The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკო ნაკაშიძე

ნიკო ნაკაშიძე
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1966  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1920–იანი წლების პოლიტიკური ემიგრაციის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ნიკო ნაკაშიძე დაიბადა 1899 წელს წარჩინებულ ქართულ ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას სულ ორი საათი ეთმობოდა, რაც ცხადია საკმარისი არ იყო მშობლიური ენის საფუძვლიანად შესწავლისთვის. დანაკლისის შესავსებად ნიკო ნაკაშიძემ დააარსა ლიტერატურული წრე. აქ იკითხებოდა რეფერატები, იმართებოდა კამათი მოხსენებათა გარშემო. ეს წრე პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ნიკოს თანატოლებში, ასევე იმ დროს ქუთაისში მცხოვრებ ლიტერატურულ მოღვაწეებშიც – პარმენ ცახელი (თვალჭრელიძე), იოსებ ოცხელი, კიტა აბაშიძე, ვასილ წერეთელი...

გიმნაზისტი ნიკო ნაკაშიძე პოლიტიკაშიც აქტიურად ყოფილა ჩართული. კლასიკურ გიმნაზიაში მას  ჩამოუყალიბებია ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის თანამოაზრეთა მოზარდი თაობის ჯგუფი. აგრეთვე, დაკავშირებია ქუთაისის ქართული გიმნაზიის მოსწავლეთა ამგვარსავე ორგანიზაციას და გამოუჩენია იშვიათი პოლემისტისა და ჩინებული მოკამათის ნიჭი... ყმაწვილ ნიკოს ქუთაისშივე გაუცვნია უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი სპირიდონ კედია და მასთან ახლო ურთიერთობა დაუმყარებია. 

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ ნიკო ნაკაშიძეს გიმნაზიის მერხზე მოუსწრო და ისიც თავის თანაგუნდელებთან ერთად აღფრთოვანებით ჩაება რევოლუციურ გამოსვლებსა და მიტინგებში...

ნიკო ნაკაშიძეს წილად ხვდა ბედნიერება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მშენებლობის თანამონაწილე ყოფილიყო. როცა დადგა სამშობლოს დაცვის საკითხი იგი უყოყმანოდ გაჰყვა სამხედრო კარიერას და როგორც ქართული ლაშქრის ოფიცერი მონაწილეობდა თითქმის ყველა ომში, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში. განსაკუთრებით გამოუჩენია თავი სომხეთთან ომში საკუთარ მოხალისეთა რაზმთან ერთად.

საქართველოს დამოუკიდებლობის დამხობამ 1921 წლის თებერვალ–მარტში ნიკო ნაკაშიძეზე თავზარდამცემი გავლენა მოახდინა. მან თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ქუთაისში თავის ოჯახს დაუბრუნდა. მაგრამ არსებულ სიტუაციაში გულგრილი მოწმის როლში ყოფნა ვერ შეძლო, გააჩაღა ორგანიზაციული მუშაობა და უკვე 1922 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის წლისთავზე, მოაწყო დიდი გამოსვლები. იგი დააპატიმრეს, ჩასვეს მეტეხის ციხეში და მალე, სხვა სამოცზე მეტ ქართველ პატრიოტთან ერთად, გაასახლეს საზღვარგარეთ.

უცხოეთში ნიკო ნაკაშიძე გერმანიაში დასახლდა და ფართოდ გაშალა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ხშირად იბეჭდებოდა ქართულ და უცხოურ პრესაში, გამოდიოდა მოხსენებებით ანტიკომუნისტური ორგანიზაციების ყრილობებსა და კონგრესებზე; საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საერთო ფრონტის გასამართავად და გასაძლიერებლად შექმნა ნაციათა ანტიბოლშევიკური ბლოკი – აბნ, რომლის გენერალურ მდივნად დიდი ხნის მანძილზე თავად ითვლებოდა; იყო „ქართული ეროვნული ერთობის“ კომიტეტის წევრი; ასწავლიდა ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, გარკვეული პერიოდი ქართული ენის კათედრასაც ხელმძღვანელობდა ამავე უნივერსიტეტში; თანამშრომლობდა 1953 წელს მიუნხენში დაარსებულ  რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან.  გარდა ამისა, იყო გერმანიაში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე.

ნიკო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1966 წელს, მიუნხენში. მისი ნეშტი პარიზში გადმოასვენეს და ლევილის ქართული სასაფლაოს მიწას მიაბარეს.  

წყარო: 

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 6. – თბ., 2005. –გვ. 298–299.                                                                                               


გააზიარე: