The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


კონსტანტინე გვარჯალაძე

კონსტანტინე გვარჯალაძე
სხვა სახელი:კოწია  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1969  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ქართველ სოციალ–დემოკრატთა გამორჩეული წარმომადგენელი კონსტანტინე გვარჯალაძე დაიბადა 1884 წელს. უმაღლესი განათლება შვეიცარიაში მიიღო, რამაც შესამჩნევი დაღი დაასვა, მის სოციალ–დემოკრატიულ შეხედულებებს. რუსული მენშევიზმის მიმდევარ სოციალ–დემოკრატთაგან ის უეჭველად განსხვავდებოდა თავისი მსოფლმხედველობით, სულიერ და გონებრივ საზრდოს პოულობდა ევროპულ ჰუმანისტურ სოციალიზმში, რომლის ამოცანასა და დანიშნულებას პიროვნებისა და ერის თავისუფლებაში ხედავდა. იგი სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში  ყველაზე პროევროპულ წევრად ითვლებოდა და ახლოს იყო ფედერალისტებთან. კონსტანტინე გვარჯალაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1918–1921 წლებში იყო საქართველოს ეროვნული წევრი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1921 წლიდან ემიგრაციაშია – სტამბოლი, ლონდონი, 1928 წლიდან – პარიზი. 1921–24 წლებში იყო სტამბოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი. 1920–30–იან წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში. როგორც ქართული სექციების წარმომადგენელი მონაწილეობდა ერთა ლიგის დამხმარე საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგისა და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში.                                                                                                                 თანამედროვეთა გადმოცემით, კონსტანტინე გვარჯალაძე იყო ნამდვილი ევროპელი. გარდა ქართული და რუსული ენებისა, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რაც ხელს უწყობდა წარმატებით გამოსულიყო სხვადასხვა მაღალავტორიტეტულ შეკრებებზე და უცხო საზოგადოებისთვის გაეცნო საქართველოს წარსული და აწმყო, მოეწოდებინა მხრი დაეჭირათ ქართველი ერის სამართლიანი მოთხოვნებისთვის. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას, თანამშრომლობდა და ხშირად ხელმძღვანელობდა სოციალ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს ყოველთვიურ პერიოდულ გამოცემას, კერძოდ, 1935–1940 წლებში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს, „ბრძოლის ხმის" მთავარი რედაქტორი. გაზეთის ფურცლებზე  გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი წერილებიდან ნათლად ჩანს , თუ როგორი დაძაბული ყურადღებით ადევნებდა თვალს ის სამშობლოში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს, აშუქებდა მათ,  პასუხს აძლევდა და ამხელდა იმ ფალსიფიკატორებს, ვინც აყალბებდა დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში მომხდარ მოვლენებსა და ფაქტებს.

კონსტანტინე გვარჯალაძისა და მისი მეუღლის, ბაბულია კანდელაკის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. მათ მართლაც ვერ წარმოედგინათ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე და როცა 1968 წლის, 11 დეკემბერს ბატონმა კონსტანტინემ ცხოვრების თანამგზავრი დაკარგა, მან უარი თქვა სასმელ–საჭმელზე, ოთახში ჩაიკეტა და დაუძლურებული მიიცვალა 1969 წლის 3 იანვარს სოფელ აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში. ლევილის მამულში სათანადო პატივის მიგების შემდეგ დაკრძალეს მეუღლის გვერდით, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო: 

1.ქართველები უცხოეთში. წ. 1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე [და სხვ.]. – თბ., 2012. – გვ. 60.

2.  შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ 6. – თბ., 2005.– გვ. 12–13.


გააზიარე: