The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ ხუნდაძე

მიხეილ ხუნდაძე
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1983  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის სოციალისტური ფრთის ერთ–ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მიხეილ ხუნდაძე დაიბადა თბილისში, 1898 წელს. 1915 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1919 წლიდან ბერლინისა და ფრაიბურგის უნივერსიტეტებში სწავლობდა პოლიტეკონომიას. აქვე, კარლ დიელის ხელმძღვანელობით, დაიცვა დისერტაცია მარქსიზმის თეორიაში. მოგვიანებით ბერლინში გახდა ვერნერ სომბარის მოწაფე. სრულიად ახალგაზრდა, ქართველი ახალგაზრდების სახელით, მონაწილეობდა ევროპის სოციალ–დემოკრატთა კონგრესში.

1924 წელს, სამშობლოდან განდევნილმა მიხეილ ხუნდაძემ საფრანგეთს შეაფარა თავი. აქ იგი მალე ხდება პარიზის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და კარიერას იკეთებს ფრანგული მრეწველობის გიგანტში – სიტროენის ქარხანაში. ამავე დროს აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. აქვეყნებს წერილებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში, კერძოდ, სოციალ–დემოკრატიულ ჟურნალ–გაზეთებში. მისი გახმაურებული წიგნი – „1917 წლის თებერვლის რევოლუცია: (სოციალ–დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ – ირაკლი წერეთელი ლენინის წიმააღმდეგ)“ – გამოიცა 1988 წელს, პარიზში, ფრანგულ ენაზე, მაშინ როცა ავტორი უკვე  გარდაცვლილი იყო.

გრიგოლ წერეთლის დახასიათებით, – „მიხეილ ხუნდაძე არის დიდი კულტურის, ცოდნის, ნამდვილი ევროპული ღირსებების მატარებელი. კარგი ორატორი, კარგი მწერალი, ღირსეული ოჯახის პატრონი. ჩვენ უპატიებელ ცოდვად ვუთვლით, ემიგრაციიდან მოშორებით ყოფნას“ (წერეთელი გრ. ქართული ემიგრაცია და ადამიანები. პარიზი, 1971. გვ. 110). ეს საყვედური ბატონმა მიხეილმა ეტყობა მოგვიანებით დაიმსახურა, რადგან 1920–30–იან წლებში ხშირად ესწრებოდა უცხოეთში გამართულ ახალგაზრდათა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებს და როგორც კ. გვარჯალაძე გვაუწყებს, – „აცნობდა მათ საქართველოს ამბებს და ჩვენი ხალხის მდგომარეობას. ამ ყრილობებს არაერთხელ გამოუტანია რეზოლიუციები ჩვენში ბოლშევიკების საქმიანობის დასაგმობად და საქართველოს თავისუფლების აღდგენის სასარგებლოდ“ (გვარჯალაძე კ. საქართველოს სოც.–დემ. მუშათა პარტიის მუშაობა საზღვარგარეთ. პარიზი, 1936, გვ. 66). ამასვე ადასტურებს შალვა აბდუშელის მეუღლის – ლუბა ჩაჩიბაია–აბდუშელის გამოსამშვიდებელი სიტყვა–მოგონება, წარმოთქმული მიხეილ ხუნდაძის დაკრძალვის დღეს, 1983 წლის 3 თებერვალს, ლევილში: „მე პირადად მიშა ხუნდაძე პირველად გავიცანი 1923 წელს, ქ. ჰამბურგში, სადაც იმ დროს მიმდინარეობდა მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის კონგრესი. ბერლინიდან წავედით დასასწრებლად: ელჩი ლადო ახმეტელი, ვლასა მგელაძე, შალვა (ჩემი მეუღლე) და მე. ამინდი იყო საუცხოო. აუარებელ ხალხს თავი მოეყარა ცის ქვეშ. შუა ცენტრში ტრიბუნაზე ადის ერთი მშვენიერი მაღალი ახალგაზრდა, რომელმაც საუცხოო გერმანულ ენაზე საქართველოს შესახებ ილაპარაკა ნახევარი საათი და დიდი მოწონებით და ოვაციებით დაჯილდოვებული ტრიბუნიდან ჩამოსვლისას გადაეხვია ჯერ შალვას და მერე მე. ეს ოქროპირი ორატორი გახლდათ მიშა ხუნდაძე...  მიშა იყო დიდად განათლებული და ღრმა კულტურის მფლობელი ადამიანი. კარგად უძღვებოდა ოჯახს და სამსახურში მიაღწია კარგ მდგომარეობას. ის იყო დიდი ქარხნის – სიტროენის პერსონალის უფროსი და როცა მიშა პენსიაზე გავიდა, ქარხანამ ის თავის წარმომადგენლად დანიშნა მთელ ამერიკაში. დროს უქონლობის გამო, მიშა ხშირად არ იყო ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ის მუდამ ერგული გუშაგი იყო საქართველოსი, მისთვის იბრძოდა მუდამ და მას ემსახურებოდა“.

მიხეილ ხუნდაძე თავისუფლად საუბრობდა ყველა დიდ ევროპულ ენაზე. თავის მეუღლე პეგისთან ერთად ცხოვრობდა ვიროფლეში, ქალაქში სადაც ირაკლი წერეთელიც ცხოვრობდა დის ოჯახთან ერთად. გარდაიცვალა პარიზში, 1983 წლის 31 იანვარს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე.

წყარო: 

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ 7. – თბ., 2005. – გვ. 361–362.     


გააზიარე: