The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


მირიან მელუა

მირიან მელუა
დაბადების თარიღი:3 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:1991  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პუბლიცისტი

ბიოგრაფია

მირიან მელუა წარმოშობით ოზურგეთიდან გახლდათ. დაიბადა 1903 წლის 3 აგვისტოს, სოფელ ასკანაში, ლუკა მელუასა და ვრისიმე თავართქილაძის ოჯახში, სადაც შვიდი ბავშვი იზრდებოდა. საშუალო სასწავლებელს ამთავრებდა, როცა ეზიარა სოციალისტურ იდეებს, გახდა ახალგაზრდა სოციალისტი. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე პასუხსაგებ პარტიულ დავალებებს ასრულებდა. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. ჯერ თურქეთში გადავიდა არალეგალურად, 1924 წლის დეკემბერში კი მარსელში ჩავიდა და ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მარსელიდან ტულუზაში გადაინაცვლა, შემდეგ სოშოში და ბოლოს პარიზში. 1936 წელს იქორწინა მარო ბარნოვზე. მარიამ ბარნოვი ცხრა წლამდე გორში იზრდებოდა ბებიასთან. დედით ობოლი იყო. მამამისი – ნიკოლოზ ბარნოვი წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდა და საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იძულებული გახდა, სამშობლოდან წასულიყო. 1922 წელს პატარა მარიამმაც დატოვა საქართველო და ოჯახთან ერთად ვარშავის გავლით ჩავიდა პარიზში. იზრდებოდა კათოლიკურ პანსიონში, მაგრამ მართლმადიდებლობის ერთგული დარჩა და  შვილებიც ამ რწმენით გაზარდა.

მირიანმა და მარომ სანიმუშო ქართული ოჯახი შექმნეს. შეეძინათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. მირიან მელუა ვერასოდეს შეეგუა საქართველოს ოკუპაციას. სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრი იყო  და მთელი ცხოვრება შეძლებისდაგვარად იბრძოდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. ემიგრაციაში პოლიტიკურ ლიდერად ირაკლი წერეთელი აირჩია და მისი პიროვნებისა და იდეების ერთგული დარჩა სიკვდილამდე. თავის შესაძლებლობას უშურვებლად ახმარდა ქართული ემიგრაციის ეროვნულ–პოლიტიკურ თუ კულტურულ საქმიანობას. წლების განმავლობაში იყო ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა საზოგადოების გამგეობისა და პარიზში გამომავალ ჟურნალ „სოციალისტური აზრის“(1934 – 1939) სარედაქციო კოლეგიის წევრი. ემიგრაცია მას უმადლის, შალვა სკამკოჩაიშვილთან ერთად, „ქართული ლექსიკონის“ გამოცემას (პარიზი,1948). გარდა ამ ლექსიკონისა მირიან მელუას რუბენ ყიფიანთან ერთად, ირაკლი წერეთლის გარდაცვალებასთან (1959) დაკავშირებით მოუმზადებია და 1960 წლის მაისში, მიუნხენში, გამოუცია კრებული „სოციალისტური აზრი“ (დაიბეჭდა არჩილ მეტრეველის ქართულ სტამბაში).

მირიან მელუა გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია ლევილის ძმათა სასაფლაოზე. აქვეა დაკრძალული მისი მეუღლე, მარიამ ბარნოვი (1913–1999) და ვაჟი, ლუკა მელუა (1936–2010).

2003 წელს ძმებმა – ლუკა და მირიან მელუებმა, კლოდ პარმენტიესთან ერთად დააფუძნეს „ლევილი სურ ორჟის ფრანგულ–ქართული დღეები“, რომლებიც დღესაც ტარდება. 2007 წელს ლუკას თაოსნობით ინტერნეტით დაიწყო საინფორმაციო ბიულეტენის – „Georgian Neews“–ის გამოშვება ფრანგულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. დღეისათვის საფრანგეთში საქართველოს შესახებ 4 ძირითადი საიტი არსებობს. მათგან ერთ–ერთია – http://colisee.org  (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან სოლიდარობის კომიტეტის საიტი), სადაც რუბრიკას საქართველოს შესახებ  ბატონი მირიან მელუა ხელმძღვანელობს.

წყარო: 

 1. შარაძე გურამ. ქარტული ემიგრანტული ჯურნალისტიკის ისტორია.  ტ. 7. – თბ., 2005. – გვ. 337–341.

 


გააზიარე: