The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


შალვა აბდუშელი

შალვა აბდუშელი
ოფიციალური სახელი:შალვა აბდუშელიშვილი
დაბადების თარიღი:10 ივნისი, 1889
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1966  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

შალვა აბდუშელი (აბდუშელიშვილი) დაიბადა 1889 წლის 10 ივნისს სოფელ ბჟინევში, რომელიც საჩხერიდან ერთი კილომეტრით არის დაშორებული. მამამისი, ზინობ აბდუშელი, მღვდელი ყოფილა. განათლება ჯრუჭის მონასტერში მიუღია, სადაც ზედმიწევნით შეუსწავლია ხუცური, ბერძნული, ლათინური და ყველა საეკლესიო წესი. შალვას დედა -თებრონია გომართელი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ექიმ ივანე გომართელის მამიდა იყო.

ოჯახი, სადაც შალვა იზრდებოდა, ერთობ შეხმატკბილებული და მშვიდი, ამავე დროს შეძლებულიც ყოფილა. მათ სიმდიდრეს, უმთავრესად, მიწები და ტყე შეადგენდა. შვილის განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. შალვამ დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო და შემდეგ სემინარიაში შეიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები არაფერს აკლებდნენ, ყმაწვილს შეუმჩნეველი არ დარჩა გლეხების სიდუხჭირე და ჭიათურის მუშების მძიმე პირობებში მუშაობა. იგი განიმსჭვალა მათდამი თანაგრძნობით და თავის თავს ფიცი მისცა შებრძოლებოდა ამ მძიმე სოციალურ უსამართლობას. ეს განწყობა კიდევ უფრო განუმტკიცა სემინარიაში გამეფებულმა რუსული ადმინისტრაციის შოვინიზმმა და სტუდენტობიდანვე ჩაება სოციალისტურ მოძრაობაში. შალვას პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა მწერლისა და პუბლიცისტის, მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სევერიან ჯუღელის ოჯახმა.

შალვა აბდუშელი ჭიათურაში დაუახლოვდა მაღაროს მუშებს. არალეგალური მუშაობის დროს გაიცნო ზაქარია გურული, ისიდორე რამიშვილი, კობა (სოსო ჯუღაშვილი) და სხვა მაშინდელი სოციალისტები. თვით სემინარიაში შალვა მონაწილეობას ღებულობდა არალეგალური პოლიტიკური ჯგუფების მუშაობაში. ის და მისი მეგობრები იმდენად აქტიურები იყვნენ, რომ გაშმაგებულმა ადმინისტრაციამ სემინარია დახურა და მოწაფეები სკოლის გარეთ დარჩნენ. შალვა გიმნაზიაში გადავიდა და სიმწიფის მოწმობის მისაღებად დაიწყო მომზადება სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში იგი კიდევ უფრო ახლო გაეცნო აკრძალულ ლიტერატურას. მალე მონაწილეობა მიიღო ქუთაისში ახალგაზრდა ჯარისკაცების დემონსტრაციაში და ამის გამო დაიჭირეს კიდეც. ციხეში ახალგაზრდამ გაიცნო ალექსანდრე დგებუაძე, ბუდუ მდივანი, გრიგოლ ურატაძე და კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რევოლუციურ საქმიანობაში.

გამოძიების დამთავრების შემდეგ შალვა აბდუშელი ციხიდან გაათავისუფლეს და თავის სოფელში გაგზავნეს. ამ დროს ჭიათურაში სოციალური ფონი გამწვავებული იყო. დაიწყო 1905 წლის გაფიცვები, ე. წ. „ბუნტი“. შალვა ყველგან აქტიურად მონაწილეობდა. გაერთიანებული იყო „ხუნხუზებად“ წოდებულ რაზმში, რომელსაც ნესტორ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა. ბუნტის ჩახშობისა და ალიხანოვის დამსჯელი რაზმების შემოსვლის შემდეგ გაქცევა მოახერხა, გურულ გლეხად გადაცმული თბილისს გაემგზავრა, იქიდან კი პეტერბურგს მიაშურა.

იმდროინდელი პეტერბურგი არა მარტო კულტურული, რევოლუციური მოძრაობის ცენტრიც იყო.  შალვა აბდუშელი შევიდა პროფესორ ლეზგაფტის ინსტიტუტში, სადაც ლექციებსაც ისმენდა და ამავე დროს ესწრებოდა დისკუსიებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მწერლები, პუბლიცისტები და პოლიტიკური მოღვაწეები. მეფის მთავრობამ ვერ მოითმინა ასეთი ლიბერალური ინსტიტუტის თავისუფლად არსებობა და ინსტიტუტი დახურეს. შალვა გადავიდა ნევრო–ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში, რომლის წინამძღოლი და სულისჩამდგმელი იყო პროფესორი ბეხტერევი. მაგრამ ინსტიტუტის დამთავრება ამჯერადაც ვერ მოახერხა. 1910 წელს ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. ჯერ ციხეში იჯდა, შემდეგ კი სამი წლით არხანგელსკში გადაასახლეს. ორწელიწადნახევარში,  რომანოვების დინასტიის სამასი წლის დღესასწაულის გამო, ამნისტია შეეხო და პეტერბურგში დაბრუნდა დიპლომის მისაღებად.  მუშაობა დაიწყო მესამე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ–დემოკრატიულ ფრაქციაში. მალე ნოე რამიშვილის დავალებით საქართველოში გამოემგზავრა პარტიული ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობის მისაღებად. ეს საქმე თბილისში არ მოხერხდა და შალვამ ქუთაისში დაიწყო მუშაობა გაზეთში, რომელსაც ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა.

1913 წელს თბილისში გაფიცვები დაიწყო. შალვა კვლავ მოვლენათა ეპიცენტრშია. ნავთლუღში ჩატარებული რკინიგზელთა არალეგალური კრების შემდეგ იგი დააპატიმრეს და ხუთი წლით გადაასახლეს ასტრახანში. აქ მან, ისიდორე რამიშვილის დახმარებით, მუშაობა დაიწყო ქალაქის თვითმმართველობაში. თავიდან აწარმოებდა ომში გაწვეულ ჯარისკაცთა ოჯახების აღრიცხვას. ნელ–ნელა სამსახურში წინ წაიწია და გახდა ქალაქის თვითმმართველობის თავმჯდომარის ამხანაგი.  1917 წლის რევოლუციის დროს ასტრახანი ცენტრს გამოეყო და შალვა დანიშნეს შრომის კომისრად. მალე იქ არეულობა დაიწყო, შალვას დახვრეტა ელოდა, მაგრამ გამოპარვა მოახერხა და ბაქოს შეაფარა თავი.

საქართველოში შალვა აბდუშელი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა. იგი იყო პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს მდივანი და მისი პერიოდული ორგანოს ჟურნალ „მუშათა ცხოვრების“ რედაქტორი. დამოუკიდებლობის წლებში თავდაუზოგავად იღვწოდა ქვეყნის წინსვლისა და აღმშენებლობისთვის, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი კვლავ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. იგი იყო მდივანი იმ ისტორიული კრებისა 1921 წლის 10 აპრილს, სახაზინო თეატრში, რომელმაც გამოიმუშავა და წარუდგინა საოკუპაციო ხელისუფლებას მთელი რიგი გაბედული მოთხოვნებისა. მოსკოვის ბრძანებით ყველანი დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გაასახლეს.

43 წელი იცხოვრა შალვა აბდუშელმა პარიზთან ახლოს, ქალაქ სენ–კლუში. აქაც მუდმივად სამშობლოზე ფიქრობდა, ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე პარიზში და მონაწილეობდა საქართველოს სასიკეთოდ გამართულ ყველა ღონისძიებაში. დაქორწინებული იყო ლუბა ჩაჩიბაიაზე.   

შალვა აბდუშელი 1966 წლის თებერვალში გარდაიცვალა. „ამ უკანასკნელ დღეებში მოულოდნელად გარდაიცვალა მრავალ წელთა განმავლობაში ქართულ სათვისტომოს გამგეობის  თავმჯდომარედ ყოფილი შალვა აბდუშელიშვილი. მის დაკრძალვაზე მრავალრიცხოვან ქართულ და ფრანგულ საზოგადოების დასწრებამ ცხადჰყო, რამდენად აფასებდნენ მის უაღრესად კეთილ ბუნებას და მის მიერ გაწეულ ღვაწლს“, – იუწყებოდა ჟურნალი „ივერია“(1966, #12, პარიზი). დაკრძალულია ლევილში.

წყარო:

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 7. თბ., 2005. გვ. 356–360.


გააზიარე: