The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ალექსანდრე მიქაბერიძე

ალექსანდრე მიქაბერიძე
დაბადების თარიღი:1978  (40 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსი, ნაპოლეონოლოგი ალექსანდრე მიქაბერიძე ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. კითხულობს ლექციებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიებში. არის საერთაშორისო კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრი და სამეცნიერო გამოცემის მთავარი რედაქტორი (კონსორციუმი – რევოლუციური ეპოქა –1750-1850, მოიცავს 20-მდე უნივერსიტეტს და ყოველ წელს მართავს სამეცნიერო კონფერენციებს). მის წიგნებს, „ბოროდინოს“ და „ბერეზიანას“, ამერიკის უნივერსიტეტებში ნაპოლეონის ეპოქის სწავლებისას იყენებენ. მისი რამდენიმე სტატია შეტანილია სახელმძღვანელო კრებულებში.

ალექსანდრე მიქაბერიძე დაიბადა ყაზახეთში, სადაც მისი მშობლები მოღვაწეობდნენ საბჭოთა პერიოდში. საქართველოში 1990 წელს გადმოვიდა. თბილისის მე-18 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1999 წელს. გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა კურსები პოლონეთში, გერმანიასა და უნგრეთში. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ადამიანთა უფლებებისა და ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის განხრით.

ისტორიით ბავშვობიდან იყო გატაცებული, განსაკუთრებით კი რევოლუციური ეპოქა და ნაპოლეონის პიროვნება  აინტერესებდა.  მიუხედავად ამისა, არასოდეს ეგონა, რომ სერიოზულად გაყვებოდა ისტორიულ მეცნიერებას. უნივერსიტეტში ჩაბარებაზე რომ მიდგა საქმე, საერთაშორისო სამართალი აირჩია. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობისას გამოცემული მისი პირველი წიგნიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ეხება („ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა ევროპის საბჭოს ფარგლებში: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“. თბილისი, 2000), მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ინტერნეტის წყალობით, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 1996 წელს  რევოლუციურ ეპოქაზე მომუშავე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას დაუკავშირდა და თავის ინტერესებზე მისწერა. მისდა გასაკვირად, ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ბენ ვეიდერი თავად გამოეხმაურა და ერთი ყუთი წიგნებიც გამოუგზავნა, მათ შორის, თავისი ახალგამოცემული წიგნი წმიდა ელენეს კუნძულზე ნაპოლეონის გადასახლებასა და გარდაცვალებაზე. ალექსანდრე მიქაბერიძემ წიგნი წაიკითხა და რეცენზიაც დაწერა, რომელიც ერთ-ერთ უცხოენოვან ისტორიულ გამოცემაში გამოუქვეყნეს. მოკლე დროში ვეიდერისგან მიიღო მიპატიჟება ისრაელში ნაპოლეონის სირია-პალესტინაში ლაშქრობის 200 წლის აღსანიშნავად მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. უსახსრობის გამო ახალგაზრდა მეცნიერი წასვლას ვერ ახერხებდა, მაგრამ ნაპოლეონის საზოგადოებამ ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო და ასე აღმოჩნდა 1999 წლის ივნისში ისრაელში. თელ-ავივისა და იერუსალიმის უნივერსიტეტებში მოხსენებებით გამოსვლისას ბევრი საერთაშორისო მკვლევარი გაიცნო, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტის წევრებიც, რომლებმაც რამდენიმე თვეში  კვლევითი სამუშაოების დასაწყებად მიიწვიეს. მგზავრობის, სწავლებისა და მუშაობის ყველა ხარჯს ინსტიტუტი ფარავდა. ბუნებრივია, ასეთ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა  და 2000 წლის 15 აგვისტოს (ნაპოლეონის დაბადების დღეს) ალექსანდრე მიქაბერიძემ გეზი ამერიკისკენ აიღო.

ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტი ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს. ინსტიტუტი ერთ-ერთი მოწინავე ცენტრია, რომელიც რევოლუციურ ეპოქას იკვლევს და მას მკვლევართათვის დიდი რესურსები  აქვს. ალექსანდრე მიქაბერიძემ ინსტიტუტში სამი წელი გაატარა. დაიცვა სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხები. გაიარა კურსები ამერიკის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში. შემდგომ პროფესორად დაიწყო მუშაობა ჯერ მისისიპის, ხოლო შემდეგ ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პარალელურად ლექციებს კითხულობდა ამერიკის უმაღლეს სამხედრო-საზღვაო კოლეჯში.

ალექსანდრე მიქაბერიძის სპეციალობა რევოლუციური ეპოქის (1789-1815) პოლიტიკურ-სამხედრო ისტორიაა და ბუნებრივია მეცნიერის შრომათა დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო თემატიკას ეძღვნება. მისი ნაშრომი – „The Russian Officer Corps of the Revolutionary and napoleonic Wars“ – იყო პირველი საფუძვლიანი გამოკვლევა ამ საკითხზე. მან კრიტიკოსთა აღიარება,  ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების ლიტერატურული პრიზი და წლის საუკეთესო წიგნის პრემია მოიპოვა. გამოცემული აქვს ნაპოლეონის რუსეთში ლაშქრობის ტრილოგია, რომელზეც თითქმის ათი წელი მუშაობდა. პირველ ორ ტომს - ბოროდინოს და ბერეზინას ბრძოლებზე – ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ნაშრომმა ბოროდინოს ბრძოლაზე წლის საუკეთესო წიგნის პრემიაც მოიპოვა. მესამე ტომი 1812 წელს მოსკოვში დატრიალებულ მოვლენებს ასახავს.

ალექსანდრე მიქაბერიძის მეცნიერული საქმიანობის ცალკე მიმართულებაა დასავლეთის ისტორიკოსებისთვის ხელმიუწვდომელი მასალების თარგმნა– გამოცემა. თარგმნილი და გამოცემული აქვს ცნობილი რუსი ისტორიკოსის, ალექსანდრე მიხაილოვსკი-დანილევსკის ნაშრომთა სამტომეული და  მუშაობს ნაპოლეონის ომებში მოღვაწე რუსი ოფიცრების მემუარების ანთოლოგიაზე. პარალელურად იკვლევს მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ისტორიის საკითხებს. მისი რედაქციით გამოვიდა ოცდაერთტომეული – „World History Encyclopedia“, რომლის შექმნაში მონაწილეობდა 800-ზე მეტი მეცნიერი –  ისტორიკოსი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი ლინგვისტი და ა.შ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეობა მიიღო, ასევე, ორტომეულის გამოცემაში ისლამური სამყაროს სამხედრო ისტორიაზე, რომელიც პირველი ენციკლოპედიაა ამ საკითხზე და მასში 750-მდე სტატიაა, მათ შორის რამდენიმე საქართველოს შესახებ.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მეცნიერი აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებთან, მათ შორის უმაღლეს სამხედრო აკადემიასთან (ვესტ პოინტი) და უმაღლეს საზღვაო სამხედრო კოლეჯთან (ნიუპორტში). ლექციებს უკითხავს ამერიკელ ოფიცრებს. ამერიკის უმაღლესმა სამხედრო აკადემიამ იგი მიიწვია, სხვა წამყვან სამხედრო ისტორიკოსებთან ერთად, სამხედრო ისტორიაზე ახალი სახელმძღვანელოს შესაქმნელად, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით (ანიმაციური რუკები, ქრონოლოგიები, სურათები, ვიდეოები, აუდიო ჩანაწერები და ა.შ.) იქნებოდა აღჭურვილი.  ნაპოლეონის ომებისადმი მიძღვნილი თავი ალექსანდრე მიქაბერიძემ დაწერა. წიგნი უკვე დასრულებულია და გამოიყენება ვესტ პოინტში.

ალექსანდრე მიქაბერიძე არის დიდი ბრიტანეთის სამეფო ისტორიული საზოგადოების, ამერიკის სამხედრო ისტორიული საზოგადოებისა და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, საქართველოს ნაპოლეონის საზოგადოების პრეზიდენტი. ფრანგულმა ორგანიზაცია – „La Renaissance Francaise“-მა იგი ოქროს მედლით დააჯილდოვა. ეს ორგანიზაცია  1916 წელს დააფუძნა პრეზიდენტმა რაიმონდ პუანკარემ და დღესაც საფრანგეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება უწევს პატრონაჟს.

2012 წელს ისტორიკოს ნიკა ხოფერიასთან ერთად ალექსანდრე მიქაბერიძემ გამოსცა ნაპოლეონის პირადი მცველის, მამლუქი რუსტამის მემუარები (რუსტამ რაზას მემუარები / ფრანგ. თარგმნა, წინასიტყვ. და კომენტ. დაურთეს: ალ. მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ. - თბ. : არტანუჯი, 2012). ამჟამად ერთობლივად მუშაობენ  ახალ წიგნზე, რომელიც ნაპოლეონის მარშლებს ეხება. მომავალში ალექსანდრე მიქაბერიძე ქართულ ენაზე ნაპოლეონზე ვრცელი წიგნის დაწერასაც აპირებს. ამავე დროს აგროვებს მასალებს ქართველებზე, რომლებიც ბედის უკუღმართობით, საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებსა და სხვათა ომებში იბრძოდნენ. ჟურნალ „ისტორიანის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა (2014, ნოემბერი, #46.) სტატია ერთ ასეთ ქართველზე, მამლუქ ჟან შაჰინზე, რომელმაც თავი ისახელა ნაპოლეონის ომებში. სამეცნიერო მუშაობას ალ. მიქაბერიძე ნაპოლეონისა და საფრანგეთის რევოლუციის ინსტიტუტის გარდა მეორე მსოფლიო ომის კვლევის ცენტრშიც აწარმოებდა. უკანასკნელ წლებში მეცნიერი დაინტერესდა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საფრანგეთის ჯარში ქართველების ბედით. არქივებში მოიძია მასალები საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს, საპატიო ლეგიონის ორდენის ქართველ კავალრებზე და 80 ათასზე მეტი მეომრის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა რამდენიმე ქართული სახელი, მათ შორის არის უცხოური ლეგიონის ქვეითთა პოლკის პოლკოვნიკი ნიკოლოზ თოხაძე. მისი ბიოგრაფია გამოიცა ინგლისურ ენაზე და გამოქვეყნდა ქართულ ენაზეც („ისტორიანი“, 2015 , მარტი, #51).  

მართალია ალექსანდრე მიქაბერიძე საქართველოს ისტორიის სპეციალისტი არ არის, მაგრამ საქართველო რომ მსოფლიოსთვის გაეცნო 2007 წელს გამოსცა თითქმის 750-გვერდიანი წიგნი – „საქართველოს ისტორიული ლექსიკონი“ (800-მდე სტატია), რომელშიც საქართველოს მთელი ისტორიაა მიმოხილული. წიგნი ზოგადი ხასიათისაა და მიზნად მკითხველისათვის ადვილად გასაგები ენით საქართველოს მდიდარი ისტორიისა და კულტურის წარმოჩენას ისახავს. 2010 წელს  ეს წიგნი მეორე რედაქციით გამოვიდა. ამჯერად ლექსიკონი უკანასკნელი 10 წლის მოვლენებსაც გვაცნობს და უკვე 900 სტატიას მოიცავს.

ალექსანდრე მიქაბერიძეს ჰყავს ქართველი მეუღლე - ანა, რომელიც ამერიკაში გაიცნო და ორი ბიჭი - ლუკა და სერგი. მართალია მოუცლელობის გამო თავად ვერ ჩამოდის საქართველოში, მაგრამ ზაფხულობით  ბავშვებს უშვებს ბებია-ბაბუასთან. ასე რომ, ქართული კარგად იციან და ჩოხა–ახალუხშიც იპრანჭებიან.

წყარო: 

1. მიქაბერიძე, ალექსანდრე. "კადნიერი" ქართველი ახალგაზრდა, რომლის წიგნებით ამერიკის უნივერსიტეტში ასწავლიან : ინტერვიუ / ესაუბრა ეთერ მონასელიძე //ვერსია. - 2014. - 7-9 თებერვალი. - N9(904). - გვ.12

2. მიქაბერიძე, ალექსანდრე. როგორ შეცვალა ნაპოლეონმა ალექსანდრე მიქაბერიძის ცხოვრება და რატომ არის მისი წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მსოფლიოში : ინტერვიუ / ესაუბრა კატო ჟღენტი // თბილისელები. - 2011. - 17-23 იანვარი. - N3(525). - გვ.95. - ქართველი ნაპოლეონოლოგი


გააზიარე: