The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ნიკოლოზ ჭუმბურიძე

ნიკოლოზ ჭუმბურიძე
სხვა სახელი:კოლია  (შემოკლებული ფორმა)
კაჟი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:20 ნოემბერი, 1933  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე დაიბადა 1886 წელს იმერეთში, სოფელ ქვედა სიმონეთში. იგი გახლდათ ქართველ სოციალ–დემოკრატთა ერთ–ერთი ლიდერი დასავლეთ საქართველოში და გამორჩეული ორგანიზატორი. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, დაამთავრა პრაღის სლავური უნივერსიტეტი თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებში „კაჟის“ ფსევდონიმით.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დაახლოებით ექვსი თვე, ნიკოლოზ ჭუმბურიძე სამშობლოში დარჩა და გარკვეული ხანი გრიგოლ ლორთქიფანიძესა და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად „ჩეკას“ სარდაფებში გაატარა. იგი 1921 წლის 21 მაისს დააპატიმრეს. საქართველოში ყოფნის პერიოდში, მათ შორის ციხეში ყოფნის დროს, ნიკოლოზ ჭუმბურიძე აგროვებდა მასალას ბოლშევიკების საქმიანობაზე. ინფორმაციის მოპოვება კონსპირაციულად, სხვადასხვა ხერხით უხდებოდა. როგორც თავად წერს, ძალზე გამოადგა მეფის რუსეთის პერიოდში არალეგალური საქმიანობის დროს მიღებული გამოცდილება, ძველი კავშირები და ბოლშევიკებთან ნაცნობობა. ციხიდან გამოსვლისა და ემიგრაციაში წასვლისთანავე, 1921 წლის 20 სექტემბერს, სტამბოლში მყოფ საქართველოდან განდევნილი მთავრობის წევრებს მან წარუდგინა მოხსენება: „საბჭოთა  საქართველოს ცხოვრებიდან –  ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი“.  ნაშრომი მოიცავს პერიოდს 1921 წლის 17 მარტიდან – 28 აგვისტომდე და მასში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა  ბოლშევიკების მმართველობის პირველ თვეებში. ნიკოლოზ ჭუმბურიძე მოხსენებას ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი წერით შეგაწუხეთ, მაგრამ მგონია, რომ ყოველივე ეს თქვენთვის საინტერესოა“.  

ეს დოკუმენტი ინახება საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში და დღესაც დიდ ინტერესს იწვევს. სწორედ ამიტომ 2013 წელს ეროვნულმა არქივმა ეს ნაშრომი გამოსცა დიმიტრი სილაქაძის წინასიტყვაობითა და კომენტარებით.

1921 წლის სექტემბრიდან ნიკოლოზ ჭუმბურიძე ემიგრაციაში ცხოვრობდა. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ–გაზეთებთან: „კავკასიონი“, „მხედარი“, „ბრძოლა“, „სამშობლოსათვის“, „დამოუკიდებელი საქართველო“. იბეჭდებოდა „კაჟისა“ და „ალფას“ ფსევდონიმით“.

ტრაგიკულია ნიკოლოზ ჭუმბურიძის პირადი ცხოვრება. ემიგრაციაში წასულს, მას საქართველოში დარჩა ახალგაზრდა მეუღლე, მარიამი და შვიდი თვის ვაჟი, ჯუმბერი. მარიამ არჩილის ასულ ჩხეიძეს (1884–1950) მოსკოვის ქალთა უმაღლესი კურსები ჰქონდა დამთავრებული. ასწავლიდა ისტორიას, გეოგრაფიას, რუსულ ენასა და ლიტერატურას. მასწავლებლობდა ჯერ ქუთაისში, შემდეგ ჭიათურაში. აქ დააარსა ქალთა პირველი სასწავლებელი და იყო მისი პირველი დირექტორი. 1938 წლიდან თბილისში გააგრძელა პედაგოგიური მოღვაწეობა. ჯუმბერ ჭუმბურიძე გახლდათ ლიტერატურათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვაჟა–ფშაველას კაბინეტის გამგე.

მარტოობამ, ცოლ–შვილზე დარდმა და ემიგრანტის ცხოვრების მძიმე ხვედრმა ნიკოლოზ ჭუმბურიძე ტუბერკულოზით დააავადა. 8 წელი მძიმე ავადმყოფი იყო და 1933 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.  

წყარო: 

1. ჭუმბურიძე, ნიკოლოზ. საბჭოთა საქართველოს ცხოვრებიდან : /ბოლშევიკების ექვსი თვის ბატონობის სურათი // წინასიტყვ. და კომენტ. დიმიტრი სილაქაძე ; საქ. ეროვნ. არქივი. - თბ., 2013.

2. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 6. – თბ., 2005. – გვ.234–236.


გააზიარე: