The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ჯანრი კაშია

ჯანრი კაშია
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 2012  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მწერალი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

ჯანრი კაშია 1939 წლის 8 მაისს ბათუმში დაიბადა. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1964-1967 წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში უმცროს ტექნიკურ რედაქტორად (ლიტერატურულ–დრამატულ და კინო გადაცემათა რედაქცია); 1967–1977  წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა ფილოსოფიას, ხელოვნების ისტორიასა და თეორიას; 1969–1975 წლებში ამავე აკადემიის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის, ესთეტიკისა და პედაგოგიკის ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. ამავე დროს 1969-1970 წწ. იყო თბილისის ბავშვთა სამხატვრო გალერეის (ბავშვთა შემოქმედების მუზეუმი) თანადამაარსებელი და პირველი დირექტორი, გასული საუკუნის 70–იანი წლების ბოლოს ჯანრი კაშია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც დისიდენტურ ჯგუფებს დაუკავშირდა და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ საბჭოთა კავშირიდან გააღწია. 1982 წელს მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში. 1982-1983 წწ. პარიზში მუშაობდა რედაქტორად. 

1983-1984 წწ. რადიო „თავისუფლების" (მიუნხენი) ჟურნალისტია, შემდგომ ქართული რედაქციის უფროსი და მთავარი რედაქტორი. 1983 წლიდან – ქართულ-ევროპული ინსტიტუტის (საქართველოს, კავკასიისა და ევრაზიის ცივილიზაციის კვლევის ცენტრი), დამაარსებელი და დირექტორი. 1984 წლიდან ამავე ინსტიტუტის ჟურნალ „ივერიის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის დამაარსებელი. 1984 წელს, ასევე, მოღვაწეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დალავერისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებში. 1984-86 წლებში მიწვეული  პროფესორი იყო მიუნხენში გერმანიის გაერთიანებისა და ტოტალიტარიზმის შესწავლის საკითხებზე მომუშავე „აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევის ცენტრში“.

საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაში ჯანრი კაშია დაუახლოვდა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს დიპლომატიურ სფეროში მუშაობდა და აქტიურად იყო დაინტერესებული საბჭოთა კავშირის საკითხებით, კერძოდ, ქართული ანტისაბჭოთა ლიტერატურის თარგმნითა და გავრცელებით. საერთო ინტერესებმა  განაპირობეს  მათი პიროვნული  დაახლოება და საბოლოოდ დაოჯახება.
1986 წლიდან ჯანრი კაშია საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. ამ პერიოდში „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაში მიწვეულ კონსულტანტად (ვაშინგტონი) მუშაობდა. საფრანგეთში გადასვლის შემდეგ, 1987-1992 წწ.  იგი რადიო „თავისუფლების"  ქართული რედაქციის ოფიციალური კორესპონდენტია პარიზში. 1992 წელს ჯანრი კაშია საფრანგეთის მოქალაქე გახდა.

1992 წლიდან ბატონი ჯანრი თანამშრომლობას იწყებს საქართველოში „ქრისტიანულ-დემოკრატიული" მიმართულების პოლიტიკურ წრეებთან. იგი აირჩიეს „ქრისტიანულ - დემოკრატიული" კავშირის საპატიო თავმჯდომარედ. კავშირის სხვა წევრებთან ერთად  გახლავთ დამფუძნებელი ანალიტიკური ჟურნალისა „ქრისტიანული დემოკრატია", რომლის ფურცლებზეც ხშირად ქვეყნდებოდა მისი ნაშრომები. 1993-1997 წლებში თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალ „politique Internetionali“-თან და ამ პერიოდში იკვლევდა ძირითადად, პოსტ-ტოტალიტარული ქვეყნების განვითარების გზებს, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებსა და სირთულეებს.

2003 წელს სალომე ზურაბიშვილის საქართველოში ჯერ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, მოგვიანებით კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ  ჯანრი კაშია საქართველოში დაბრუნდა. 2004 წელს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ძალები მოსინჯა ტელევიზიაშიც (2002-2005 წწ.):  ტელეკომპანია „იმედზე“ გახდა ავტორი და წამყვანი თოქ-შოუსი – „არჩევანი თქვენ“.  ამ გადაცემაში  ის ცდილობდა შეექმნა თავისუფალი აზრის, საზოგადოებრივ საკითხებზე საჯარო მსჯელობის მაგალითები. ამავე არხზე მიჰყავდა მეორე გადაცემა „ნადიმი ჯანრი კაშიასთან“, რომელიც უკვე მაღალ ინტელექტუალურ თემებს ეთმობოდა და განიხილავდა მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს. ამავე დროს იყო აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი; ხოლო, 2009-2012 წწ. პროფესორის თანამდებობა ეკავა ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტში.

ვრცელია ჯანრი კაშიას, როგორც ფილოსოფიური ისე ლიტერატურული მემკვიდრეობა. მისი მხატვრული ნაწარმოებები გაჯერებულია ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური წიაღსვლებით: „მარტორქას თავგადასავალი“ (1958), „ქარხანა“ (1962), „შესაქმე - სივრცის შედედება“ (1963), „შენობა - დროის შედედება“ (1967), „პარისიკონი“ (1991). მხატვრული პროზის გარდა მოღვაწეობდა კულტუროლოგიაში, შექმნა ბრწყინვალე პოლიტიკურ–ფილოსოფიურ ესსეთა ციკლი ( „ტოტალიტარიზმი“; „თავისუფლება და ფედერალიზმი“ და სხვ.).

ჯანრი კაშია არის მრავალი სოციოლოგიური ნაშრომის ავტორი, კალამი მოსინჯა პოეზიაშიც, აქვს თარგმანები და ქართველოლოგიური ძიებანიც: „ენა, საზრისი, ყოფიერება... ქართველურ ენათა ტიპოლოგია“.  საწყის ეტაპზე მის შემოქმედებას ახასიათებს ღია დაპირისპირება მიღებულ იდეოლოგიურ, ლიტერატურულ, ენობრივ ნორმებთან.

ლიტერატურულზე კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა ჯანრი კაშიას ფილოსოფიური ნააზრევი, რომლის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განაპირობა კ. ბაქრაძესთან, ზ. კაკაბაძესთან, მ. მამარდაშვილთან, ა. პიტიგორსკისთან ახლო ურთიერთობამ. თუმცა შემდგომში ჯანრი კაშია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში ინტეგრალური თეორიის ერთ-ერთ პირველი წარმომადგენელად შეიძლება მივიჩნიოთ. ის ახდენს ქართული კულტურის, სახელმწიფოებრიობის ისტორიის, ენის ხელახალ გააზრებას. ამის შესანიშნავი მაგალითებია „უბისი: რენესანსი ურენესანსოდ I“ (1998), „უბისი: რენესანსი ურენესანსოდ II“ (2005), „დანტე და რუსთველი“ (2011), სადაც განსხვავებულ შუქშია წარმოჩენილი ქართული კულტურის და ისტორიის თითქმის ყველა საკითხი. 1964 წლიდან, როდესაც ჯანრი კაშია წერს პირველ კულტუროლოგიურ გამოკვლევას „გველის–მჭამელი: გაგების ცდა“,  მის უკანასკნელ ნაწარმოებამდე „დანტე და რუსთველი“ ავტორის წინაშე დგას ერთადერთი საკითხი, გამოარკვიოს ისტორიული დროის მანძილზე, როგორ ხდებოდა ცალკეულ ცნობიერებაში – იქნებოდა ეს პოლიტიკური მოღვაწე გიორგი ჭყონდიდელი, თუ პოეტი ვაჟა-ფშაველა – იმ ჰოლოგრამის აღდგენა-შენარჩუნება, რომლის დეფორმაციის შედეგადაც იყო გამოწვეული „ღმრთის ხატად შექმნილი კაცის“ გადაქცევა „მდაბიოდ“ (არაბულად „ხალხად“), როგორ შეიძლებოდა ამ უხერხემლო რუხი მასისაგან „ქართველის“, ანუ კულტურის „ზრდილობის/კაცობის“ მატარებელი ადამიანის გადარჩენა.

2013 წელს გამოიცა ჯანრი კაშიას თხზულებების თერთმეტი ტომი.

ბატონი ჯანრი 24 წლის იყო, პირველად რომ დაქორწინდა. მისი მეუღლე პროფესიით ექიმი, ნევროპათოლოგი ლალი ართილაყვა გახლდათ. 10 წელი იცხოვრეს ერთად. 1993 წელს იქორწინა სალომე ზურაბიშვილითან. ჰყავს ორი შვილი – ნანა კაშია და მარიამ ჰადძი, ერთი შვილიშვილი – რევაზ მაყაშვილი.  

ჯანრი კაშია ფლობდა რუსულ, ფრანგულ და ინგლისურ  ენებს. გადაღებულია მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ქორწილი“.

გარდაიცვალა პარიზში, კარდეოლოგიური ოპერაციის დროს, 2012 წლის 11 მარტს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანრი_კაშია

2. for.ge/view.php?for_id=10729&cat=3

3. life.mediamall.ge/?id=34407


გააზიარე: