The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე მანველიშვილი

ალექსანდრე მანველიშვილი
სხვა სახელი:ალი–ბაბა  (ფსევდონიმი)
ანდრო დოლიძე  (ფსევდონიმი)
ბაბა  (ფსევდონიმი)
ლეგიონერი ალავერდელი  (ფსევდონიმი)
ყარამანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:11 თებერვალი, 1997  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა არვადა, კოლორადოს შტატი, აშშ
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, პუბლიცისტი ალექსანდრე (სანდრო) მანველიშვილი დაიბადა 1904 წელს, სამცხეში, სოფელ ვალეში, შეძლებული კათოლიკე გლეხკაცის ოჯახში. ბ-ნი ალექსანდრეს მამა – სტეფანე მანველიშვილი ვაჭარიც ყოფილა, საქონელი მიჰქონდ-მოჰქონდა ქუთაისიდან და თურქეთიდან. სოფელში და ახლო-მახლო მხარეში პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. მას თურმე სტეფან-აღას ეძახდნენ. სანდროს მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ – რვა ვაჟი და ხუთი ქალი. ამათგან უმცროსი ქალ-ვაჟი ბავშვობაშივე გარდაცვლილა, ხოლო უფროსი ძმებიდან ერთი I მსოფლიო ომის შემდეგ ეპიდემიას ემსხვერპლა, მომდევნო – რუსის ჯარის ოფიცერი, 1916 წელს გერმანიის ფრონტზე მოუკლავთ. II მსოფლიო ომში გაწვეული ოთხი ძმიდან ორი უკან აღარ დაბრუნებულა, ცოცხლად გადარჩენილთაგან ერთი მალე დაღუპულა, მეორე კი მამაპაპეულ ადგილზე დასახლებულა და მანველიშვილების კერა არ გაუციებია. 

1915 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა დაამთავრა სოფ. ვალეს სამწლიანი სახელმწიფო სკოლა და იმავე წელს მიიღეს ქ. ახალციხის ე. წ. უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში. ამ დროს უკვე I მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და ახალციხის მხარე რუსეთ–თურქეთის  ბრძოლის ველად  იყო გადაქცეული. ამას მოჰყვა 1917 წლის რევოლუციები, ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, თურქეთის მიერ უძველესი ქართული მიწების მიტაცება, 1918 წელი, საქართველოს დამოუკიდებლობის  გამოცხადება, დრამატული 1921  – საქართველოს გასაბჭოება და 1924 წლის გმირული ამბოხება. სულ რაღაც 8-9 წლის მანძილზე კალეიდოსკოპივით დატრიალებული ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ისტორიული მოვლენების ფონზე წარიმართა ახალგაზრდა პატრიოტის სულიერი  ფორმირება.  

1924 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ახალციხის საშუალო სკოლა და თბილისის უნივერსიტეტში სოციალურ-ეკონომიკურ (შემდეგში იურიდიულ) ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ამ დროს ახალციხეს გამოეყო ერთი სტიპენდია, ოღონდ, არა სახელმწიფო უნივერსიტეტში, არამედ თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში. არჩევანის დრო არ იყო და სანდრო ჩაირიცხა მარიამ ორახელაშვილის სახელობის სამწლიან უმაღლეს პედაგოგიურ ინსტიტუტში სოციალ-ლიტერატურული განხრით. აქ მას ასწავლიდნენ დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია... 1928 წელს აღნიშნული ინსტიტუტი დახურეს და ალ. მანველიშვილი გადაიყვანეს  უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. როგორც ახალციხის სტიპენდიანტი, სამუშაოდ მშობლიურ სკოლაში გაანაწილეს. სულ მალე იგი მოწაფეთა საყვარელი პედაგოგი გახდა. ეს მხარე თურქეთის ბატონობის დროს  ყველაზე ჩამორჩენილი იყო საქართველოს სხვა ნაწილებთან შედარებით. ალექსანდრე მანველიშვილის თაოსნობით  იწყებოდა აქ გამოღვიძება და ძველი მესხეთის განახლება. ამას გრძნობდა ახალი ხელისუფლება და ახალბედა მასწავლებელი ბევრ უსიამოვნებასა და შევიწროებას განიცდიდა. როდესაც წმენდაში მოყოლა დაუპირეს, ერთხანს თბილისში დაბრუნდა, აქ უნივერსიტეტის დოცენტმა თამარ ლომოურმა მისი სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა მოინდომა, მაგრამ ალექსანდრე  გრძნობდა, რომ მის თავზე შავი ღრუბლები იკრიბებოდნენ და იძულებული გახდა სამშობლოს დატოვებაზე ეფიქრა. მარტო ის არ ყოფილა ამ მდგომარეობაში. 1929 წლის ოქტომბერში შეიკრიბა მთელი ჯგუფი იძულებით გადახვეწილებისა, რომლებიც მალე თურქეთში აღმოჩნდნენ. ყარსი, არზრუმი, ტრაპიზონი, სტამბოლი – აი, არასრული სია გეოგრაფიული პუნქტებისა, სადაც მათ დაჰყვეს 1929 წლის ნოემბრიდან 1930 წლის 1 მაისამდე. 1930 წლის იანვარ-აპრილი ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლში გაატარა. მან თავის მოგონებებში შემოგვინახა ფასდაუდებელი ცნობები იქაურ ქართველ კათოლიკეთა მონასტრისა (როგორც ქალთა, ისე მამათა) და მის მოღვაწეთა, კერძოდ, მამა შალვა ვარდიძის შესახებ. 1930 წლის 1 მაისს ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლი დატოვა, ფრანგული გემით „ანგკორ“ საფრანგეთს გაემგზავრა და უკვე 10 მაისს მარსელში ჩავიდა. დაბინავდა ვალენტინე-ბოლიოში და მუშაობა პეჟოს ქარხანაში დაიწყო. აქვე გაეცნო „თეთრი გიორგის“ მოძრაობას და მის ლიდერს ლეო კერესელიძეს.

ემიგრაციაში მოხვედრილ ქართველ ახალგაზრდობას არ აკმაყოფილებდა უფროსი თაობის (კერძოდ, სოციალისტების) პოლიტიკური მოღვაწეობა და საქართველოში მომხდარ ყველა უბედურებას მას აბრალებდა. ამიტომაც ბრძოლის ახალი გზების ძიებას შეუდგა, რისი ნაყოფიც გახლდათ 1920-იანი  წლების შუა ხანებში, პარიზში, „თეთრი გიორგის“ ორგანიზაციის შექმნა. ალექსანდრე მანველიშვილი  შეუერთდა წმინდა ეროვნული იდეის გარშემო შემოკრებილ ახლგაზრდულ მოძრაობას და სულ მალე ლეო კერესელიძესა და მიხაკო წერეთელთან ერთად მისი ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი და მეთაური გახდა. ორგანიზაციას ჰქონდა საკუთარი ბეჭდვითი ორგანო – გაზეთი „თეთრი გიორგი“, რომლის პირველი ნომერი პარიზში 1926 წლის 25 აგვისტოს გამოვიდა და მისი გამოცემა 1939 წლის ივლისამდე გაგრძელდა. ერთ ხანს ალექსანდრე მანველიშვილი „თეთრი გიორგის“ ფაქტიური რედაქტორი და მისი აქტიური  ავტორი იყო.

პარიზში ცხოვრების პერიოდში ალექსანდრე მანველიშვილი დიდ მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა, მაგრამ სულით არასოდეს დაცემულა და დღედაღამ წიგნზე მუშაობით თავის გონებრივ ჰორიზონტს იფართოებდა. მუდმივად სტუმრობდა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც 30–იან წლებში მუშაობდნენ პროფესორები – ზურაბ ავალიშვილი და შალვა ბერიძე. მათ ამაგს ალექსანდრე მანველიშვილი ყოველთვის მადლიერების გრძნობით იხსენებდა. ამას გარდა იგი ჩაეწერა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა გამოჩენილი ფრანგ მეცნიერების ლექციებს. 

1933 წლის ბოლოს ალექსანდრე მანველიშვილი რამოდენიმე თანამზრახველთან ერთად  გამოეყო ორგანიზაცია „თეთრ გიორგის“ (მხოლოდ ორგანიზაციულად, იდეოლოგიურად ერთად დარჩნენ) და დაარსა ახალი ორგანო – გაზეთი „მომავალი“ (1934, თებერვალი – 1938, ნოემბერი). ამ გაზეთში მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად თანამშრომლობდა პარიზსა და ბერლინში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

II მსოფლიო ომის წინ ალექსანდრე მანველიშვილი გერმანიაში გადავიდა. ეგონა, რომ გერმანიის დახმარებით მოხერხდებოდა საქართველოს რუსეთის კლანჭებიდან დახსნა, მაგრამ იმედები გაუცრუვდა და 1944 წლიდან  კვლავ პარიზში დაბრუნდა. აქ იგი მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა გერმანიიდან საფრანგეთში მოხვედრილ ქართველ ტყვეებს. შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოდ წიგნაკი „ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი“, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა პარიზში.

1950–იან წლებში ალექსანდრე მანველიშვილი თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან: ჟურნალები – „მებრძოლი საქართველო“; „ბედი ქართლისა“; გაზეთები – „საქართველოს დამოუკიდებლობა; „ქართული აზრი“. თავადვე გამოსცა ჟურნალი „ერის დიდება“ და ფრანგულენოვანი გაზეთი „L' Action Georgienne“, როგორც ორგანო „საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ლიგისა“. გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უცხო ენაზე ქართული საკითხის პროპაგანდისა და ფართო გავრცელებისათვის. გარდა ამ ფრანგული წერილებისა, ალექსანდრე მანველიშვილს გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები იტალიურ და ინგლისურ ენებზე – ჟურნალები: „Fronte Unio“, რომი; „The Voice of free Georgia“, ნიუ-იორკი.
1958 წელს ალ. მანველიშვილმა დატოვა ევროპა და ამერიკაში გადასახლდა. აქ მან  გამოქვეყნა რემდენიმე სქელტანიანი წიგნი, ხოლო წერილებს კვლავ ევროპაში აგზავნიდა და პარიზში გამომავალ ჟურნალებში „კავკასიონსა“ და „ივერიაში“ ბეჭდავდა. ამას დაუმატეთ წლების განმავლობაში მისი მოღვაწეობა რადიოსადგურებში  – „კავკასიონი“, „თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი, რაც ალექსანდრე მანველიშვილმა დაუტოვა მშობელ ერს, არის მისი წიგნები, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტამბოლში, პარიზსა და სან-ფრანცისკოში: 

1. ვეფხისტყაოსანი და რუსთველის ზნეობრივი იდეოლოგია, სტამბოლი, 1933; 
2. დაღესტნის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, პარიზი, 1933;
3. საქართველოს საზღვრები, პარიზი, 1938;
4. სოციალური საკითხები, პარიზი, 1944;
5. ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი, პარიზი, 1944;
6. რუსეთი და საქართველო, პარიზი, 1951;
7. Histoire de la Géorgie, Paris, 1951;
8. ქრისტიანობა საქართველოში, პარიზი, 1954;
9. I. საკუთრება; II. მიწის საკითხი საქართველოში, პარიზი, 1956;
10. ქართული მოდგმის ეროვნული ფორმაცია, პარიზი, 1955;
11. რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984;
12. ძველი ქართული მწრლობა, სან-ფრანცისკო, 1987; 
13. ოქროს ხანა ქართველი ერის ისტორიისა, სან-ფრანცისკო, 1989;
14. ნარკვევები და წერილები, სან-ფრანცისკო, 1990;
15. კორპორატიზმი, სან-ფრანცისკო, 1990;
16. შოთა რუსთაველი და მისი პოემა ვეფხისტყაოსანი, 1937, (იტალიურ ენაზე, ხელნაწერი);
17. ახალი წერილები.– არვადა, 1991.

ბატონი ალექსანდრე გვიან, 54 წლის ასაკში დაოჯახებულა. 1958 წელს, ვაშინგტონში, შეურთავს მასზე 25 წლით უმცროსი სტამბოლელი ქალი. ეყოლათ ორი ვაჟი – პეტრე და პავლე (პიტერი და პოლი), ორივემ მიიღო  უმაღლესი ტექნიკური განათლება. ოჯახში საუბრობდნენ ინგლისურად და თურქულად. ცხოვრობდნენ კოლორადოს შტატში, ქ. დანვერთან ახლოს, დაბა არვადაში. ალექსანდრე მანველიშვილი აქვე გარდაიცვალა 1997 წლის 11 თებერვალს.

წყარო: 

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. – თბ., 2005.– გვ. 144–186.


გააზიარე: