The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შალვა ქარუმიძე

შალვა ქარუმიძე
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:1 მარტი, 1952  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბერნი, შვეიცარია
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე დაიბადა 1885 წელს, გორის მაზრის სოფელ თორტიზაში. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ – მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე – ანნა ვასილის ასული ზოლოტარსკაია, რომელთანაც 1909 წელს შეეძინა ერთადერთი ასული – თინა. თბილისში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად. ამავე პერიოდში გაწევრიანდა ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში და ჩაება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.   

ცნობილია ერთი ფაქტი შალვა ქარუმიძის ბიოგრაფიიდან: 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, საქართველო ოსმალეთის ჯარების შემოსევის საფრთხის წინაშე დადგა. რაკიღა იმხანად ქართველები და რუსები მოკავშირეები იყვნენ, კავკასიის ფრონტის სარდლის მოადგილე, გენერალი მიშლიაევსკი თბილისში ჩამოვიდა და აქაურ პოლიტიკურ ელიტას გა­უ­გო­ნარი სცე­ნარი შესთა­ვა­ზა – ე.წ. „გადამწვარი მი­წის” სტრა­ტე­გი­ა. ოსმალები მაინც შემოიჭრებიან და აგვაოხრებენ, ამიტომ სარგებელი რომ არავის შეხვდეს, თავად ავაფეთქოთ თბილისი და საქართველოს სხვა ყველა დიდი ქალაქი, გადავწვათ ტყეები, ბაღები და ვენახები, ქართველები რუსეთში გადავასახლოთ, ხოლო შემოსეულ თურქებს არაფერი დავუტოვოთ ნაცრისა და ნანგრევების გარდაო. მიშ­ლი­ა­ევ­ს­კის ბრძა­ნე­ბა ქარ­თ­ველ თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა შეკ­რე­ბა­ზე გე­ნე­რალ­მა კო­ტე აფხაზ­მა წა­ი­კითხა. ბრძა­ნე­ბის ში­ნა­არ­ს­მა შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დრო­ე­ბით და­ა­დუ­მა, ზოგს ორ­ჭო­ფო­ბაც და­ეტყო. კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა მოულოდნელად დარბაზში შემოჭრილი შალვა ქარუმიძე, რომელმაც შესძახა, ყველა გასასვლელ კართან ყუმბარიანი ჯარისკაცები მყავს ჩაყენებული და ვინც საქართველოს აოხრების გეგმას ხმას მისცემს, აქვე ყვე­ლას აგა­ფეთ­ქებ­თო...  ქარუმიძის სიცრუემ გაჭრა და გეგმა ჩავარდა. 

შალვა ქარუმიძე ყოველთვის კისრულობდა ყველაზე რთული დავალების შესრულებას,  თამამად გადადიოდა ერთი ქვეყნიდან მეორეში, მართავდა მოლაპარაკებებს ყველგან და ყველასთან ვინც მისი ქვეყნის მტრის მტერი იყო. მას ერთადერთი მიზანი ამოძრავებდა, როგორმე დაებრუნებინა სამშობლოსთვის თავისუფლება. 1917 წელს, გერმანიის პოლიტიკურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად, შალვა ქარუმიძე საქართველოდან ჩავიდა სტოკჰოლმში, სადაც შეხვდა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ წევრებს, ბერლინიდან ჩასულ გიორგი მაჩაბელსა  და მიხეილ წერეთელს. მათ ერთობლივად შეიმუშავეს გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღის შემოტანის გეგმა და განახორციელეს კიდეც იმავე წლის ოქტომბერში.

1917 წლის ნოემბერ–დეკემბერში, როცა რუსი ჯარისკაცები უკან იხევდნენ, ოსმალები წინ მოიწევდნენ, ქართული არმია კი არ არსებობდა, აუცილებელი გახდა თუნდაც ერთი სამხედრო შენაერთის შექმნა საქართველოს საზღვრების დასაცავად. გენერალმა მაზნიაშვილმა ქაქუცა ჩოლოყაშვილი და შალვა ქარუმიძე მოხალისეთა რაზმების შესაკრებად გააგზავნა ხევსურეთში, სადაც მათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ. მოკლე ხანში შეკრებილ იქნა ოთხასამდე ხევსური მოხალისე რომლებიც დააბინავეს თბილისის სამხედრო სკოლაში და დაუნიშნეს საკმაო რაოდენობის ოფიცრები საბრძოლო მოქმედებებისათვის მოსამზადებლად.

1918 –1921 წლებში შალვა ქარუმიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობაში. იყო დამფუძნებელი კრების წევრი, მისი ხელმოწერა ამშვენებს  26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. მან ძმასთან ერთად დააარსა საკრედიტო ბანკი სოფელ თორტიზაში, შექმნა მატყლის დამამზადებელი ამხანაგობა ხევსურეთში „მწყემსის“ სახელწოდებით.

1921 წლის თებერვლის ბრძოლების დროს კოჯორ–ტაბახმელაში ხევსურები ძირითადად განაწილებული იყვნენ  ჩოლოყაშვილის ცხენოსან და შალვა ქარუმიძის ფეხოსან ნაწილში. მათ დაევალათ დაეცვათ და მცხეთამდე მიეცილებინათ თბილისიდან უკანდახეული ქართული ჯარის ნაწილები და ლტოლვილი მოსახლეობა, რომელთაც მატარებლით ბათუმისკენ წასვლა უნდოდა. 

1921 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, შალვა ქარუმიძე ემიგრაციაში არ წასულა, საქართველოში დარჩა და განაგრძობდა საქმიანობას მატყლის დამამზადებელ ამხანაგობაში. 1924 წელს, ამბოხებამდე ცოტა ხნით ადრე იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ ახალი საფეიქრო ტექნიკა–დანადგარების ჩამოსატანად. სტამბოლში ყოფნისას გაიგო აჯანყების დამარცხებისა და მისი ძმის, საშას (ალექსანდრე) დახვრეტის ამბავი. თბილისის მაუდ–კამვოლის ფაბრიკისთვის შეძენილი დანადგარებით დატვირთული გემი ბათუმში გამოაგზავნა, თვითონ კი სტამბოლიდან გერმანიაში გადავიდა და აქტიურად ჩაერთო ანტისაბჭოთა საქმიანობაში.

ამ დროს შექმნილმა საერთაშორისო ვითარებამ, ბოლშევიზმის აღმოფხვრის დაუოკებელმა სურვილმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა დააახლოვა ერთმანეთთან საერთაშორისო ანტისაბჭოთა ძალები და ქართველი ემიგრანტები. ეროვნულ–დემოკრატებმა – სპ. კედიამ, შ. ქარუმიძემ, ვ. სადათიერაშვილმა და სხვებმა გერმანელ ნაციონალისტებთან ერთად საბჭოთა ეკონომიკის დასასუსტებლად  განიზრახეს ყალბი საბჭოთა ფულის ბეჭდვა. შალვა ქარუმიძე ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის წლებში თანამშრომლობდა გერმანელებთან, შემდეგ  ვასილ სადათიერაშვილის დახმარებით გაეცნო გერმანელ მაღალჩინოსნებს. თავად სადათიერაშვილი თეთრგვარდიელ გენერალ ავალოვ-ბერმონდტთან (ავალიშვილთან) პირად მდივნად მუშაობდა. ედპ-სა და „კავკასიის განთავისუფლების კომიტეტის“ თავმჯდომარემ სპ. კედიამ შალვა ქარუმიძე აღჭურვა  სარეკომენდაციო წერილებით. ერთ-ერთ ასეთ სარეკომენდაციო წერილში (1925 წ. 3 მარტი) ნათქვამია: „მე ვგონებ ამჟამად გერმანელ ნაციონალისტთა ინტერესები ემთხვევა ქართველი ხალხის ნაციონალურ მისწრაფებებს, ამიტომ ჩვენი ხალხების ნაციონალურ ძალებს შორის ინტერესებს შეუძლია მუდმივ თანამშრომლობამდე და პრაქტიკულ შეთანხმებამდე მიგვიყვანოს, რაც ორივე პარტიის ძირითად ინტერესებს შეესაბამება“. ეს წერილი ჩაბარდა მიუნხენში მცხოვრებ გადამდგარ კაპიტან დოქტორ ვებერს. იგი ჰიტლერთან, ერხარდტთან და პანგერმანულ კავშირთან დაახლოებული პირი იყო. მისი გეგმით საქართველო და უკრაინა იყო ის ქვეყნები, საიდანაც შეიძლებოდა მსოფლიო ბოლშევიზმის დასამარება.

ყალბი „ჩერვონეცების“ აქციის კურსში გერმანიის მმართველი წრეებიც იყვნენ – საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთ–ერთი უდიდესი „დრეზდენერ ბანკი“, გერმანული არმიის ყოფილი სარდალი, ბარონი ფრიდრიხ ზიგმუნდ კრეს ფონ კრესენშტაინი და კაპიტანი ჰერმან ერჰარდტი, ნაციონალ–სოციალისტური პარტიის ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა, რომელმაც ქარუმიძესთან, დახმარების მიზნით, მიუნხენში მიავლინა საერთაშორისო ავანტიურისტი ჯორჯ ბელი, ამგვარ საქმეთა დიდოსტატი.

უკვე 1926 წლის შემოდგომაზე მიუნხენში, შნაიდერის სტამბაში ოთხეულმა – ქარუმიძემ, სადათიერაშვილმა, ვებერმა და ბელმა – დაამზადა ყალბი „ჩერვონეცების“ პირველი პარტია – 15 ათასი ცალი ერთ, ორ და ათ „ჩერვონეციანი“ ნიშნები. მალე „საქმე“ გადატანილ იქნა მაინის ფრანკფურტში, ბიოლეს სტამბაში, სადაც მან ჭეშმარიტად ფართო ხასიათი შეიძინა და მილიონებს დაუპირისპირდა.

1927 წლის ზაფხულში გერმანიის სათანადო ორგანოებმა მიიღეს მრავალი შეტყობინება ყალბი ჩერვონეცების შესახებ. ყალბი ფულის მოჭრით მხოლოდ საბჭოთა კავშირი რომ დაზარალებულიყო, საქმე, ალბათ, მიჩუმათდებოდა, მაგრამ ამ ფაქტმა მატერიალურად დააზარალა გერმანელი მეანაბრეები და ბანკები. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციაში მიხვდნენ, რომ ამ აფიორას საერთაშორისო საფუძველი ედო და რომ ყალბი ფულის მჭრელების უკან სხვა პირები იდგნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით 1930 წლის 8 თებერვალს ბეკერი, ბელი და შმიდტი გაამართლეს, ქარუმიძის, სადათიერაშვილისა და დოქტორ ვებერის წინააღმდეგ აღძრული საქმე ამნისტიის გამო შეწყვიტეს და ერთადერთი ბრძანება დაპატიმრების შესახებ (იგი ეხებოდა სადათიერაშვილს) გააუქმეს. სასამართლო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირისთვის სილის გაწნა იყო. იგი მიუთითებდა იმაზე, რომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, დაუსჯელი დარჩებოდა. პარალელურად მიმდინარე საბჭოთა  სასამართლო პროცესზე შალვა ქარუმიძეს დახვრეტა მიესაჯა (დაუსწრებლად).

ცხადია, საბჭოთა მთავრობა ამ შეურაცხყოფას უყურადღებოდ არ დატოვებდა. განხორციელდა სათანადო დიპლომატიური ღონისძიებები. ამავე დროს წარმოიშვა გერმანიის ხელისუფლებისათვის უფრო სერიოზული მნიშვნელობის ფაქტორი - მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. გერმანიის ბურჟუაზიამ სწრაფად გააცნობიერა თუ რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სსრ კავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის გაუარესებას. ამან განაპირობა 1930 წლის ზაფხულში სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლა. ქარუმიძეს მიუსაჯეს 2 წელი და ათი თვე, სადათიერაშვილს ორი წელი, შმიდტი და ბელი მცირეოდენი თანხით დააჯარიმეს. სადათიერაშვილს წინასწარ პატიმრობა სასჯელის მოხდაში ჩაუთვალეს და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ქარუმიძე კი ამ დროს შვეიცარიაში ცხოვრობდა. ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება ქაღალდზე დარჩა. გერმანიაში ნაციონალ–სოციალისტური პარტიის ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1934 წლის 28 ივნისს, ეს განაჩენიც გაუქმდა. სადათიერაშვილსა და  ქარუმიძეს შესაძლებლობა მიეცათ „მესამე რაიხისათვის“ შეეფარებინათ თავი.

შალვა ქარუმიძე იყო გერმანიის ქართველ ნაციონალისტთა ორგანო „კლდის“ ერთადერთი და უცვლელი რედაქტორი. გაზეთი გამოდიოდა 1934–36 წლებში ბერლინში. 1934 წლის ივლისის #1–ში გამოქვეყნებულ რედაქტორის მოწინავე წერილში ვკითხულობთ: „ქართველი ერის ხსნა, მისი გამარჯვებისა და დიდებისკენ სვლა ქართულ ნაციონალიზმში უნდა ვეძიოთ. ამიტომ სწორედ ქართული ნაციონალიზმი უნდა გავიხადოთ ჩვენი ბრძოლის დროშად“.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ შალვა ქარუმიძე შვეიცარიაში გადავიდა. გარდაიცვალა 1952 წლის 1 მარტს ბერნის სულით სნეულთა სამკურნალოში. დაკრძალულია ბერნშივე. 

შალვა ქარუმიძის ქალიშვილი – თინა ქარუმიძე პროფესიით გახლდათ არქიტექტორ–რესტავრატორი. მუშაობდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ძველი ქართული ხელოვნების განყოფილების გამგედ. გარდაიცვალა 1982 წელს. მისი შვილებია – ვაჟა და გაიანე ხიმშიაშვილები.  

წყარო: 

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 6. – თბ., 2005. – გვ. 279–284.

2. თვალავაძე, მაია. ყალბი ჩერვონეცები // საქართველოს რესპუბლიკა. - 2009. - 13 ივნისი. - N117 (6218). - 6 გვ.


გააზიარე: