The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ნიკოლოზ დადიანი

ნიკოლოზ დადიანი
სხვა სახელი:კოკი  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1878
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 1939  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

პარიზთან ახლოს, ლევილის ქართულ მამულში საძმო სასაფლაოზე  განისვენებს პოეტი კოკი დადიანი. მის საფლავს ამშვენებს უნიკალური ეპიტაფია:
„მითხარ შენდობა... და ჩემს მხარესა,
ოდეს მოუთხრობ ამბებს მწარესა,
სთქვი რომ წარწერა იხილე ლოდზე -
ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე!...“

სხვა რომ არაფერი დაეწერა კოკი დადიანს, ეს ერთი სტროფიც სამუდამოდ უკვდავჰყოფდა მას ქართული ემიგრანტული კულტურის ისტორიაში. ეპიტაფიის ეს სიტყვები, ალბათ, ყველაზე უფრო მჭევრმეტყველურად გამოხატავს ბედის უკუღმართობით სამშობლოდან მოწყვეტილი ეროვნული ემიგრაციის ტრაგიკულ ხვედრს.

ნიკოლოზ (კოკი) დადიანი დაიბადა 1878 წლის 19 თებერვალს აბაშის რაიონის (მაშინდელი სენაკის მაზრის) სოფელ წყემში. მამა – ნიკოლოზ დადიანი ცნობილი პიროვნება იყო – ჯერ ერევნის პოლკის კაპიტანი, შემდეგ – დასავლეთ საქართველოს ცხენოსან მილიციელთა ხელმძღვანელი. დედა – თამარ შარვაშიძე აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და გახლდათ.

პატარა კოკი სოფელ ნოსირში იზრდებოდა, ბიძის, ივანე დადიანის ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. 10 წლამდე სოფლის სკოლაში დადიოდა, ოჯახში მის აღზრდა–განათლებას ხელმძღვანელობდა პოლონელი ემიგრანტი დომბროვსკი. იგი მუდამ სიყვარულით იგონებდა თავის აღმზრდელს, რომელმაც შეაყვარა წიგნი და რაც მთავარია, ადამიანი. შემდგომში სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც არ დაუსრულებია.

1895 წელს, 17 წლის ასაკში, კოკი დადიანმა ჯვარი დაიწერა ნინო (ლაისო) მიქელაძეზე, რომელთანაც ეყოლა ხუთი შვილი: მიხეილი, მერი, ნიკოლოზ (ბონდო), ბაბო და დემნა. ოჯახი დასახლდა სოფელ წყემში. უვლიდნენ მამულს, ცხოვრობდნენ ხალხთან, მათთან ერთად იყვნენ ლხინშიც და ჭირშიც. 1905 წელს ნინო მიქელაძე მშობიარობას გადაყვა. 1911 წელს დაქვრივებული კოკი დადიანი მეორედ დაქორწინდა, მერი სვიმონის ასულ წერეთელზე, ვისთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა – გიორგი, ქეთევანი (მია) და სვიმონი.

სენაკის მაზრის თავადაზნაურობის მარშლად კოკი დადიანი სრულიად ახალგაზრდა ასაკში აირჩიეს, ჯერ ოცი წლისაც არ იყო. შემდეგ კიდევ ექვსჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე და ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას.

1904 წელს „პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ იანვარ–თებერვლის ნომერში დაიბეჭდა კოკი დადიანის პოლემიკური წერილი ვოსტორგოვის წინააღმდეგ. დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი კავკასიის მთავარმართებლის დავალებას ასრულებდა, ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებას და ავტონომიის ჩამოყალიბებას. თავადაზნაურთა ახალგაზრდა წინამძღოლმა დამაჯერებელი არგუმენტებით, მოსახლეობის სახელით, თანამოაზრეებთან ერთად სასტიკად გაილაშქრა ვოსტორგოვის წინააღმდეგ და ცარიზმის ეს მზაკვრული გეგმა ჩაიშალა.

1917 წლამდე კოკი დადიანი იყო ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ გაერთიანდა ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიაში. მას უშუალო კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მოქმედ „საქართველოს გამათავისუფლებელ კომიტეტთან“. 1917 წელს გერმანული წყალქვეშა ნავით შემოტანილი იარაღი მის მამულში ინახებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში კოკი დადიანი მსახურობდა დავით მიქელაძის ასეულში და აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ პერიოდის ყველა ანტიეროვნული ამბოხების ჩაქრობაში.

ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ კოკი დადიანმა მეუღლესთან, უფროს ვაჟთან და უმცროს შვილებთან ერთად, 1921 წლის 18 მარტს დატოვა საქართველო და სიკვდილამდე ცხოვრობდა პარიზში. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართულ ემიგრანტულ ცხოვრებაში, იყო პატრიოტული ორგანიზაციების – „თეთრი გიორგისა“ და „ქართლოსის“ წევრი. მისი ლექსები, მოგონებები და წერილები იბეჭდებოდა ემიგრანტულ პრესაში. კოკი დადიანის პოეზიის მთავარი თემა სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და მისთვის თავდადებაა, მისი ყველა ლექსი განმსჭვალულია საოცარი პატრიოტული ლირიზმით, სევდითა და გულისტკივილით. ემიგრანტულ ქართულ გამოცემებში მიხა წყემელის ფსევდონიმით ლექსებს აქვეყნებდა მისი უფროსი ვაჟი მიხეილ დადიანიც.

კოკი დადიანი გარდაიცვალა 1939 წელს, პარიზში, აღდგომა დღეს, 61 წლის ასაკში. თითქმის 30 წლის შემდეგ, 1968 წლის 7 აპრილს გამოეთხოვა ქართული ემიგრაცია მის ერთგულ მეუღლეს მერი წერეთელს.

კოკი დადიანის შთამომავლები დღესდღეობით, საქართველოს გარდა, აშშ–სა და საფრანგეთში ცხოვრობენ. ვაშინგტონში, კენედის სასაფლაოზეა დაკრძალული მიხეილ დადიანი და მისი მეუღლე თინა გომართელი (ივანე გომართელის ასული). მიხეილს თბილისის იუნკერთა სკოლა ჰქონდა დამთავრებული, იყო პირველი ქართული სამხედრო ნაწილის, ცხენოსანთა ასეულის წევრი, იბრძოდა კოჯორ–ტაბახმელასთან. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მსახურობდა პოლონეთის ჯარში.

1976 წელს პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონში“ (N 18) დაიბეჭდა მიხეილ დადიანის მოგონებები „რაც მახსოვს“, სადაც მოთხრობილია მის ბავშვობაზე, წინაპრებზე, ქართულ ჯარზე და საქართველოს ოკუპაციაზე. II მსოფლიო ომის დროს იგი ბერგმანის ბატალიონის ლეიტენანტი იყო და საბჭოთა რეჟიმის დამარცხებაზე ოცნებობდა. პარადოქსია, რომ ამავე დროს კოკი დადიანის უმცროსი შვილი, მოქანდაკე სვიმონ დადიანი, ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა, დისშვილი გიორგი კი საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა სამამულო ომში გერმანელთა წინააღმდეგ.

იმავე წლებში რეპრესია განიცადა საქართველოში დარჩენილი კოკი დადიანის უფროსი ქალიშვილის ბაბო დადიანის ოჯახმა. 1937 წელს დახვრიტეს მისი მეუღლე, ლონდონში განსწავლული სამთო ინჟინერი ალიოშა მასხარაშვილი. თავადაც გამოასახლეს ბინიდან... რამდენიმე წლის შემდეგ კი (1951–1954 წწ.) შვილებთან ერთად, ეტაპით გადაასახლეს.
გავიდა დრო და ორმოცდასამწლიანი განშორების შემდეგ ბაბო დადიანმა თავისი და-ძმები საფრანგეთში მოინახულა. სან-ფრანცისკოდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდა უმცროსი ძმა სიმონიკა დადიანიც.

ბაბო დადიანმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა კოკი დადიანის გადარჩენილი მემკვიდრეობის ნაწილი (ხელნაწერები, ფოტოები, პირადი წერილები), რომელიც შთამომავლებმა გადასცეს საპატრიარქოს ტელევიზია – „ერთსულოვნებას“. არქივი დაცულია ბაბო დადიანის ოთახ–მუზეუმში. აქ მიმდინარეობს ფონდის აღწერა–დამუშავება და მასალების პუბლიკაცია.  

წყარო: 

1. შარაძე გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. ტ. 8. –თბ., 2005. გვ. 67–92.


გააზიარე: