The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ივანე ვაჩნაძე

ივანე ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1899
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1976  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

საფრანგეთის ეროვნული გმირი, გენერალი ივანე ასლანის ძე ვაჩნაძე 1899 წლის 10 აპრილს კახეთში, სოფელ კარდენახში დაიბადა. დედა –  თებრო ნაცვლიშვილი. სწავლობდა ვორონეჟის კადეტთა კორპუსში. 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 1918 წელს სწავლა განაგრძო თბილისის ახალგახსნილ იუნკერთა სასწავლებელში. საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის წლებში (1918-1921) ეროვნული არმიის კავალერიაში მსახურობდა.

1921 წლის თებერვალში ივანე ვაჩნაძე, სხვა იუნკრებთან ერთად, გმირულად იბრძოდა კოჯორ–ტაბახმელასთან. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ 1921 წლის მარტში, ემიგრაციაში გაჰყვა გახიზნულ მთავრობას. იგი ერთ–ერთია იმ ხუთ იუნკერს შორის, რომლებიც გენერალ გიორგი კვინიტაძის რეკომენდაციით სენ–სირის სახელგანთქმულმა სკოლამ მიიღო. სენ-მიქსენის სამხედრო სასწავლებლის შემდეგ დაამთავრა სომიურის კავალერისტთა სკოლა. სამხედრო სამსახურს გადიოდა სუსში, ტუნისის უცხოური ლეგიონის პირველი პოლკის კავალერიაში. 1922 წელს მიიღო უმცროსი ლეიტენანტის ჩინი, შემდეგ კი – ესკადრონის შეფობა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს საფრანგეთში გერმანიის შეჭრის შემდეგ, ივანე ვაჩნაძე იბრძოდა სომის ფრონტზე, შენაერთის მთელი შემადგენლობიდან ძალიან ცოტა გადარჩა. მათ შორის იყო ვაჩნაძეც. გერმანელების ტყვეობასაც დააღწია თავი, მოახერხა ოკუპირებულ პარიზში ჩასვლა, ველოსიპედით თავისუფალ ზონაში ჩააღწია, იქიდან კი ჩრდილოეთ აფრიკაში გადავიდა და უცხოურ ლეგიონს შეუერთდა. კაპიტნის ჩინით იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ, მეთაურობდა უცხოური ლეგიონის დივიზიის სადაზვერვო ასეულის ესკადრონს. 1944 წლის სექტემბერში თავის შენაერთთან ერთად გადმოვიდა ალზასში და მთელ საფრანგეთთან ერთად იზეიმა გამარჯვება. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: საბრძოლო ჯვარი და საპატიო ლეგიონის ორი ორდენი პარიზის გათავისუფლებისათვის.

1946 წლიდან ივანე ვაჩნაძე  ხელმძღვანელობდა ალჟირში, ქალაქ სიდი ბელ აბესში განთავსებულ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სპეციალურ ჯგუფს.

1951 წელს, სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა სომიურში. ასწავლიდა სომიურის კავალერისტთა სკოლაში, აღზარდა ბევრი ცნობილი ფრანგი სამხედრო მოღვაწე. იყო ყველაზე ძნელად გასახედნი ბედაურების მომთვინიერებელი და ყველა სტუდენტის ბაბუა. „ბაბუად ქცევის“ დიდი უნარის გამო „კანფეტ ბაბუს“ ეძახდნენ. ცოლ–შვილი არ ჰყოლია, სკოლა იყო მისი ოჯახი. არც საფრანგეთის მოქალაქეობა მიუღია. ქართული პასპორტი შეინარჩუნა, რადგან სამშობლოში დაბრუნების იმედი არასოდეს დაუკარგავს. მისი პირველი წერილი საქართველოში, სადაც ოთხი ძმა და ერთი და ეგულებოდა, 1960 წელს მიიღეს. მის წერილებს თავიდან სიფრთხილით პასუხობდნენ, მაგრამ საბედნიეროდ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და გენერალმა ვაჩნაძემ სიცოცხლეში ორჯერ შეძლო სამშობლოში ჩამოსვლა. იყო მშობლიურ კარდენახში, პატივი მიაგო წინაპართა საფლავებს, მოესიყვარულა ნათესავებს, გაიცნო ახალგაზრდა თაობა. ბატონი ივანე ოცნებობდა ქართულ მიწაში დაკრძალვაზე, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი იყო და ანდერძის თანახმად იგი დიდი პატივით დაკრძალეს ლევილში.

ივანე ვაჩნაძე 77 წლის ასაკში, 1976 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. სომიურის სამხედრო სასწავლებლის დარბაზს საიდანაც გამოასვენეს, მისი სახელი ეწოდა. დასაფლავებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სამხედრო ჩინოსნები არა მარტო საფრანგეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

წყარო: 

1.ვაჩნაძე ივანე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.87-88. 

2.Ivane vachnadze,ივანე ვაჩნაძე - https://www.youtube.com/watch?v=ZPpiWC5oroA


გააზიარე: