The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


დავით საღირაშვილი

დავით საღირაშვილი
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1887
გარდაცვ. თარიღი:1962  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

სოციალ–დემოკრატიული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი დავით ალექსის ძე  საღირაშვილი დაიბადა თბილისში, 1887 წლის 15 იანვარს. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ჩაება მუშათა რევოლუციურ მოძრაობაში. 1898 წლიდან პირადად იცნობდა სტალინს. ამის შესახებ მან შემდგომში დაწერა მოგონება „იოსებ ჯუღაშვილი – სტალინი როგორც ისტორიული პიროვნება“. 1908-1909 წწ. მონაწილეობდა სპარსეთში შაჰის წინააღმდეგ მიმართულ  რევოლუციაში. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. 1910 წელს ირანიდან დაბრუნებული მეფის ჟანდარმერიამ დააპატიმრა და ჩასვა მეტეხის ციხეში, საიდანაც გადაიყვანეს დონის–როსტოვში. 1913 წელს პატიმრობიდან განთავისუფლებული დაბრუნდა თბილისში და კვლავ ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. ვლ. ახმეტელთან და ლ. დარჩიაშვილთან ერთად დააარსა სოციალ–დემოკრატიული მიმართულების გაზეთი „ფიქრი“ (1913–1914). 1914 წელს კვლავ დაატუსაღეს და მეორედ ჩასვეს მეტეხის ციხეში. იმავე წელს გადაასახლეს ხარკოვში, სადაც შევიდა უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1915 წელს სტუდენტთა მღელვარებაში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს და გაასახლეს ჯერ ბელგოროდში, შემდეგ ცარიცინში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ ამ ქალაქში მოუსწრო. აქ აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ. მალე პეტროგრადში გადავიდა, მაგრამ დიდხანს არ გაჩერებულა, გულმა მონატრებული სამშობლოსკენ გამოუწია. 1918 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ. 1920 წელს, გრიგოლ ურატაძესთან ერთად, მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც 7 მაისის ე.წ. "მოსკოვის ხელშეკრულებით" დაგვირგვინდა, რის საფუძველზეც საბჭოთა რუსეთმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ მნიშვნელოვან მოვლენას თავის მემუარებში დავით საღირაშვილი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს.

1921 წლის 25 თებერვლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დავით საღირაშვილი  სამშობლოში დარჩა. ემიგრაციაში წასვლას არ აპირებდა, მაგრამ ბოლშევიკებმა დააკავეს და მეტეხის ციხეში 16 თვიანი პატიმრობის შემდეგ, 1922 წელს, 61 სხვა პატიმართან ერთად გერმანიაში გაასახლეს. მათი ციხიდან დახსნა მოხდა ვლადიმერ ახმეტელის,  გერმანიაში დამოუკიდებელი საქართველოს ყოფილი ელჩის ძალისხმევით, რომლის გამოგზავნილმა ვიზებმა 62 ადამიანი გადაარჩინა დახვრეტა– გაციმბირებას. 

დავით საღირაშვილი 1927 წლიდან უპარტიოა. ემიგრაციაში ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. წერდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. იყო 1923 წელს ბერლინში გამოცემულ ჟურნალ ‘საქართველოს მოამბის“ ტექნიკური რედაქტორი (სამეურნეო ნაწილის გამგე). 1945 წლამდე ცხოვრობდა ბერლინში. გერმანიიდან ოჯახთან ერთად გადავიდა ჯერ ავსტრიაში, შემდეგ იტალიასა და ესპანეთში. 1958 წელს დაბრუნდა გერმანიაში. ცხოვრობდა მიუნხენში, სადაც 1957-1958 წლებში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს "სამშობლოს განთავისუფლებისათვის". სიცოცხლის ბოლო წლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. გარდაიცვალა 1962 წელს, ვაშინგტონში, 75 წლის ასაკში. მოგვიანებით საფრანგეთში გადაასვენეს და ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.

დავით საღირაშვილის მეუღლე, ალმა საირანენი, წარმოშობით ფინელი იყო, მაგრამ მეუღლის სიყვარულით მისი სამშობლოც შეიყვარა და ქართული ენა ისწავლა. შეეძინათ ქალ–ვაჟი – შოთა და ეთერი. რომელთა ოჯახები დღეს ვაშინგტონსა და მიუნხენში ცხოვრობენ.

წყარო: 

1. გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 1. - თბ., 2001. - გვ. 630–632.

2. საღირაშვილი, დავით. ისტორია ბევრჯერ მეორდება. კავკასიის ერთობის შესახებ // 24 საათი. - 2005. - 29 იანვარი. - N20. - გვ.A3. - სტატიას თან ახლავს დავით საღირაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები.

3. რუსეთის შუაგულში, მატარებელში, ოთხი ქართველი წყვეტდა საქართველოს ბედს... : "თუ ასეთი გულადი ჯარი გყავდათ, რატომ დატოვეთ თბილისი?!" : უცნობი წერილები : ექსკლუზივი : ემიგრანტის ჩანაწერებიდან / მოამზადა ეთერ ერაძემ // კვირის პალიტრა. - 2006. - 20-26 თებერვალი. - N8 (573). - გვ.31. - იბეჭდება დავით საღირაშვილის უცნობი წერილები მცირეოდენი შემოკლებით. 


გააზიარე: