The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ აღნიაშვილი

ნიკოლოზ აღნიაშვილი
Other name:ნიკო  (Acronym)
Date of birth:14 February, 1901
Date of death:5 October, 1928  (at 27 years)
Burial location:რაკოვიცკის სასაფლაო, კრაკოვი, პოლონეთი
Category:Military Person

Biography

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის რაკოვიცკის ძველ სასაფლაოზე, რომელიც 1803 წელს გაიხსნა და რომელიც ამჟამად პოლონეთის ისტორიულ–არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, ერთი ძველი საფლავია, რომლის საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა გვამცნობს: „ნიკო აღნიაშვილი, იუნკერი საქართველოს სამხედრო სკოლისა“, ხოლო პოლონური წარწერა იუწყება: „ღმერთმა გაანათლოს მიკო აღნიაშვილი, მამაცი ქართველი ერის შვილი. პოდჰალეს ქვეით მსროლელთა მე–4 პოლკის პორუჩნიკი. დაბადებული ბათუმში 14.II.1901. გაძევებული რუსების მიერ სამშობლოდან, სამშობლოს მონატრებული გარდაიცვალა კრაკოვში 5. IX. 1928. ღმერთო, მიეცი თავისუფლება საქართველოს!“

საფლავის ქვის პოლონურ წარწერაში სახელის „ნიკოლოზი“ პოლონური ვარიანტის, „მიკოლაი“ ქართულ ყაიდაზე შემოკლებული „მიკო“ წერია, ქართულ წარწერაში კი ნიკოს ნაცვლად ნიტო იკითხება, რაც იმით აიხსნება, რომ მან, ვინც წარწერა საფლავის ქვაზე ამოკვეთა, ქართული არ იცოდა და უნებლიე შეცდომა დაუშვა. საფლავის ქვაზე ნიკო აღნიაშვილის ოვალური ფორმის ფოტოსურათიცაა დატანილი. ქართულ და პოლონურ წარწერებს შორის კი კავკასიელთა სიმამაცის სიმბოლოს, ხანჯლის გამოსახულებაა ამოკვეთილი.

საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ბიოგრაფიული ცნობების გარდა ნიკო აღნიაშვილის შესახებ სხვა არაფერი ვიცით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას საქართველოს იუნკერთა სკოლაში უსწავლია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი, 20 წლის ასაკში, სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გამხდარა ემიგრაციაში წასულიყო. შემდეგ იყო პოლონეთის სამხედრო სკოლა და პოლონეთის არმია, სადაც უმსახურია პოდჰალეს (მთიანი რეგიონია სამხრეთ პოლონეთში) ქვეით მსროლელთა მე–4 პოლკში პორუჩნიკის წოდებით (შეესაბამება ლეიტენანტის წოდებას).

ჩვენს ამ ვარაუდს ამტკიცებს 2009 წელს პოლონეთის ეროვნული არქივის მიერ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემული XX საუკუნის 20-იანი წლების პოლონურ-ქართული ურთიერთობების ამსახველი რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი. დოკუმენტები საშუალებას გვაძლევენ, ზუსტად დავადგინოთ იმ ქართველი იუნკრების ვინაობა, რომლებიც პოლონეთის მაშინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელის, მარშალ პილსუდსკის უშუალო მითითებით ჩარიცხეს პოლონეთის სამხედრო სკოლებში. ჩარიცხულთა სიაში, სხვა ქართველ იუნკრებთან ერთად, არის იუნკერი ნიკოლოზ აღნიაშვილიც.

2011 წლის დეკემბერში, პოლონეთში, დავით ყოლბაიას, პიოტრ ჰლებოვიჩისა და პიოტრ ვარიშის ავტორობით პოლონურ ენაზე გამოიცა ალბომი „უცნობი საქართველო. ქართველებისა და პოლონელების საერთო ბედი“. ალბომში მკითხველი ეცნობა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, პოლონეთ–საქართველოს ურთიერთობათა გზას. ალბომში მთელი გვერდი აქვს დათმობილი 27 წლის ასაკში სამშობლოზე დარდით გარდაცვლილი ნიკო აღნიაშვილის უჭირისუფლო საფლავის სევდის მომგვრელ ფოტოს. რომ არა ეს პუბლიკაცია, საქართველოში არც არაფერი ეცოდინებოდათ ქართველ იუნკერზე უცხო ქვეყნის მიწაში რომ იპოვა სამუდამო განსასვენებელი.

ნიკო აღნიაშვილზე სხვა ცნობების უქონლობა იმითაც აიხსნება, რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც ის არის, რომ ოკუპირებული საქართველოდან გადახვეწილები ერიდებოდნენ ოჯახის წევრებთან კონტაქტს, ხოლო საქართველოში დარჩენილები ემიგრაციაში წასულთა სახელების ხსენებასაც კი გაურბოდნენ მოსალოდნელი რეპრესიების შიშით. საბჭოთა პერიოდში პოლიტიკური მიზეზების გამო ეს თემა მკაცრად ტაბუირებული იყო, რადგან  პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები საქართველოშიც და პოლონეთშიც ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

წყარო:

1. ტოროტაძე, ქეთიუცნობი ქართველი იუნკერი პოლონეთში // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2012. - ივნისი. - N6(18). - გვ.26-29. - ქართველები პოლონეთში

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_აღნიაშვილი


Share: