The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ პაზიაშვილი

თამარ პაზიაშვილი
დაბადების თარიღი:1980  (44 წლის)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორი, წარმატებული ქართველი მეცნიერი თამარ პაზიაშვილი ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael prize-ით დააჯილდოვეს. Michael Prize ეპილეფსიის შესწავლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემათ მეცნიერებს. Michael Prize-ი ნობელის პრემიის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება.

თამარ პაზიაშვილს ამერიკაში თამარ პაზის სახელით იცნობენ. 34 წლის მეცნიერებათა დოქტორს ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებით, მღრღნელებს ოპტოგენეტიკის დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები დაწყებისთანავე უწყდებათ. ეს ხერხი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ტვინის გარკვეული უჯრედები სინათლის საშუალებით გაააქტიურონ ან „გამორთონ.“ ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია.

თამარ პაზი (პაზიაშვილი) დაიბადა თბილისში 1980 წელს. სკოლის რვა კლასი თბილისში დაამთავრა და 1994 წელს დედასთან ერთად საფრანგეთში  გაემგზავრა. დედა, ისევე როგორც მისი ოჯახის უმეტესი ნაწილი, ფიზიკოსია და იმჟა­მად ცერნში (ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია) მუშაობ­და. თამარმა სწავლა ვოლტერის სახელობის ლიცეუმში გააგრძელა, სა­დაც მისი მათემატიკის ცოდნის დო­ნის შეფასების შემდეგ ორი კლასით წინ დასვეს, თუმცა იმ დროს ფრანგული საერთოდ არ იცოდა. შესაბამი­სად, ორი წლით ადრე წარმატებით დაამთავრა ლიცეუმი და ჩაირიცხა ლიონის სამედიცინო ინსტიტუტში. უმაღლესი განათლება პარიზის მარი და პიერ კიურის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. მესამე კურსზე იყო, როდესაც­ ასტრობიოლოგიურ კონფერენციაზე გა­იცნო იტალიელი ფიზიკოსი, ის­იც ფიზიკოსების ოჯახიდან და მალევე გაჰყვა ცოლად, ამას ერთ წელიწა­დში მოჰყვა დისერტაციის დაცვა კოლეჯ დე ფრანსში.

2007 წელს ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც თამარმა  სტანფორდის უნივერსიტეტში პოსტ დოკტორანტის პოზიცია დაიკავა, მეუღლემ კი ნასაში დაიწყო მუშა­ობა. ამერიკაში შეეძინათ შვილი, სოფო, რომელსაც ძალიან უყვარს დედის სამშობლო – საქართველო. ნიჭმა და დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. 33 წლის ასაკში თამარ პაზიაშვილი გახდა სან ფრანცისკოსა და სტანფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი და ლაბორატორიის გახსნის შეთავაზება მიიღო გლადსტოუნის ინსტიტუტისგან. ლაბორატორია მის სახელს ატარებს (პაზ ლაბ) და ადამიანის ტვინისა და ტვინის პრობლემების შესწავლით არის დაკავებული. თამარი თვლის, რომ რთულ, მაგრამ უზომოდ საინტერესო და საჭირო საქმეს აკეთებს. გლადსტოუნის უნივერსიტეტის ნეირონული დარღვევების შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ლენარტ მაკი ამბობს, რომ უნივერსიტეტი ძალიან ამაყობს ახალგაზრდა მეცნიერის მიღწევებით.

თამარ პაზიაშვილს ქართველ კოლეგებთან ჯერჯერობით ხშირი კონტაქტი არა აქვს. 2014 წლის ივლისში  იგი ჩამოვიდა პრეზიდენტ სააკაშვილის ბიბლიოთეკის მოწვევით და ჰქონ­და პირველი შეხვედრა ქართველ საზოგადოებასთან. მისი მოხსენება ეპილეფსიის მკურნალობაში ახალ მიდგომებსა და მიმდინარე კვლევებს შეეხებოდა. ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მეთოდი ახალი სიტყვაა ნევროლოგიურ მეცნიერებებში. ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

თამარ პაზიაშვილს ჯილდო 2015 წლის სექტემბერში, ეპილეფსიის საერთაშირისო კონგრესზე სტამბოლში გადაეცემა.  „ძალიან მიხარია ამ პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მიღება. დიდი ბედნიერებაა, როცა ნაშრომი გიფასდება. ეს მუშაობის გაგრძელების მოტივაციასა და იმის რწმენას იძლევა, რომ სასარგებლო საქმეს აკეთებ.  ჩემი კოლეგები, რომლებმაც ეს ჯილდო მიიღეს ეპილეფსიის კვლევის სფეროში და ზოგადად ნეირო-მეცნიერებებში, უბრწყინვალესი მკვლევარები არიან. შესაბამისად, ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება“, – ამბობს მეცნიერი.

წყარო: 

1. პაზიაშვილი, თამარ. "სანთლის შუქზე ნახევრად მშიერი, გამწარებული ვსწავლობდი" : ინტერვიუ / თ. პაზიაშვილი ; ესაუბრა ხათუნა მგალობლიშვილი // პრაიმტაიმი. - თბილისი, 2015. - 4 მაისი. - N17. - გვ.22.

2. http://goodnews.on.ge/news/212-kartvel-mecniers-epilepsiis-kvlevis-sakitxebshi-shetanili-cvlilistvis-michael-prize-gadaeca


გააზიარე: