The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ბერაძე

ალექსანდრე ბერაძე
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1969  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ბერაძე 1905 წელს თბილისში დაიბადა. მის მშობლებს, გიორგი ბერაძესა და ანასტასია თოფურიას 4 ვაჟი და 3 ქალი ჰყავდათ. ალექსანდრე – მეოთხე შვილი ყოფილა, ტყუპისცალი. მან 1924 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია. იმავე წელს დახვრიტეს მამამისი და უფროსი ძმა, იოსები, როგორც 1924 წლის აჯანყების მონაწილეები. დაიღუპნენ მომდევნო ძმებიც – სამხედრო პირი მიხეილი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, სამხედრო მფრინავი ვლადიმერი კი რომელიღაც სამსახურებრივი დავალების შემდეგ გაქრა. საშიშროება ელოდა 19 წლის ალექსანდრესაც, რომელიც პროკლამაციების გავრცელების გამო დააბეზღეს და უთვალთვალებდნენ. ქმრისა და სამი ვაჟის დაკარგვის შემდეგ დედამ ნაბოლარა შვილს ურჩია, თვალს მიფარებოდა. ალექსანდრე საიდუმლოდ გადავიდა ბათუმიდან თურქეთში და იქიდან საფრანგეთს გაემგზავრა. ამის შემდეგ ოჯახთან ურთიერთობა თითქმის აღარ ჰქონია. მის შესახებ საქართველოშიც არაფერი იცოდნენ.

პარიზში ალექსანდრე ბერაძე ელექტრიკოსად მუშაობდა. როგორც მისი მეგობარი შოთა ბერეჟიანი იგონებს, – „თავისებური კაცი იყო, საშინლად განიცდიდა ემიგრანტობას. ალბათ, ამიტომ იყო ნაღვლიანი და თავისთავში ჩაკეტილი. ბევრი მეგობარი არ ჰყავდა. გარეგნობითაც არ ჰგავდა ქართველს – უფრო შოტლანდიელს, ან ინგლისელს წააგავდა. ძალიან ქერა იყო და ამის გამო „თეთრ დათვს“ ეძახდნენ“.  ქარხანაში ალექსანდრე დიდხანს არ გაჩერებულა, 1930–იან წლებში უცხოელთა ლეგიონში ჩაეწერა და აფრიკაში წავიდა. იქ მალე დაწინაურდა და კაპრალის ჩინიც მიიღო. იბრძოდა მაროკოში დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვართან ერთად. 5 წლის შემდეგ დაბრუნდა პარიზში და ქარხანაში დაიწყო მუშაობა.

II მსოფლიო ომის დასაწყისში ალექსანდრე ბერაძე საფრანგეთის დასაცავად  ქართველი პროფესიონალი სამხედროებითა და მოხალისეებით შექმნილ ქართულ ნაწილში „Unite Georgiene“-ში ჩაეწერა. მეომრები სოფელ სეტფორში გადიოდნენ ინტენსიურ წვრთნას, მაგრამ 1940 წლის 14 ივნისს საფრანგეთმა ხელი მოაწერა კაპიტულაციას. ალექსანდრე ოკუპირებულ პარიზში დაბრუნდა და გერმანელთა მიერ შექმნილ ქართულ ბატალიონში გაერთიანდა. იგი ბევრი ქართველი ემიგრანტის მსგავსად თვლიდა, რომ ეს სამშობლოს ბოლშევიკებისგან დახსნის ერთადერთი გზა იყო. მისი ნაწილი კავკასიის მთებში დაბანაკდა და იქ ელოდა შეტევის დაწყებას, მაგრამ გერმანელები დამარცხდნენ და ეროვნული ბატალიონები კვლავ უცხოეთში დაბრუნდნენ.

პარიზში ჩასული ალექსანდრე ბერაძე  გაერთიანდა 1940 წლის ბოლოს შექმნილ „ეროვნულ ფრონტში“, რომლის წევრებიც ებრძოდნენ გერმანელების საფრანგეთში დამკვიდრებას. 1942 წლის ბოლოს მათ ბრძოლა გააგრძელეს საფრანგეთის იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობა „რეზისტანსში“.

II მსოფლიო ომის შემდეგ ალექსანდრე ბერაძე სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა. იგი ცხოვრობდა ქალაქ კლამარში. გარდაიცვალა 1969 წელს. თავდაპირველად  კლამარის სასაფლაოზე დაკრძალეს, მაგრამ შემდგომში ვაჟიშვილმა ლევილში  გადაასვენა.

ბატონი ალექსანდრე გვიან დაქორწინდა. 1939 წელს გაიცნო და საფრანგეთის ოკუპაციის წლებში ცოლად მოიყვანა კორსიკელი ლუსია პიკარუნი. მათი ვაჟი ჟორჟი 1943 წელს დაიბადა. კარგად ახსოვს, რომ ბავშვობაში „გოგას“ ეძახდნენ და პირჯვარს მართლმადიდებლურად იწერდა. მშობლები 4 წლის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ჟორჟი დედასთან ერთად მარსელში დასახლდა, სადაც ქართველთაგან არავინ ცხოვრობდა. ქართველებთან ურთიერთობა ჟორჟს მხოლოდ ლევილში ჩასვლისას ჰქონდა. მამას იშვიათად ხვდებოდა, მაგრამ მასთან და მის მეგობრებთან ამ მოკლე შეხვედრებმა გაუღვიძა საკუთარი ფესვების ძიების სურვილი. ერთადერთი სუსტი ძაფი, რომლითაც შეიძლებოდა საქართველოში ნათესავების მიკვლევა, დედისგან ალექსანდრესათვის გაგზავნილი წერილი იყო, რომელშიც შვილს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვდა. „მაშინ პირველად ვნახე მამას თვალზე ცრემლიო“, – ჰყვება ჟორჟი. 1999 წელს იგი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ბებიის წერილით შეიარაღებულმა, ძებნა საფრანგეთში საქართველოს საელჩოდან დაიწყო. მათი დახმარებით ჩავიდა წერილზე აღნიშნულ მისამართზე – სამტრედიაში. მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო მისთვის ასე უცებ ამდენი ნათესავის აღმოჩენა. მისი მეუღლე პატრისიაც კორსიკელია. ორი შვილი ჰყავთ – ალექსანდრე და ჟუანი. შემდეგ ჩამოსვლებზე ჟორჟმა მათაც გააცნო წინაპართა სამშობლო და მათი ცოლ–შვილიც დააკავშირა ბერაძეების დიდი ოჯახიდან გადარჩენილ წევრებსა და ახლობლებთან.

წყარო: 

1. დაუშვილი, რუსუდან. ალექსანდრე ბერაძე // პრაიმტაიმი. - 2012. - 14 მაისი. - N19. - გვ.50.

2. დაუშვილი, რუსუდან. ალექსანდრე ბერაძე // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - გვ.154-155. 

 


გააზიარე: