The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


დავით პავლეს ძე ჭავჭავაძე

დავით პავლეს ძე ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:20 მაისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 2014  (90 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაშინგტონი, აშშ
კატეგორია:მუსიკოსი, მწერალი

ბიოგრაფია

დედის მხრიდან დავით ჭავჭავაძე რომანოვების რუსულ სამეფო გვარს ეკუთვნოდა. დედამისი, პრინცესა ნინა, ნიკოლოზ I-ის, იმპერატრიცა ეკატერინე დიდის, აგრეთვე დანიის მეფის ქრისტიან IX-ისა და საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შთამომავალი იყო. მამამისი, პავლე (პოლ) ჭავჭავაძე საქართველოში, კახეთში მცხოვრები თავადების, ჭავჭავაძეების ოჯახიდან გახლდათ და საქართველოს ბოლო მეფეს, გიორგი XII-ეს პირდაპირი ხაზით ენათესავებოდა.

დავითის მშობლები 1922 წლის 3 სექტემბერს დაქორწინდნენ.  ჯვრისწერა ლონდონის მართლმადიდებლურ ტაძარში შედგა. წყვილს 1924 წლის 20 მაისს, ლონდონში, შეეძინა ვაჟი, რომელსაც დავითი დაარქვეს. ამ დროისთვის, მსოფლიო რადიკალურად იყო შეცვლილი. რუსეთში ფეოდალური სისტემის დაცემასა და ბოლშევიკების აღზევებას საქართველოს ანექსია მოჰყვა. ემიგრაციაში წასული არისტოკრატების ქონების დიდი ნაწილი რევოლუციის დროს დაიკარგა, მხოლოდ ტიტულები შემორჩათ, მაგრამ მატერიალური დანაკარგების გამო არასოდეს დაუჩივლიათ. ინგლისმა ყველაზე ადრე – 1921 წლის 16 მარტს დადო სავაჭრო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთთან. ამიტომ, ლოიდ-ჯორჯის ლეიბორისტული მთავრობა ნელ-ნელა იშორებდა თეთრგვარდიელებსა და ლტოლვილ არისტოკრატიას. პავლე ჭავჭავაძის ოჯახიც იძულებული გახდა, ინგლისი დაეტოვებინა. 1927 წელს, ამერიკაში გადასახლდნენ და ნიუ-იორკში დაფუძნდნენ. პავლემ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და წითელი ჯვრის თანამშრომელი გახდა. 1950-იან წლებში კი, წერა დაიწყო.

ერთი წლის ასაკში დავით ჭავჭავაძეს რუსი ძიძა, ვერა ალექსანდრეს ასული ნაგოვსკაია, აუყვანეს. იგი ჭავჭავაძეების ოჯახში 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.  მისი წყალობით დავითმა კარგად შეისწავლა რუსული ენა. პავლე ჭავჭავაძემ ქართული იცოდა, მაგრამ შვილისთვის იშვიათად იცლიდა, ამიტომ ქართული ვერ ასწავლა. პავლე ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს წევრი იყო და ქართულ ღონისძიებებზე შვილიც დაჰყავდა. ამის წყალობით დავითს ქართველ ბავშვებთან და თანამემამულეებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვით ახერხებდა მათთან ურთიერთობას.

პავლე ჭავჭავაძე ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილს სამეფო ჩამომავლის შესაფერისი განათლება მიეღო. 1942 წელს, დავითი იელის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ვინაიდან ამერიკა ამ დროს, უკვე ჩაბმული იყო II მსოფლიო ომში – არმიის რეზერვშიც ჩაეწერა. პირველი კურსის დახურვისთანავე, 1943 წელს, გაიწვიეს სამხედრო-საჰაერო ძალებში, მაგრამ  ბრძოლაში ჩაბმა არ მოუწია. ახალაშენებულ პენტაგონის შენობაში დადგმულმა IBM–ის კომპიუტერულმა დანადგარმა გამოავლინა, რომ დავითმა რუსული ენა იცოდა და ამიტომ ქემფ რიჩიში, მერილენდის შტატში, სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში გააგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ლინგვისტური ჯგუფიდან მერე რუსულ განყოფილებაში გადაიყვანეს, საველე პრაქტიკა კი მთებში გაიარა. იქ გამოჩენილი ინიციატივისა და მოსაზრებულობის გამო, დავითი სერჟანტად დააწინაურეს. 1943 წლის ოქტომბერში ალასკაზე გაგზავნეს. სამხედრო კარიერაში სწრაფად წაიწია წინ და 1944 წლის 24 ივლისს შეერთებული შტატების არმიის უმცროსი ლეიტენანტი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი უფროსი ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. თავისი სამსახურიდან გამომდინარე, დავითი ერთხანს ევროპაში ცხოვრობდა, ძირითადად გერმანიაში, სადაც ხშირად უწევდა ძალაუფლების მქონე საბჭოთა დიპლომატებსა და პოლიტიკოსებთან შეხვედრები. II მსოფლიო ომის შემდეგაც უხდებოდა იმ შეკრებებზე თარჯიმნად მუშაობა, სადაც მოკავშირეები გერმანიის მომავლის, ევროპის ომის შემდგომი მოწყობისა და საერთაშორისო სისტემის შექმნის საკითხებზე მსჯელობდნენ.

1950 წლის აგვისტოში დავით ჭავჭავაძე ვაშინგტონში ანგარიშის ჩასაბარებლად გამოიძახეს და ასე დაიწყო მისი 25-წლიანი კარიერა აშშ–ს ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში (CIA). ის იყო ერთადერთი რუსეთის საიმპერატორო ოჯახის შთამომავალთაგან, ვინც ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად საქმიანობდა და ამ უწყებაში მუშაობდა. სააგენტოში დავითის სამუშაოს დიდ ნაწილს საბჭოთა სამსახურების მუშაობაზე თვალთვალი და მათ წიაღში ფარული კავშირების დამყარება წარმოადგენდა.

1974 წელს, 50 წლის ასაკში, დავით ჭავჭავაძემ გადაწყვიტა სამსახურიდან გადამდგარიყო. მაგრამ მას იმდენად დიდი ღირებულება გააჩნდა სააგენტოსათვის, რომ შესთავაზეს კონტრაქტით გაეგრძელებინა სამსახური. იმ პერიოდში მან  უამრავი სხვა გზაც გამონახა, რომ აქტიური ცხოვრების წესი შეენარჩუნებინა, ძალები მოსინჯა – სიმღერასა და მწერლობაში. შესანიშნავად მღეროდა რუსულ რომანსებს, მაგრამ მომღერლის კარიერაზე მეტად მწერლობა გამოუვიდა. იგი რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკური, პუბლიცისტური ნაშრომისა და მოგონების ავტორია  – „დიდმთავრები”, „ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეს მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები 1941-1945 წლებში” (1989), „გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში” (1990). გარდა ამისა, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას – ინგლისურ ენაზე თარგმნა რამდენიმე რუსული ნაწარმოები. საბჭოთა სისტემის შესახებ ასწავლიდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (ქალაქი ვაშინგტონი), ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში ქალაქ ფეარფაქსში (ვირჯინიის შტატი). კერძო კომპანიების შეკვეთით გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის პოტენციალის შესახებ.

დავით ჭავჭავაძე აქტიურად იყო ჩაბმული ამერიკის რუსული დიასპორის ცხოვრებაში. დავითის სახლი 70-80-იან წლებში საბჭოთა დისიდენტთა ნამდვილი თავშესაფარი გახდა. იგი მათ პრესკონფერენციების მოწყობასა და კონგრესმენებთან შეხვედრებში ეხმარებოდა. ამას სამსახური არ ავალებდა – ნებაყოფლობით, საკუთარი მრწამსის მიხედვით მოქმედებდა.

1977 წელს, საბჭოთა კავშირში მისი მეორე მოგზაურობის დროს, დავითმა ოფიციალურად მიიღო უფლება, ქალიშვილ მარიასთან ერთად წინანდალში მამამისის საგვარეულო მამული მოენახულებინა. იგი ამ მოგზაურობის შესახებ წერდა, რომ საქართველოში აღმოაჩინა, თუ რა ეფექტს ახდენდა ქართველებზე, როცა თავისი მწირი ქართულით საკუთარ ვინაობას დაასახელებდა. რა დიდი პატივით ეპყრობოდნენ იმის გამო, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი იყო. კახეთში ჩასვლისას, კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო, წინანდალში, ჭავჭავაძეთა შთამომავლების ფოტოებს შორის მამის ფოტოსა და ორი წიგნის აღმოჩენა. „იქნებ იმისთვის ვიცხოვრე, რომ ამ დღეს, მოვსწრებოდი?” – წერდა დავითი.

დავით ჭავჭავაძემ სამჯერ იქორწინა. პირველად 1952 წელს, ჰელენ ჰასთედზე. ჰელენმა რუსული ენა თითქმის სრულყოფილად შეისწავლა, დისერტაცია კი ქართულ ფონემებზე დაიცვა. მათი ქალიშვილები – მარიამი და ალექსანდრა, ქორწინების პირველ სამ წელიწადში – 1953 და 1954 წლებში დაიბადნენ. 1959 წელს, დავითი დაქორწინდა ჯუდით კლიპინგერზე. მასთანაც ორი შვილი შეეძინა: ეკატერინე (1960) და მიხეილი (1966). 1979 წელს დავითის მესამე ცოლი გახდა, წარმოშობით რუსი, ევგენია დე სმიტი. ცხოვრობდნენ ვაშინგტონის ჩრდილო–არმოსავლეთ ნაწილში მდებარე სახლში, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ რუსი ემიგრანტი დისიდენტები.

დავით ჭავჭავაძე გარდაიცვალა პოტომაკის ჯანდაცვის ცენტრში თირკმლის უკმარისობით, 2014 წლის 5 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში.

მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე, დავითის უფროსი ქალიშვილი,  ხშირად ჩამოდის წინაპრების სამშობლოში. ის არის, 1994 წელს, ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის  „საქართველოს ამერიკელ მეგობართა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი. ამ ორგანიზაციის პრიორიტეტებია სამედიცინო დახმარება, განათლება, თავშესაფარი და რეაბილიტაცია ობლებისთვის,  უსახლკაროთათვის, მარტოხელა დედებისა და მოხუცებულებისთვის. როდესაც მარუსიას ჰკითხეს მისი როლის შესახებ ამ ორგანიზაციაში, მან მოკრძალებულად თქვა რომ, ის მხოლოდ აგრძელებს ჭავჭავაძეების ტრადიციას და ეხმარება მათ ვისაც ბედმა არ გაუღიმა.

წყარო: 

1. მახარაძე, ირაკლიდავით ჭავჭავაძე : (1924...) // ქართველები ამერიკაში / ი. მახარაძე. - თბ., 2011. - გვ.121-123.

2. დაუშვილი, რუსუდანალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი - CIA- აგენტი : დავით ჭავჭავაძის "დაბრუნება" წინანდალში / რუსუდან დაუშვილი // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2015. - ISSN 2233-3843. - თებერვალი. - N2(50). - გვ.49-55.

3. www.nplg.gov.ge/chavchavadze/moderndavid.html


გააზიარე: