The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვიტალი უგრეხელიძე

ვიტალი უგრეხელიძე
სხვა სახელი:ტალიკო  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1983  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ვიტალი (ტალიკო) უგრეხელიძე დაიბადა 1901 წელს ქუთაისში, იურისტ პლატონ უგრეხელიძისა და ვერა იაშვილის ოჯახში. პლატონ უგრეხელიძე მსახურობდა ქუთაისში საგუბერნიო სასამართლოს სამდივნოს მმართველად. უგრეხელიძეების ოჯახში თავს იყრიდა მაშინდელი მოწინავე საზოგადოება, მათ შორის, ხშირი სტუმარი ყოფილა აკაკი წერეთელიც. შვიდ ძმაში პატარა ტალიკო მეოთხე ვაჟი იყო. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. სკოლა ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა I მსოფლიო ომი რომ დაიწყო. 14 წლის ბიჭი გაიპარა, მოხალისედ ჩაეწერა ჯარში და სანამ მშობლები სახლში დააბრუნებდნენ თურქეთის ფრონტზე ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაც მოასწრო. ქუთაისში ჩამოსვლის შემდეგ  წარმატებით დაასრულა გიმნაზია.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ვიტალი უგრეხელიძე ჩაირიცხა ახლად დაარსებულ ქართველ ოფიცერთა სკოლაში, საარტილერიო განხრით. წითელი არმიის შემოჭრის დროს მეგობრებთან ერთად  ვიტალი უგრეხელიძეც მამაცურად იცავდა ქართული იარაღის ღირსებას. იგი ეკუთვნოდა კოჯრისა და ტაბახმელის გმირ დამცველ იუნკერთა ათასეულს. დამარცხების შემდეგ იუნკერები ეროვნულ მთავრობას გაჰყვნენ უცხოეთში. დაბანაკებულები იყვნენ ქ. კონსტანტინეპოლში, საიდანაც ასი კურსანტი მარშალმა პილსუდსკიმ მიიწვია პოლონეთში სწავლის დასასრულებლად. ვიტალი უგრეხელიძემ წარმატებით დაამთავრა სამხედრო სკოლა, ლეიტენანტის ხარისხით ჩაირიცხა პოლონეთის არმიაში და გაიგზავნა რუსეთის ფრონტზე, სადაც თავი გამოიჩინა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლებში.

სამხედრო კარიერასთან ერთად ვიტალი უგრეხელიძე ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. თანამშრომლობდა ემიგრანტულ გამოცემებთან. 1933–1937 წლებში იყო პარიზში გამომავალი ჟურნალ „მხედარის“ რედაქტორი. გარდა ამისა, მან საფუძვლიანად შეისწავლა სადოღე ცხენების მოშენებისა და გახედნის საქმე, გაიჩინა სადოღე ცხენების თავლა, მონაწილეობდა საერთაშორისო შეჯიბრებებში. 1930–იან წლებში მას ეკუთვნოდა არაბული ჯიშის ცხენი „კაშმირი“, რომელმაც მრავალ შეჯიბრში გაიმარჯვა. ვიტალი უგრეხელიძემ დაიმსახურა ოქროს ჯილდო  და საუკეთესო ცხენოსნის სახელი პოლონეთსა და ევროპაში. 

1939 წელს, როცა პოლონეთი გერმანიასთან ომში ჩაება ვ. უგრეხელიძე დაინიშნა მეშვიდე ცხენოსანთა ნაწილში და იბრძოდა, როგორც გერმანელი, ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ. ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის იგი პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - „ვირტუტი მილიტარის" ორდენით დაჯილდოვდა. ორი წელი გერმანელების ტყვეობაში გაატარა, როცა გაანთავისუფლეს კვლავ ჩადგა პოლონეთის სამსახურში, აღადგინა მე–17 მსროლელთა პოლკი და თავად ჩაუდგა სათავეში. აქტიურად იყო ჩაბმული წინააღმდეგობის მოძრაობაში. ადგენდა ტერორისტულ აქტებს და ხშირად თავად ანხორციელებდა. თავის სახლში აწყობდა წინააღმდეგობის მეთაურთა კრება–თათბირებს, აქვე მალავდა ებრაელებს და ამარაგებდა მათ ყალბი მოწმობებით. ასე გაგრძელდა ვარშავის 1944 წლის აჯანყებამდე.

ლონდონის მთავრობის დირექტივით აჯანყების მონაწილეებს კავშირი უნდა დაემყარებინათ საბჭოთა ჯარებთან და მისი კარნახით ემოქმედათ. ვიტალი უგრეხელიძემ იცოდა, რომ უარის შემთხვევაში მას სამხედრო სასამართლო ელოდა, მაგრამ მან მაინც უარი განაცხადა  საბჭოეთთან თანამშრომლობაზე. რეზისტანსის (წინააღმდეგობა) ხელმძღვანელობამ ანგარიში გაუწია მის დიდ დამსახურებას და განსაკუთრებული მისიით გააგზავნა გენერალ ანდერსთან, რომელიც იმ დროს თავისი ნაწილებით იტალიაში იბრძოდა. დაინიშნა ქ. გალიპოლში საჯავშნო ნაწილების ინსტრუქტორად. რეზისტანსში დიდი დამსახურების აღსანიშნავად, ანდერსის სამხედრო ნაწილების მთავარმა შტაბმა შესთავაზა მისი გვარისთვის მიემატებინა –„უგორსკი“, საომარი სახელი, რომელსაც ის შეთქმულების დროს ატარებდა.

ომის დამთავრების შემდეგ ვიტალი უგრეხელიძემ გასაბჭოებულ პოლონეთში დაბრუნება არ ისურვა და უგორსკის გვარით დასახლდა ინგლისში. უკვე ხანში შესულს თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. მუშაობდა ქარხნებში მუშად, მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მაგრამ ლიტერატურული მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. წერდა სტატიებს, როგორც ქართულად, ისე პოლონურად. აქვეყნებდა ემიგრანტულ პრესაში. აქტიურად მონაწილეობდა პოლონეთის ემიგრაციის კულტურულ ცხოვრებაში.  პოლონურიდან ქართულად თარგმნიდა თავის საყვარელ ავტორებს. 1955 წელს ვ. უგრეხელიძეს მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებების ხელნაწერები ლონდონის პოლონური ბიბლიოთეკისთვის გადაუცია. 2010 წელს ბიბლიოთეკამ  539 გვერდიანი ქართული ხელნაწერი –ადამ მიცკევიჩის „პან თადეოზი ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში“, მისი გამოქვეყნების მიზნით, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა ცენტრს გადასცა. თარგმანი წიგნად გამოიცა ცენტრისა და ოსსოლინსკების სახელობის ეროვნული ინსტიტუტის (Ossolineum) ძალისხმევით (ვარშავა, 2011). დღის სინათლეს ელოდება ვიტალი უგრეხელიძის სხვა თარგმანებიც.

ვიტალი უგრეხელიძეს მეუღლე პოლონელი იყო, რომელზეც 1934 წელს დაქორწინებულა. მათ ქალიშვილს სევდიას, ჰყავს ორი ვაჟი – მაიკლი და ენდრიუ. სევდია– დარეჯან უგრეხელიძე–ლუკაჩი რადიო „თავისუფლების“ მიუნჰენის რედაქციის თანამშრომელი იყო გასული საუკუნის 60–70–იან წლებში.

ვიტალი უგრეხელიძე გარდაიცვალა ლონდონში, 82 წლის ასაკში, 1983 წლის 15 იანვარს. მან დაიბარა მისი ფერფლი მდინარე ტემზაში ჩაეყარათ, იქნებ ოდესმე წყალმა  ჩემი სამშობლოს ნაპირებზე გამორიყოსო. მეუღლემ თხოვნა არ შეუსრულა, მისი ფერფლი ოჯახში ურნაში ინახებოდა და აი, 30 წლის შემდეგ,  პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვარშავის უნივერსიტეტის ორგანიზებით ქართველი იუნკერისა და პოლონეთის არმიის მაიორ ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

წყარო: 

1. მიცკევიჩი, ადამ. პან თადეოზი ანუ უკანასკნელი თავდასხმა ლიტვაში = Pan Tadeusz czyli Ostatni zajazd na Litwie : აზნაურთა ამბავი 1811-1812 წლებში : 12 წიგნად და ლექსად თქმული / პოლ. თარგმნა ვიტალი უგრეხელიძემ ; ტექსტი დედანთან შეადარა, ბოლოთქმა დაურთო და გამოსაც. მოამზადა დავით ყოლბაიამ. - [ვარშავა] : ვარშავის უნ-ტი : ოსსოლინსკების სახ. ეროვნ. ინ-ტი, 2011.

2. გულბათიშვილი, გულბათ. სახელოვანი იუნკერის, ვიტალი უგრეხელიძის სამარადისო ხსოვნა : [მოკლე ბიოგრაფიული ცნობები. მოღვაწეობა] // თავისუფლების ტრიბუნა. - პარიზი, 1983. - N40. - გვ.26-28

3. შარაძე გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. წიგნი 3. – თბ., 1993.– გვ.221–227.

ფიფია, ნია. ქართველი იუნკერი, რომელიც პოლონეთის თავისუფლებისთვის იბრძოდა : ვიტალი უგრეხელიძის ნეშტი ქართულ მიწას მიაბარეს // საქართველოს რესპუბლიკა. - 2014. - 8 აპრილი. - N71 (7452). - გვ.4.

 


გააზიარე: