The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე კორსანტია

ალექსანდრე კორსანტია
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია წლებია საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს. დაიბადა 1965 წელს თბილისში. სწავლობდა 43-ე საჯარო სკოლაში. ბავშვობაში ავიაკონსტრუქტორობაზე ოცნებობდა, სათამაშოების აწყობა უყვარდა. ეს ბავშვობისდროინდელი გატაცება დღემდე შემორჩა. აქვს თავის ხელით აწყობილი Lego-ს კონსტრუქტორების დიდი კოლექცია, რომელსაც, ტრადიციულად, ყოველ ახალ  წელს, თითო, ყველაზე რთული ეგზემპლარით ამდიდრებს. მისი, როგორც პიანისტის, ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის დედას, თბილისის კონსერვატორიის პროფესორს, სვეტლანა კორსანტიას. „არ მახსოვს, როდის დავჯექი ინსტრუმენტთან... 2–3 წლის ასაკში თითებით ვწვდებოდი და ვუკრავდი. ყველასაგან ვგრძნობდი, რომ ჩემი სჯეროდათ“, – იხსენებს მუსიკოსი.

1989 წელს ალექსანდრე კორსანტიამ  დაასრულა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი – თენგიზ ამირეჯიბის კლასი. პირველი წარმატება მოვიდა 1980 წელს, როცა გაიმარჯვა ერევანში გამართულ ამიერკავკასიის პიანისტთა კონკურსზე. 1988 წელს მოიგო სიდნეის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი, ხოლო 1995 წელს არტურ რუბინშტეინის  სახელობის კონკურსი თელ–ავივში. პირველი პრემია მოიპოვა, ასევე, პალმის სანაპიროს პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე. 2001 წელს დაუკრა „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე. დღეს იგი ვირტუოზ ქართველ პიანისტთა რიგს მიეკუთვნება.

1992 წელს ალექსანდრე კორსანტია ცოლ–შვილთან ერთად აშშ–ში გადავიდა საცხოვრებლად. თავდაპირველად ლექსო თორაძის მიერ დაარსებულ პიანისტთა სტუდიაში დაიწყო პედაგოგობა. მოღვაწეობდა ინდიანას უნივერსიტეტში, შემდეგ ორი წელი კანადაში, ვანკუვერის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ახლა კი ბოსტონში (აშშ) „New England Conservatory“- ის პროფესორია და თანამშროლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ვალერი გერგიევი, პაავო ჯარვი, იური ბაშმეტი, ვადიმ რეპინი და სხვ. მისი სტუდენტების ჯგუფი ინტერნაციონალურია, უცხოელებთან ერთად ქართველი მოსწავლეებიც ჰყავს.

ალექსანდრე კორსანტია რეგულარულად მონაწილეობს ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში გამართულ მუსიკალურ პროექტებში. ამასთან ერთად სისტემატურად ჩამოდის მშობლიურ თბილისში, მართავს  კონცერტებს, ატარებს „მასტერ კლასებს“.

1999 წელს იგი დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით. 2009 წელს არჩეულ იქნა თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრად.

2015 წელს ათი წელი უსრულდება (დაარსდა 2006 წელს) ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს „აღდგომიდან ამაღლებამდე“. 2011 წლიდან ფესტივალის უცვლელი სამხატვრო ხემძღვანელია  ალქსანდრე კორსანტია, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ფესტივალის პროგრამა. ფესტივალი მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას ტრადიციული და აკადემიური ხელოვნებით; ასევე ხელს უწყობს უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაციას სამშობლოში და ცნობილი უცხოელი შემსრულებლების შემოქმედების წარმოჩენას საქართველოში. ფესტივალი იწყება თბილისში, აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში და გრძელდება ამაღლების დღესასწაულამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ალექსანდრე კორსანტიას მშობლები თბილისში ცხოვრობენ. მისი მეორე ნახევარი ნეია ტრეტიაკოვაა. ისინი თბილისის კონსერვატორიაში ერთად სწავლობდნენ, მერე იქორწინეს. როცა ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათი შვილი, ნიკუშა, ხუთი წლის იყო. იგი მშობლების გზას არ გაჰყვა, მისი გატაცება ბიოლოგია აღმოჩნდა და არჩევანს აღარ უღალატა. დღეს ნიკოლოზ კორსანტია ნეირობიოლოგია და მაგისტრის დიპლომის დაცვა აქვს დაგეგმილი.

წყარო: 

1. მახარაძეირაკლი ქართველები ამერიკაში . - თბ., 2011. - გვ.145-146.

2. ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_კორსანტია

გააზიარე: