტაჟი მაქვს და 42 წლის ასაკში უკვე პენსიაზე გავედი. პენსიაზე განგებ გავედი ადრე, რომ რითაც გატაცებული ვარ, იმის კეთებით ვისიამოვნო, ანუ ქართველობას ვემსახურო. მართალია ამ საქმისთვის ფინანსებია საჭირო, მაგრამ მჯერა, რაც უფრო დიდია სურვილი, მით უფრო შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას“.

ფერეიდნელმა ქართველებმა სხვადასხვა მიზეზის გამო დაივიწყეს ქართული დამწერლობა. მაგრამ ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ენის ცოდნა შეენარჩუნებინათ და შემდეგ – აღედგინათ. ქართულ ენას ოთხი საუკუნის მანძილზე ოჯახებში ასწავლიდნენ. დროთა განმავლობაში სიტყვათა მარაგი შემცირდა და ქართული ენაც შესუსტდა, თავისი თვისებები დაკარგა. ამიტომ იძულებული გახდნენ სიტყვები სპარსულიდან ესესხათ, რამაც ენას თანდათანობით სახე შეუცვალა, თუმცა ქართული ენა თაობიდან თაობას მაინც გადაეცემოდა. მისი დავიწყება სწრაფი ტემპით განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში დაიწყო, რასაც ხელს უწყობდა ქართული წიგნების სიმცირე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოსთან მისვლა-მოსვლა აღდგა და თანამედროვე ქართულის სწავლა ბევრმა მოისურვა. ზოგიერთი დამოუკიდებლად ცდილობდა ქართულის შესწავლას. საიდ მულიანმაც თავისით ისწავლა ქართულად წერა-კითხვა დაახლოებით 20 წლის წინ, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სწორედ მაშინ დაფიქრდა ქართული ენისა და წერა–კითხვის შესასწავლი სახელმძღვანელოს შექმნასა და საკვირაო სკოლის დაარსებაზე. ქართულ-ირანული დედაენა საიდმა ძმასთან, კახასთან ერთად შეადგინა. ეს არის გოგებაშვილის „დედა ენის“ ირანულად ადაპტირებული ვარიანტი. შემდგენლებმა ზოგან ისეთი სიტყვები და ფრაზები დაამატეს, რაც ირანში მცხოვრებისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, თან შეეცადნენ ტექსტები ისეთი ყოფილიყო, რომ მკითხველში პატრიოტული განწყობაც გაეღვიძებინა. მაგალითად, გააზრებულად არის ნახსენები აფხაზეთი, სამაჩაბლო... ეს წიგნი დიასპორის  სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა და რადგან მანამდე ამგვარი გამოცემა არ არსებობდა, ძალიან მალე გაიყიდა. ვინაიდან ქართული ენის შესწავლის მოთხოვნილება და სურვილი ასეთი დიდი იყო, 2000 წელს საიდ მულიანმა გაბედა და თანამოაზრეებთან ერთად გახსნა საზაფხულო ქართული სკოლა, რომელმაც დაახლოებით 4 წელი იარსება. ხან სკოლებში, ხან უნივერსიტეტში ატარებდნენ გაკვეთილებს, ზოგჯერ სხვადასხვა პრობლემების გამო მინდორშიც, გარკვეული ხანი საიდის სახლშიც კი. აქ ასწავლიდნენ ანბანს, თანამედროვე ქართულს, ქართულ პროზასა და პოეზიას. სკოლამ რამდენიმე წელი იარსება და სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, დაიხურა, მაგრამ საიდსა და მის მეგობრებს მცდელობა არ დაუკლიათ და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საზაფხულო სკოლა ისევ გაიხსნა. ქართული სკოლები ჯერჯერობით მხოლოდ მარტყოფსა და ისპაჰანშია. საინტერესო და ამაღელვებელია სოციალურ ქსელში საიდის გვერდზე განთავსებული სიტყვები, რომლებიც მან ისპაჰანის ქართული სკოლის გახსნის პირველ დღეს დაწერა: „გუშინ ჩემს ისპაჰანის ქართულს სკოლაში, იმ ოთახში, სადაც მე უნდა ვასწავლო ქართული წერა–კითხვა, ოთახის კარი აღარ იხურებოდა და სწავლის დასრულებამდე ვერც დავხურეთ. ალბათ მიხვდით, ეს უბრალო მოვლენა რატომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო. ქართველნო, ჩემო დებო და ძმებო, ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გახარებული. იცით, რატომ არ იხურებოდა კარი? ჩემს ქართული სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო. დაუჯერებელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე. შაჰ-აბასის დედაქალაქში, სადაც ის გეგმავდა ქართველთა გადაშენებას, ქართული ენის სწავლის მიზნით ამდენი ხალხი მოვიდა. 200 კილომეტრი გზის გავლის შემდეგ დაღლილობა უცებ გაქრა, 2 საათი გაგრძელდა ეს გაკვეთილი, ისე მიხაროდა, რომ არ გავეჩერებინე, დილამდე ვასწავლიდი. ღმერთო, უზომოდ მადლობელი ვარ, რომ ეს დღე მანახე და რომ ბედნიერი ვარ, უამრავი ხელოვნური და ბუნებრივი პრობლემის მიუხედავად, ვემსახურო ჩემს ქართველობას!

 რამდენიმე წლის განმავლობაში საიდ მულიანის წყალობით საზაფხულო სკოლაში 300–მდე კაცმა ისწავლა ქართული. საიდი კმაყოფილებით აღნიშნავს: „ოცი წლის წინ ოცმა კაცმა ძლივს იცოდა ქართული წერა-კითხვა, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობამ იცის, „დედა ენის“ საშუალებით ბევრმა ისწავლა. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რომ ურთულეს და საჭირო დროს გავბედე და ეს საქმე გავაკეთე. "გავბედე" კი უბრალოდ არ მითქვამს... ახლა თითქმის ყველა ფერეიდნელი ქართველის ოჯახში არის "დედა ენა" და მასზე კვლავაც დიდი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, სახსრების უქონლობის გამო ხელახლა ვეღარ ვბეჭდავთ. მოგვიანებით მასში მცირედი შეცდომები აღმოვაჩინეთ, რასაც, თუ დაბეჭდვის შანსი გაჩნდა, შევასწორებ“.

აიდ მულიანი დაუღალავად ეწევა ირანში ქართული ენისა და კულტურის პროპაგანდას. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი. იგი ავტორია  ნაშრომისა „ქართველთა როლი ირანის ისტორიაში,  კულტურასა და  ცივილიზაციაში”, რომელიც ისპაჰანის უნივერსიტეტში წლის წიგნად აღიარეს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა წიგნის ქართულად თარგმნაზე. ამ თემასთან დაკავშირებით საიდი ამბობს: „ირანში ბევრი წიგნია დაწერილი ქართველებზე, მაგრამ სპარსულ ენაზეა გამოცემული. მათ შორის ჩემი წიგნიც. ეს გახლდათ ჩემი დისერტაცია, რომელმაც დიდი ყურადღება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. წიგნში გამოყენებულია 200-მდე სანდო წყარო. მასში მოხსენიებული არიან ქართველები, რომლებსაც ირანის სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურაში მაღალი თანამდებობა ეკავათ, მათ შორის - ალავერდი-ხან და იმამ-ყოლი-ხან უნდილაძეები და სააკაძეთა გვარის წარმომადგენლები. შესაბამის სტრუქტურებს თხოვნით მივმართე, ეს წიგნი ქართულად ითარგმნოს და დაიბეჭდოს, რათა საქართველოში იცოდენ, რომ ირანში გადასახლებული ადამიანები სასოწარკვეთილებას არ მისცემიან, არამედ ძალიან მალე გამოაჩინეს თავიანთი ჯიში, პირნათლად შეინარჩუნეს ადამიანური ღირსება და ასახელეს თავიანთი ქვეყანა - გურჯისტანი“.

საიდი საქართველოში წელიწადში 4–5 ჯერ ჩამოდის. ცდილობს, 26 მაისს ყოველთვის აქ იყოს. საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვევით ქართულს ასწავლის ირანელებს, მათ შორის - ფერეიდნელებსაც. თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან. რეგულარულად გამოდის  კონფერენციებზე, ეწევა სამეცნიერო მუშაობას. 2011 წელს გახდა სატელევიზიო გადაცემა  „იმედის გმირის”  ერთ–ერთი გამარჯვებული. წერს  ლექსებს ქართულად. ჰყავს მეუღლე ირინე და შვილი ტარიელი, რომელიც ქართულ ჯარში სამსახურზე ოცნებობს.

საიდ მულიანის პიროვნული პორტრეტის სრულად წარმოჩენისთვის წერილის დასასრულს მოგვყავს მცირე ფრაგმენტი მისი ინტერვიუდან: „ და ბოლოს, მე მუდამ ასე ვამბობ: ნეტავ ამ წუთისოფლიდან წასვლის ჟამს იმდენი ქართული საქმე გამეკეთებინოს, რომ ჩემი ერისა და ენის წინაშე არ შემრცხვეს“.

წყარო: 

1. მულიანი, საიდ. "აქ ჯერ ქართველს ქართველი არ მოუკლავს" : ინტერვიუ / საიდ მულიანი ; ესაუბრა ეკა აბაშიძე // კვირის პალიტრა. - 2013. - 16 - 22 დეკემბერი. - N51 (1011). - გვ.15[

2. იმედის გმირი საიდ მულიანი // კალამი. - თბილისი, 2012. - N11. - გვ.44. - ტექსტი ქართ. და სპარს. ენ.

3. მულიანი, საიდ. "ჩემი საქართველო სამოთხედ წარმომედგინა" : "400 წლის მერეც ჩვენ ქართულად ვლაპარაკობთ" : ინტერვიუ / საიდ (გიორგი) მულიანი ; ესაუბრა იზო რიკაძე // კვირის პალიტრა. - 2011. - 12 - 18 სექტემბერი. - N37(893). - გვ.19

4. ჩეკურაშვილი, ბელა. მასწავლებელი ფერეიდანში / ბელა ჩეკურაშვილი // მასწავლებელი. - თბილისი, 2009. - N2. - გვ.55-56


Share: