The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სერგო ყურულიშვილი

დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1894
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1925  (30 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვოლსკის მართლმადიდებლური სასაფლაო, პოლონეთი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

1921 წლამდე პოლონეთის ქართული ემიგრაცია რამდენიმე კაცს ითვლიდა. კერძოდ, ესენი იყვნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩი პოლონეთში, თავადი გიორგი სიდამონ-ერისთავი და მისი რამდენიმე მხლებელი, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც შემდგომში უდიდესი წვლილი შეიტანეს ვარშავის ქართული კოლონიის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ალექსანდრე გოძიაშვილი და სერგო ყურულიშვილი. ამ რამდენიმე ადამიანმა ვარშავაში ჩამოაყალიბა ქართველთა კომიტეტი, რომელსაც სიდამონ–ერისთავი ჩაუდგა სათავეში. კომიტეტი არსებობდა 1921 წლამდე, ანუ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დაკარგვამდე და გიორგი სიდამონ–ერისთავის მიერ ვარშავის დატოვებამდე.

პოეტი და ჟურნალისტი სერგო ყურულიშვილი დაიბადა 1894 წლის 4 სექტემბერს საჩხერის რაიონში ვანო ყურულიშვილისა და ეკატერინე ნაზარიშვილის ოჯახში. იგი ემიგრაციაში საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, 1918 წელს წავიდა. 1918–24 წლებში სერგო ყურულიშვილი  საქართველოს კონსული იყო პოლონეთში. ვარშავაში დასახლებისთანავე მან აქტიური საქმიანობა დაიწყო ემიგრანტთა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციისათვის. იგი პოლონელ მკითხველს ყოველკვირეულ ჟურნალ „პრჟიმიერჟეს“ (კავშირი“) ფურცლებიდან აცნობდა იმდროინდელი საქართველოს პრობლემებს. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ჟურნალს 1921 წლიდან გამოსცემდა პოლონეთში მოქმედი განთავისუფლებულ ხალხთა ურთიერთდაახლოების კავშირი.

პოლონეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1920 წელს, შეიქმნა ქართულ–პოლონური კლუბი (საქართველო–პოლონეთის კლუბი). კლუბის ორგანიზაციული კომიტეტის მდივნად აირჩიეს სერგო ყურულიშვილი, ხოლო სტატუსის დამტკიცებისა და ხელმძღვანელობის არჩევის შემდეგ (1920 წლის დეკემბერი) იგი გახდა კლუბის დამფუძნებელი საბჭოს თავმჯდომარე. ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა ქართველი და პოლონელი ხალხის ეკონომიკური და კულტურულ–საზოგადოებრივი დაახლოება. პრაქტიკულად კი კლუბი იძულებული შეიქნა თავისი მოღვაწეობა საქართველოს შესახებ სხვადასხვა სახის ცოდნის პოპულარიზაციამდე შეეზღუდა. მის ფარგლებში გამოშვებულ იქნა ერთჯერადი ჟურნალი „ამირანი“, რომელიც ქართველი და პოლონელი ხალხების ისტორიას ეძღვნებოდა. მისი რედაქტორი სერგო ყურულიშვილი იყო.

საქართველოს თავისუფლების დაკარგვამ სერგოს პოლონეთში მოუსწრო. მან კიდევ უფრო გააქტიურა თავისი მუშაობა ამ ქვეყანაში. 1922 წლის პირველ ნახევარში ვარშავაში ჩამოყალიბდა პოლონეთის საქართველოს კომიტეტი, რომლის პირველი თავმჯდომარე სერგო ყურულიშვილი იყო.  კომიტეტი გარკვეულ ფარგლებში საქართველოს ემიგრაციული მთავრობის (რეზიდენცია პარიზში) ფუნქციებს ასრულებდა, მატერიალურ დახმარებას უწევდა ქართველ ემიგრანტებსა და მათ ოჯახებს, ორგანიზებას უკეთებდა ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნასა და მეგობრულ შეხვედრებს, ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას, რომელიც ფინანსური სირთულეების გამო საკმაოდ შეზღუდულ იყო. დაიბეჭდა ორი ერთჯერადი ჟურნალი „პროგეორგია“ (1922) და „პროპატრია“ (1923). ალბათ კომიტეტის მოწადინებით, მაგრამ მისი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, მოგვიანებით გამოცემული იქნა სხვა ქართული ერთჯერადი ჟურნალებიც, როგორც ვარშავული ჟურნალების სპეციალური ნომრები. 1923-1924 წლებში  სერგო ყურულიშვილის რედაქტორობით გამოდის ჟურნალი „გლოს ვსხოდუ“, რომელიც ძირითადად საქართველოს საკითხებს ეხებოდა. ყურულიშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1925 წელს მისმა ძმამ იანმა (ვანომ) სცადა ჟურნალ „ვსხუდ ი პოლსკას“ გამოშვება.

განათლებით სერგო ყურულიშვილი ინჟინერ–არქიტექტორი იყო, მაგრამ მისი მოწოდება მწერლობა აღმოჩნდა. 1922-1923 წლებში მისი ინიციატივითა და თაოსნობით დაიწყო გამოსვლა ისეთმა პოპულარულმა ჟურნალმა, როგორიც იყო „ვარშავის კურიერი“. ჟურნალი დიდ ყურადღებას უთმობდა აღმოსავლეთისა და განსაკუთრებით, საქართველოს პრობლემატიკას. 1924 წლიდან ამ ჟურნალს სახელი შეეცვალა და „აღმოსავლეთის ხმა“ ეწოდა. მის ფურცლებზე თავიანთ წერილებს აქვეყნებდნენ პოლონური ლიტერატურის კორიფეები. ეს ჟურნალი რომ მეტად საინტერესო იყო, ამას სერგო ყურულიშვილისადმი მკვეთრად ანტისიმპათიით განწყობილი ადამიანებიც არ ფარავდნენ. ზოგიერთ წერილსა და ლექსს, როგორც საკუთარი სახელით, ასევე „ტაიფუნის“ ფსევდონიმით თავადაც ათავსებდა. ჟურნალმა „აღმოსავლეთის ხმამ“ გამოსვლა შეწყვიტა მისი რედაქტორის იდუმალებით მოცული სიკვდილისთანავე.

სერგო ყურულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. იგი 1925 წლის 25 მარტს, დღის სამ საათზე, კაფეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სტეფან ლიკიერნიკმა, მხატვარ პალინა სას–ვუიციცკის ეჭვიანმა ქმარმა. ამ მკვლელობამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელს პოლონეთში. ჭორები მის შესახებ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე კვებავდა ბულვარულ პრესას. პოეტის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი ნეკროლოგები იუწყებოდნენ მისი უდიდესი ენერგიისა და საოცარი შრომისმოყვარეობის შესახებ, რაც გამოიხატა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ყოფის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში, ბროშურებში, ლექსებსა და საერთოდ მთელ მის მოღვაწეობაში. დაკრძალულია ვოლსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

დღეს უკვე დადგენილია, რომ სერგო ყურულიშვილი იყო ოციანი წლების დასაწყისში ვარშავაში წამოწყებული ნებისმიერი კულტურულ–ორგანიზაციული საქმის ინიციატორი და აქტიური მონაწილე. თვალსაჩინოებისთვის საკმარისია ჩამოვთვალოთ 1921–23 წლებში მისი ავტორობით ვარშავაში პოლონურ ენაზე გამოქვეყნებული წიგნები: „საქართველო“ (1921); „ტალღები“ (1921);  „საქართველო ბოლშევიკთა უღელქვეშ“ (1922); „ვარდების კონა“ (1923); „ვარსკვლავთცვენა“ (1923); „ბოლშევიკური საშიშროება“ (1923).

სერგო ყურულიშვილი დაქორწინებული იყო პოლონელ ქალზე, მარიაზე. 1921 წელს პოლონეთში ჩაიყვანა უმცროსი ძმა, ვანოც, რომელიც სამუდამოდ დარჩა პოლონეთში. იგი თავდადებით იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ 1944 წლის ვარშავის აჯანყების დროს. 1945 წელს , პოლონეთში საბჭოთა ძალების შესვლის შემდეგ, დააპატიმრეს. ჯერ რემბერტოვოს ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეული, შემდეგ ბრესტის ციხეში გადაიყვანეს. ახლობლების დიდი მცდელობის შედეგად მოხერხდა მისი პოლონეთის უშიშროებისთვის გადაცემა. სტალინის სიკვდილის შემდეგ მან კვლავ გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება. ვანო და მისი პოლონელი მეუღლე, ლუცინა, მაქსიმალურად ცდილობდნენ ოჯახში ქართული ტრადიციების დაცვას. მათ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ქართველები და სამშობლოს საჭირბოროტო საქმეებზე საუბრობდნენ. საქართველოს სიყვარულით აღზარდეს მათ ორი შვილი – თამარი და სერგო. ლუცინა ყურულიშვილი გარდაცვალებამდე (1994, 1 სექტემბერი) საქართველო–პოლონეთის საზოგადოების ერთ–ერთი აქტიური წევრი იყო.

I და II მსოფლიო ომთაშორის პერიოდში არსებული ქართულ-პოლონური კლუბის ტრადიციებზე დაყრდნობით, პოლონეთ-საქართველოს საზოგადოების წევრების ჯგუფმა, 1995 წელს ვარშავაში ჩამოაყალიბა "საქართველოს კლუბი 1920". მისი თავმჯდომარეა ვანოს ვაჟი, ბიძის სეხნია სერგო ყურულიშვილი. კლუბის ძირითად მიზანია კონფერენციების, სემინარების, საქართველოში პოლონეთის, ხოლო პოლონეთში საქართველოს შესახებ ცოდნის პროპაგანდის ორგანიზაცია. კლუბი ვარშავაშია, მაგრამ მისი  საქმიანობა მოიცავს სრულიად პოლონეთს.

წყარო: 

1. გრიშიკაშვილი ამბროსი. ქართველები პოლონეთში. – თბ., 2008. – გვ. 56– 84.


გააზიარე: