The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ციციშვილი

Date of birth:17 August, 1721
Date of death:22 September, 1777  (at 56 years)
Burial location:სვესენტსკას ყველაწმინდის სახელობის ტაძარი, მოსკოვი
Category:Scientist

Biography

დიმიტრი პაპუნას ძე ციციშვილი 1721 წლის 17 აგვისტოს დაიბადა საქართველოში. 1724 წელს პაპუნა ციციშვილი, საქართველოში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსეთში წავიდა ემიგრაციაში და სამი წლის დიმიტრიც თან წაიყვანა. მოსკოვში მცხოვრები ქართველი თავადი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა შვილის აღზრდას, ამიტომ ოთხი წლის მანძილზე მისთვის უცხოელი პედაგოგები ჰყავდა დაქირავებული. დიმიტრი ციციშვილი თავისუფლად ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ლათინურ ენებს. 1739 წელს იგი თავადაზნაურთა კადეტთა ქვეით კორპუსში ჩაირიცხა, სადაც ორი წლის მანძილზე სწავლობდა ფიზიკას, "იუს ნატურას", "ცივილას" (სამოქალაქო სამართალი), კრიმინალისტიკას, მსოფლიო ისტორიას, არითმეტიკას, გეომეტრიას. კადეტთა კორპუსში სწავლისას დიმიტრი ციციშვილი პარალელურად დადიოდა სამეცნიერო აკადემიაში და ლექციებს ისმენდა ექსპერიმენტულ ფიზიკაში. მან სახელმწიფო სამხედრო კოლეგიაში წარმატებით გაიარა რუსული საკანცელარიო პრაქტიკა. 1742 წლის 16 თებერვალს სენატის დადგენილებით დიმიტრი ციციშვილი გამოცდების ჩასაბარებლად გაგზავნეს სამეცნიერო აკადემიაში. კომისიაზე მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება მოახდინა და ეს აკადემიის მიერ მისთვის მიცემულ დახასიათებაშიც აისახა.

დიმიტრი ციციშვილი სამეფო სახლთან დაახლოებული პირი იყო. მას მოსწონდა მეფე ბაქარის და. ვახტან VI-ემ ანდერძით განსაზღვრა ქალიშვილის დიმიტრიზე გათხოვება. ჭაბუკ თავადიშვილს სურდა, რაიმე მნიშვნელოვანი და ღირსახსოვარი ეძღვნა მეფე ბაქარისათვის – მომავალი ცოლის ძმისთვის. ამ მიზნით თხუთმეტი წლის ასაკში გერმანულიდან ქართულად თარგმნა არითმეტიკის სახელმძღვანელო, რომელიც თვით მთარგმნელის მიერ გადაწერილია წვრილი, მხედრული, ლამაზი კალიგრაფიით. წიგნი პატარაა, ნაწერია თეთრ ქაღალდზე, ჩასმულია ტყავგადაკრულ მუყაოს ყდაში და მოიცავს 64 ფურცელს. ეს ავტოგრაფი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში. სავარაუდოდ, აღნიშნული თარგმანი ხელნაწერებად არ გაუმრავლებიათ. ირკვევა, რომ სახელმძღვანელო თარგმნილია 1736 წელს ვახტან VI–ის გარდაცვალებამდე. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა არითმეტიკის ეტიმოლოგიას და საგნის შემადგენელი ნაწილების განსაზღვრას. სახელმძღვანელო დატვირთულია უცხო ტერმინებით და ეს მისი გაუვრცელებლობის ერთ–ერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო.

მოგვიანებით დიმიტრი ციციშვილმა რუსულ ენაზე შექმნა ორიგინალური პრაქტიკული გეოდეზიის სახელმძღვანელო. საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა და თანამშრომლობდა მოსკოვში ქართული სტამბის დამაარსებელ ათანასე თბილელთან. დიმიტრი ციციშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას და გამოსაცემ ქართულ წიგნებს შესაბამის უცხოურ ძეგლებთან ადარებდა. იგი 37 წელი მსხურობდა სხვადასხვა სამოქალაქო თანამდებობაზე.

1740 წელს დაიღუპა დიმიტრის მამა – ქართველ ჰუსართა პოლკის მებრძოლი პაპუნა ციციშვილი. დიმიტრი ციციშვილისა და ვახტანგ VI-ის ასულის ქორწინება არ შედგა. 1746 წლის 15 თებერვალს მან ჯვარი მიხეილ ილიას ძე დავითაშვილის 18 წლის ასულზე  – ელისაბედზე დაიწერა, რომელთანაც ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა. მოსკოვში ცნობილი იყო ციციშვილების მდიდარი ბიბლიოთეკა. მათი ოჯახი ასევე განთქმული იყო რელიექვიებითა და ძვირფასი ხატებით.

1774 წლის 10 ოქტომბერს გარდაიცვალა ელისაბედი, ხოლო 1777 წლის 22 სექტემბერს კი – დიმიტრი ციციშვილი. ისინი დაკრძალულნი არიან სვესენწკას ყოვლადწმინდას სახელობის ტაძარში. ტაძარში მარცხენა მხარეს, საფლავთან ახლოს დღესაც შემორჩენილია ეპიტაფია – მარმარილოს თეთრ დაფაზე ამოკვეთილი გაშლილი წიგნი.

წყარო: 

1. სიხარულიძე, ფრიდონმოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან / [რედ.: გ. ციციშვილი] ; საქ. მეცნ. აკად., ერთაშორის ურთიერთ. კვლევის ცენტრი. - თბ. : მეცნიერება, 1991. - 310 გვ.

2. კასრაძე, ოთარქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : დიმიტრი ციციშვილი // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 349-351.


Share: