The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლუკა ოქროსცვარიძე

ლუკა ოქროსცვარიძე
სხვა სახელი:luka Okros
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1991  (33 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ლუკა ოქროსცვარიძე დაიბადა 1991 წლის 19 მარტს, თბილისში. დაწყებითი განათლება მიიღო სკოლა–ლიცეუმში „მთიები“. შემდეგ სწავლა გააგრძელა ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედი“. ლუკა ფორტეპიანოზე 4 წლის ასაკიდან უკრავს. იგი იღებდა მონაწილეობას კონცერტებში, მასტერკლასებში, ფესტივალებსა და კონკურსებში. მან პირველი სოლო კონცერტი გამართა თბილისში კომპოზიტორთა სახლში, 5 წლის ასაკში.

1997 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩატარებულ პირველ მსოფლიო დელფიადაში.

1998 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთში, ქ. სუზდალში საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალში „ახალი სახელები“. იქ ლუკა ყველაზე პატარა მონაწილე იყო და ამის გამო ფესტივალის გახსნაც და დახურვაც მას ერგო წილად. ეს იყო ლუკას პირველი გასვლა საქართველოდან.

2000 წელს მან მიიღო მონაწილეობა საფრანგეთში კოლმარის საერთაშორისო ფესტივალზე.

1998 და 2003 წელს  ლუკა იყო პრეზიდენტის გრანტის მფლობელი, ხოლო 2000, 2001 და 2004  წელს კი – პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

2003 წელს ვლ. სპივაკოვის რჩევით იგი დედასთან ერთად წავიდა მოსკოვში.

2004 წელს ლუკა ჩაირიცხა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც 2009 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა  კონსერვატორიში, რომელიც დაამთავრა 2013 წელს.

მოსკოვში მას სხვადასხვა დროს  ფინასურ დახმარებას უწევდნენ ვლ. სპივაკოვის და ე. რერიხის ფონდები და რუსეთში ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია. აგრეთვე მეცენატები ნანა და ვიქტორ გელოვანები.

იმავე წლის აპრილში მოსკოვის კონსერვატორიაში ჩატარდა შერჩევითი მოსმენა მანჩესტერისა და ლონდონის სამუსიკო კოლეჯებიდან. ლუკამ ორივეში მიიღო მონაწილეობა და ორივეში გაიმარჯვა! ორივე სასწავლებელმა ჩარიცხა – სწავლება უფასო, სტიპენდიით. ლუკამ ლონდონი არჩია. ამჟამად სწავლობს ლონდონის სამუსიკო სამეფო კოლეჯში ნორმა ფიშერთან, სადაც მას დაენიშნა რუტ ვესტის სტიპენდია და სტეინბრიჯის დრეიკ–ბროკმენის მიერ გამოყოფილი ფულადი ჯილდო.

ლუკა კონცერტებით გამოდიოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, რუსეთში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსსა და კანადაში. 2009 წელს შედგა მისი სადებიუტო კონცერტი კარნეგი ჰოლში, ნიუ იორკში, დანიელ ტრიფონოვთან, იური რევიჩთან და ნარეკ არუთინიანთან ერთად.

2013 წლის მაისში ლუკამ მონაწილეობა მიიღო თბილისში „ქართული დიასპორის დღეებში“.

ჯილდოები:

ლაურეატი – ნორჩ შემსრულებელთა საქალაქო კონკურსი, 1997 (თბილისი)

გამარჯვებული – თბილისის  ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, 2003 (საქართველო)

ლაურეატი – ფესტივალი „მერზლიაკოვკა ეპატიჟება მეგობრებს“, 2005 (რუსეთი)

მთავარი პრიზი – მოსკოვის ნეიგაუზის სახელობის  ახალგაზრდა პიანისტთა III საერთაშორისო ფესტივალი, 2008 (რუსეთი)

ლაურეატი – ვლადიმირ პოროვიცის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, 2010 (უკრაინა)

გამარჯვებული – ალმაატის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, 2011 (ყაზახეთი)

სპეციალური პრიზის გამარჯვებული – UNISA პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, 2012 (სამხრეთ აფრიკა)

გამარჯვებული – ჟაკ სამუელის პიანისტთა შიდა კონკურსი, 2014 (დიდი ბრიტანეთი)

გამარჯვებული – პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი „კამპუსი“, 2015 (საფრანგეთი)

გამარჯვებული – ჩაპელის მედლის პიანისტთა კონკურსი, 2015 (დიდი ბრიტანეთი)

გამარჯვებული – ტილეტ ტრასტის ჯილდო, 2015 (დიდი ბრიტანეთი)

ნახევარფინალის ჯილდოს გამარჯვებული – მარია კალასის საერთაშორისო კონკურსი, 2015 (ესპანეთი).


გააზიარე: