შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ილია კუჭუხიძე![]()
ბიოგრაფიაქართველი ემიგრანტი ილია კუჭუხიძე, რომელიც ცნობილია მინდია ლაშაურის სახელით, ცხოვრობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენთან ახლოს, ქ. კირჰაიმში. აღსანიშნავია, რომ კინდლერის ლიტერატურულ ენციკლოპედიაში = Kindlers Literatur Lexikon შესულია ბიოგრაფიული ცნობები ილია კუჭუხიძის შესახებ. მას ეკუთვნის მრავალი თხზულება საქართველოს ისტორიის, ქრისტიანობის, ქართული სულის შესახებ. ასევე უამრავი ისტორიული მოთხრობა, მოგონებების წიგნი, მხატვრული თხზულებები და წერილები. იგი აქვეყნებდა სტატიებს ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში: „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“, „ივერია“, „მამული“ და სხვ. 1985 წელს ილია კუჭუხიძის სტატიები ქართულ პრესაში პირველმა გამოაქვეყნა პროფესორმა, გერმანისტმა შოთა რევიშვილმა. მაგრამ, სანამ ბატონი ილია მიუნხენში დაიდებდა ბინას, იყო საქართველო. იგი 1906 წლის 18 ივნისს ხობის რაიონის სოფელ აბასთუმანში დაბადებულა. დედა–ქრისტინე ქარდავა, მამა–ვასილ კუჭუხიძე თერძი იყო (ჩოხებს კერავდა). ბავშვობას თავის ჩანაწერებში ძალიან ტკბილად იხსენებს. ხობის სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ ქუთაისში გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში. 1925 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, პარალელურად სწავლობდა სოციალურ–ეკონომიკურზე, იურიდიული განხრით. იურისტობა ძალიან უნდოდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მისი მოწოდება ქართული ფილოლოგია და ქართველი ერის ისტორია იყო. წერა ადრე დაუწყია. პირველი ნაწერი თეატრზე 1924 წელს იოსებ იმედაშვილის ჟუნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ დაუბეჭდავს, ხოლო პროფესორ აკაკი ფაღავას რეკომენდაციით 1931 წელს გამოუქვეყნებია პიესა ,,თებერვალი სოფლად’’, რომელიც დაუდგამთ კიდეც. სხვადასხვა დროს იყო ბათუმის ქართველ მსროლელთა ლეგიონის კლუბის დრამატული წრის წარმომადგენელი (ბათუმში მის მეზობლად ცხოვრობდა პოეტი სიმონ ჩიქოვანი და სწორედ მან მოაწყო ლეგიონის კლუბთან არსებულ ლეგიონერთა დრამწერში მოკარნახედ); მუშაობდა თბილისში მეორე დივიზიის ბიბლიოთეკის გამგედ; ამიერკავკასიის სტატისტიკური სამმართველოს სტატისტიკოსად; კინოს სამმართველოს იურისტად და სხვ. როცა საბჭოთა არმია ბერლინს მიუახლოვდა, მთელი ემიგრაცია ზალცბურგში გადასახლდა. მათ ილიაც თან გაჰყვა. ომი რომ დამთავრდა ბინა ზემო ბავარიის სოფელ რუპოლდინგში დაიდო, სადაც ლუკმა–პურისთვის გლეხებთან მუშაობდა. შემდეგ მიუნხენში ჩავიდა, სადაც უკვე ბედმა გაუღიმა, აკაკი პაპავას რეკომენდააციით მუშაობა ამერიკელების მიერ დაარსებულ რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში დაიწყო მდივნის თანანმდებობაზე. რადიო ,,თავისუფლება’’ 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა. ქართულ ენაზე გადაცემები 1953 წლის 17 მარტს დაიწყო, რაშიც დიდი როლი მიუძღვის ნოე ცინცაძეს. პირველი რედაქციის შემადგენლობაში იყვნენ: რაჟდენ არსენიძე, დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე. ეს სამი პირია ქართული რედაქციის ფუძემდებელი. შემდეგ შეუერთდნენ – ნიკო იმნაიშვილი, კარლო ინასარიძე, ვანიკო ინწკირიშვილი, შალვა კალანდაძე და ა.შ. ილია კუჭუხიძე ორმოცი წლის მანძილზე იყო წამყვანი ქართულ რედაქციაში და ყოველთვის ცდილობდა ეროვნული პრობლემების წინ წამოწევას. საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომელზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო – ქართულ სულზე, ქართულ ღირსებებზე, ტრადიციებზე და ქართველ გმირებზე. რადიო ,,თავისუფლების’’ ყოველი თანამშრომელი თავგამოდებით იცავდა საქართველოს სუვერენიტეტს, არა მხოლოდ ფიზიკური ძალებით, არამედ სიტყვით და რაც მთავარია გონიერებითა და განათლებით. ილია კუჭუხიძე ქართველოლოგ, პროფესორ იულიუს ასფალგის რეკომენდაციით მოღვაწეობდა მიუნხენის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ახალ ქართულ ენას ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ილია საქართველოდან მოშორებით, მიუნხენში ცხოვრობდა, ყოველთვის იცოდა თუ რა მდგომარეობა იყო მის სამშობლოში, ანაღვლებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, თავგადაკლული ქომაგი იყო ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სარწმუნოების. იდეაფიქსად ჰქონდა ქცეული სიტყვები: „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ და ყველგან და ყოველთვის ცდილობდა მისი ქმედებებით რამით მაინც გამოსდგომოდა ქართულ საზოგადოებას. წყარო: 1. ინასარიძე, შუქურა. დაბრუნებული "ქართული სული" : ილია კუჭუხიძის დაბადებიდან 100 წლისთავისათვის : კვირაძალს საკითხავი // საქართველოს რესპუბლიკა. - 2006. - 3 ივნისი. - N106 (5446). - 9 გვ. 2. http://emigrantebi.weebly.com/4312431443124304-43134323433343234334431243314308.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |