The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


დავით ვაჩნაძე

დავით ვაჩნაძე
სხვა სახელი:დ. კახელი  (ფსევდონიმი)
ეკალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:23 იანვარი, 1962  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ესენი, გერმანია
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი დავით (დათა) ვაჩნაძე დაიბადა 1884 წლის 4 აგვისტოს სოფელ დიდ ლილოში. მამა - რუსეთის არმიის არტილერიის პოლკოვნიკი ვლადიმერ ვაჩნაძე სოფელ ბაკურციხიდან იყო, სადაც 1919 ოქტომბერში გარდაიცვალა. დედა – ელენე მაჩაბელი სოფელ დიდი ლილოდან გახლდათ. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: დავითი, ნინო, თამარი და ქეთევანი.

დაწყებითი განათლება დათამ ოჯახში მიიღო. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1894-1902 წწ.) და პეტერბურგის პავლე I-ის სახელობის სამხედრო სასწავლებელი. მსახურობდა ქ. ვარშავაში, მე-15 მესანგრეთა ბატალიონში. 1905 წლიდან სამხედრო სამსახური განაგრძო თბილისში. 1907 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოდპორუჩიკის წოდებით. 1908 წელს ცოლად შეირთო თამარ ციციშვილი. შეეძინათ ორი გოგონა - ირინე და ნათელა.

ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ დავით ვაჩნაძეს უბიძგა აქტიურად ჩაბმულიყო ქართულ საზოგადოებრივ და ეროვნულ საქმიანობაში. 1909-1910 წლებში დაიწყო სამწერლო-პუბლიცისტური მოღვაწეობა. 1912 წელს მან რევაზ გაბაშვილთან ერთად დააარსა ყოველკვირეული ეროვნული მიმართულების ჟურნალი „კლდე“, სადაც სტატიებს  აქვეყნებდა ფსევდონიმებით – „დ. კახელი“ და „ეკალი“.

1914-1915 წლებში დათა ვაჩნაძე მონაწილეობას იღებდა პირველ მსოფლიო ომში. ქართველი თავადაზნაურობის მარშლის, თავად კონსტანტინე (კოტე) აფხაზის მოწოდებით მონაწილეობდა „თბილისის ქართული დრუჟინის“ შედგენაში. „დრუჟინის“ მთავარი დანიშნულება იყო რუსეთის ჯარებისაგან დაეცვა ოსმალეთის ფრონტზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მუსულმანები და მათი სოფლები. „თბილისის ქართული დრუჟინის“ უფროსად დაინიშნა გენერალი ალექსანდრე ვაჩნაძე, შემდეგ კი პოლკოვნიკი გიორგი ჯანდიერი, რომლის ადიუტანტადაც გვევლინება დავით ვაჩნაძე. 1915 წელს იგი დაუკავშირდა 1914 წელს ჟენევაში პეტრე სურგულაძის  მიერ დაარსებულ „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს“ (ჟენევა – ბერლინი – სტამბოლი), რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოს დამოუკიდებლობის მომზადების საკითხში. აგრეთვე, ეხმარებოდა გიორგი მაჩაბელს  გერმანული წყალქვეშა ნავებით საქართველოში იარაღისა და ფულის შემოტანის ორგანიზებაში.

1917 წელს დავით ვაჩნაძემ თავის მომხრეებთან ერთად დააარსა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტია და გახდა მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. თანამშრომლობდა 1917 წელს დაარსებულ ეროვნულ-დემოკრატთა პარტიულ გაზეთ „საქართველოსთან“. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წლის 12 მარტს.

1917 წლის ნოემბერში დავით ვაჩნაძე „ქართული ეროვნული საბჭოს“წევრი გახდა. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ  იგი, გენერალ კონსტანტინე აფხაზთან ერთად მემარჯვენეთაგან, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების „სამხედრო კომისიის“ წევრად. 1918 წლის ივნისში პოლკოვნიკი ვაჩნაძე საქართველოს მთავრობის წარდგენით „გერმანიის საიმპერატორო სამხედრო-დიპლომატიურ მისიაში“ საქართველოს რესპუბლიკის რწმუნებულად დაინიშნა.

იგი ქართულ და გერმანულ შტაბებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ჯარის ორგანიზაციის პროექტის შედგენაში და იმავე წლის ოქტომბერში დაჯილდოვდა „თამარ მეფის ორდენით“ სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისა და დამსახურებისათვის.

1918 წლის ნოემბერში პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიის მისია კავკასიაში შემოსულ ბრიტანულ ჯარებს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, დავით ვაჩნაძემ, მაიორ გიორგი აფხაზის დახმარებით უზრუნველყო საქართველოდან გერმანიის მისიის უსაფრთხო ევაკუაცია ქუთაის–ბათუმის გზით. 1918 წლის დეკემბერში მონაწილეობდა სომხეთთან ომში. 1921 წლის თებერვალში წითელი არმიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად  400 მოხალისისგან შეადგინა განსაკუთრებული რაზმი. გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. მონაწილეობდა იატაკქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეხმარებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს – პარტიზანული ომის ორგანიზებაში, სამხედრო ცენტრს – სვანეთისა და ხევსურეთის აჯანყებების მომზადება-დაფინანსებაში.

1922 წელს, სხვა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად, დავით ვაჩნაძე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს,თუმცა მალე  მძიმე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს და ამით გადაურჩა საზღვარგარეთ იძულებით გასახლებას.

1923 წელს „დამკომის“ სამხედრო ცენტრის დახვრეტისა და რეპრესიებში თანამებრძოლთა დაღუპვის შემდეგ პოლკოვნიკი ვაჩნაძე იატაკქვეშეთში გადავიდა. 1924 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დავალებით იგი საიდუმლოდ გაემგზავრა თურქეთში ქვეყანაში დაგეგმილი აჯანყებისთვის უცხოეთიდან დახმარების მიღების ორგანიზების მიზნით. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ მან სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო და ემიგრაციაში დარჩა. 1924-26 წლებში მონაწილეობდა სტამბოლში შექმნილ „კავკასიის განმათავისუფლებელი კომიტეტის“ საქმიანობაში. 1927 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში.

დავით ვაჩნაძემ, როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული ბიუროს წევრმა, ემიგრაციაშიც განაგრძო აქტიური ანტიკომუნისტური პოლიტიკური და პუბლიცისტური საქმიანობა. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ნაციონალისტურ პრესაში, მონაწილეობდა პარიზის სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში. კითხულობდა მოხსენებებს, ლექციებს. იყო რამდენიმე ქართული ემიგრანტული ორგანიზაციის წევრი  („კავკასიის კონფედერაცია“, „ყოფილ ქართველ მხედართა დარაზმულობა“, „ქართული სამეცნიერო წრე“ და სხვა), დიდი როლი შეასრულა „სომეხ-ქართველთა კავშირის“ (უნიონის) შექმნასა და კავკასიელთა ერთობიდან განზე გამდგარი სომხების დასაახლოებლად.   

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა კომისარმა გრაფმა შულენბურგმა საქართველოს გასათავისუფლებლად ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წევრები, მათ შორის დავით ვაჩნაძეც, ბერლინში მიიწვია და „ქართული პოლიტიკური კომიტეტის“ დაარსება შესთავაზა. თუმცა შულენბურგის გეგმა ჩაიშალა და ბატონი დავითი  ავსტრიაში, ვენაში გადასახლდა. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ გადავიდა მიუნხენში, ამერიკულ ზონაში. საბოლოოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასახლდა. გარდაიცვალა 1962 წლის 23 იანვარს. დაკრძალულია გერმანიაში, ესენში. ყველა მიმართულების ქართულმა ემიგრანტულმა პრესამ, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში ღირსეულად შეაფასა დიდი პოლიტიკოსისა და ეროვნული მოღვაწის ღვაწლი.

საქართველოში დარჩენილი დავით ვაჩნაძის ოჯახი მუდმივი თვალთვალისა და ზეწოლის ქვეშ იყო. 1924 წელს ბებიასთან ზაფხულში დასასვენებლად ჩასული 13 და 11 წლის მისი ორი გოგონა ბაკურციხიდან გამოაპარეს. წითელმა რაზმელებმა კახეთის მატარებელი გააჩერეს - დათას შვილებს ეძებდნენ, საბედნიეროდ, მათ კეთილი ადამიანების წყალობით თბილისამდე ჩამოაღწიეს. დათას ოჯახი მამიდამ, შ. მახარაძეზე გათხოვილმა ქეთო ვაჩნაძემ შეიკედლა. 1941 წელს გარდაიცვალა დათას დედა, ელენე ვახტანგის ასული მაჩაბელი. მის გასვენებაზე ბელინსკის #2, ნახევარსარდაფში, კალისტრატე ცინცაძე მივიდა ამალითა და მგალობლებით. ეს აქცია პატრიარქის მხრიდან გმირობის ტოლფასი იყო.  

დავით ვაჩნაძის ცოლ–შვილი 30-იანი წლების რეპრესიებს  გადაურჩა, მაგრამ 50-იანი წლების რეპრესიებს - ვერა. 1951 წლის 28 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეებში, სხვა მრავალ ქართველთა მსგავსად, დათას მეუღლე თამარი, უფროსი ქალიშვილი ირინე და მისი ქალიშვილი, სტუდენტი ლალი მიქელაძე ყაზახეთში გაასახლეს. ცხოვრობდნენ სოფელ აბაი-ბაზირში. ქალაქში ჩასვლის უფლებაც არ ჰქონდათ. 1953 წელს თამარი გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. 1954 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, ირინე და მისი ქალიშვილი  გაათავისუფლეს. ირინემ შემდგომ პიონერთა სასახლეში დაიწყო მუშაობა, ლალიმ - ფსიქიატრიის ინსტიტუტში. მისი მეუღლე იყო ოტორინოლარინგოლოგი, აკადემიკოსი სიმონ ხეჩინაშვილი.  დავით ვაჩნაძის უმცროსი ქალიშვილი ნათელა გათხოვილი იყო ეკონომისტ ალექსანდრე (საშა) ფირცხალავაზე მას ორი ვაჟი ჰყავს - დევი და გია ფირცხალავები.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დათა ვაჩნაძე დაქორწინდა გერმანელ ქალბატონზე მართა კილმანზე. იგი 1990–იან წლებში გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად დათა ვაჩნაძის არქივი  გერმანიაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით გადასცეს მის  ნათესავებს. კილმანთა დიდ და ძლიერ ოჯახს მართას გარდაცვალების შემდეგაც არ გაუწყვეტია ურთიერთობა დავითის შთამომავლებთან.  

პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად, დავით ვაჩნაძე მშვენივრად ხატავდა, გატაცებული იყო ჭედურობით და კალამიც უჭრიდა. შესანიშნავად წერდა როგორც ქართულ, ისე რუსულ ენაზე. არის 4 წიგნისა და 30-მდე სტატიის, აგრეთვე „მოგონებათა რვეულების“ ავტორი.  შვილებს უძღვნა მემუარული ნაშრომი „ვინ ვიყავი, სად ვიყავი და რა გავაკეთე?“. 1957 წელს მიუნხენში გამოცემული მისი წიგნი „ქართული ეროვნული ძირები და რუსული ბოლშევიზმი“ 2004 წელს საქართველოშიც გამოიცა.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ვაჩნაძე

2. ვაჩნაძე დავით // ქართველები უცხოეთში: წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.85-87.  

3. ფირცხალავა, დევი. დავით ვაჩნაძე და მისი შთამომავლები: რუსუდან დაუშვილის საუბარი დევი ფირცხალავასთან  //ომეგა. – 2003. - N7. - გვ.120-124.


გააზიარე: