The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარკოზ ტუღუში

მარკოზ ტუღუში
სხვა სახელი:მარკ იბერი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1900
გარდაცვ. თარიღი:1971  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კრენპოს კომუნალური სასაფლაო, ბრიუსელი
კატეგორია:მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არც ისე შორს იქნება ის დრო, როდესაც ქართველი ხალხი გაეცნობა მარკოზ ტუღუშის პიროვნებას და როგორც მწერალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს შესაფერისად შეაფასებს“, – ასე გამოეთხოვა ნიკო ურუშაძე თავის პარტიულ თანამებრძოლს 1971 წელს, ბრიუსელში, კრენპოს კომუნალურ სასაფლაოზე წარმოთქმულ სიტყვაში.

მარკოზ ტუღუში 1900 წელს დაიბადა. ფოსტა–ტელეგრაფში მუშაობის პერიოდში შევიდა ახალგაზრდა სოციალისტ–ფედერალისტთა წრეში. სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ არ უღალატია თავისი პარტიისთვის, მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა სოციალისტ–ფედერალისტთა არალეგალური ორგანოს „მებრძოლთა ხმის“ გამოცემაში, რისთვისაც რამდენჯერმე მჯდარა მეტეხის ციხესა და ჩეკას საპყრობილეში.

1923 წელს მარკოზ ტუღუში ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე წელი საფრანგეთში დაჰყო, შემდეგ ბელგიაში დასახლდა, სადაც ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის რეკომენდაციით გაეცნო გამოჩენილ ბელგიელ სოციალისტებს ემილ ვანდერველდეს და დე ბრიუკერს. მათი დახმარებით დაიწყო მოღვაწეობა ბრიუსელში ისტორიულ მეცნიერებათა დარგში და მიიღო დოქტორის ხარისხი (ხელს აწერდა როგორც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი). მას შემდეგ გარდაცვალებამდე იგი ემილ ვანდერველდეს სახელობის ცნობილი ინსტიტუტის მთავარი ბიბლიოთეკარი იყო. ეს ბიბლიოთეკა გახდა მარკოზ ტუღუშისთვის მეცნიერული ცოდნის გაღრმავების წყარო. წერილებსა და გამოკვლევებს აქვეყნებდა, როგორც ფრანგულ ისე ქართულ ენებზე. 1946 წელს ფრანგულ ენაზე ბრიუსელში გამოიცა მისი წიგნი „ეროვნული პრობლემები სსრ კავშირში“, რომელიც პოლიტიკური ლიტერატურის შენაძენად აღიარეს. მარკოზ ტუღუში თანამშრომლობდა, როგორც ვალონურ (ფრანკოფონურ), ისე ფლამანურ გამოცემებთან, ასევე აქვეყნებდა ვანდერველდეს სახელობის ინსტიტუტის შეკვეთით დაწერილ ნაშრომებს, რომელთაც  ბელგიური პრესა ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა.

1932 წლის გაზაფხულზე ბელგიაში დაარსდა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც ევალებოდა თანხების მოზიდვა ქართული ენის კათედრის მოსაწყობად აღმოსავლეთის ფილოლოგიისა და ისტორიის ინსტიტუტთან ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში. კომიტეტში გაწევრიანდნენ ცნობილი მეცნიერები, მდივანი და ხაზინადარი იყო მარკოზ ტუღუში. კომიტეტმა თავისი მისია წარმატებით შეასრულა და იმავე წლის შემოდგომაზე ახლადდაარსებულ ქართული ენის კათედრაზე ლექციების კითხვა დაიწყო მოწვეულმა პროფესორმა, ენათმეცნიერმა მიხეილ წერეთელმა, რომელიც ასევე ასირიულ ენასაც ასწავლიდა. 

1950 წელს მარკოზ ტუღუშმა ბელგიაში დააარსა პოლიტიკური ორგანო „პრო ევროპა“, რომელსაც რედაქტორობდა მარკ იბერის ფსევდონიმით. ჟურნალი თავის უმთავრეს დანიშნულებად თვლიდა ევროპულ კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანთა და ერთა თავისუფლებისა და უფლებათა დაცვას. ამ ჟურნალში მარკოზ ტუღუშმა მოათავსა წერილების მთელი სერია არა მარტო საქართველოს მიმდინარე და ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენების შესახებ, არამედ სერიოზული, ილუსტრირებული ფრაგმენტები მიუძღვნა შორეულ წარსულსა და უძველესი კულტურის მდიდარ ისტორიას.  

მარკოზ ტუღუში ქართულ ენაზე აქვეყნებდა ნაშრომებს ჟურნალებში: „კავკასიონი“, „სახალხო საქმე“, „მებრძოლი საქართველო“. ჩამოვთვლით ზოგიერთ მათგანს: „სიმონ ბერეჟიანი და მისი შემოქმედება“ (1943); „გიორგი დეკანოზიშვილი“ (1965); „სოციალ–ფედერალიზმი საქართველოში“ (1952); „ქართული სტამბის დაარსება არჩილ მეფის მიერ მოსკოვში“ (1952); „ვახტანგ მეფის წერილი“ (1973). 1707 წელს სტამბოლში საფრანგეთის ელჩ ფერიოლისთვის გაგზავნილი ვახტანგ მეექვსის წერილი თავად მარკოზ ტუღუშს აღმოუჩენია, დაუმუშავებია და მოხსენების სახით ჯერ კიდევ 1952 წლის 8 ნოემბერს წაუკითხავს პარიზის ქართულ სათვისტომოში. აღნიშნული მოხსენება ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოუქვეყნებია ვიქტორ ნოზაძეს 1973 წლის „კავკასიონში“. მარკოზ ტუღუშის არქივში კიდევ მრავლად არის დაცული ლიტერატურულ–მეცნიერული ხასიათის ნაშრომები ფრანგულ და ქართულ ენებზე. მათი შესწავლისა და გამოქვეყნების შემდეგ ქართველი ხალხის წინაშე კიდევ უფრო ნათლად წარმოჩინდება მისი პიროვნული და შემოქმედებითი პორტრეტი. 

წყარო: 

1. შარაძე გ. ფრანგული დღიური . – თბ., 1990. – გვ. 79–82. 

 


გააზიარე: