The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ალექსი ჩხენკელი

ალექსი ჩხენკელი
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1985  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

უცხოური ლეგიონის ბატალიონის მეთაური,  ლეიტენანტ–კოლონელი (ვიცე–პოლკოვნიკი) ალექსი ჩხენკელი გახლდათ მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერის, 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის ვაჟი. დაიბადა 1905 წელს. 1921 წლიდან ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია. 20 წლის ასაკში, 1925 წელს დაასრულა სენ–სირის სამხედრო აკადემია (შევალიე ბაიარის გამოშვება). იმავე წელს ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მისი სამხედრო კარიერა მაროკოში დაიწყო. შემდგომში ასეულისა და ათასეულის მეთაურად მსახურობდა ალჟირსა და ინდო–ჩინეთში.  

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939–40 წლებში ალექსი ჩხენკელი საიდუმლო მისიით მიავლინეს ნორვეგიაში. იქიდან ჩრდილოეთ აფრიკაში დაბრუნდა. მონაწილეობდა ნარვიკის ცნობილ სამხედრო–საზღვაო ექსპედიციაში. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, 1941 წელს ალჟირიდან პარიზში დაბრუნებული ალექსი, ლეგიტიმისტ ოფიცრებთან კონფლიქტის გამო, რომლებიც გენერალ დე გოლს არ შეუერთდნენ, გადავიდა მაროკოში, ხოლო შემდეგ ტანჟერისა და გიბრალტარის გავლით ჩააღწია ლონდონში და „თავისუფალი საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს“ შეუერთდა. 1942 წელს იგი ჩაირიცხა ბრიგადაში, რომელმაც განსაკუთრებით ისახელა თავი ეგვიპტესა და ლიბიაში გენერალ  რომელის საექსპედიციო კორპუსის წინააღმდეგ ბრძოლებში. ამის შემდეგ ის მიავლინეს მოკავშირე ოფიცრად ამერიკის არმიაში. 1943 წლის ზაფხულში მონაწილეობდა სადესანტო ოპერაციებში კორსიკაზე და იტალიაში. იყო ერიტრეის, ლიბიის, ჩრდილოეთ აფრიკის, იტალიის კამპანიისა და ეპოპეათა მონაწილე.

ალექსი ჩხენკელი მონაწილეობდა საფრანგეთის გათავისუფლებაში, მეთაურობდა მე–5  დივიზიონს. პირადი თხოვნის საფუძველზე იგი ჩარიცხეს უცხოური ლეგიონის გაერთიანებულ პოლკში. ომის დასასრულს მიენიჭა საფრანგეთის არმიის კოლონელის წოდება და დაინიშნა ლიბიაში განლაგებული ბრიგადის მეთაურად. 1945 წელს პარიზში სამხედრო სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა.1946 წელს დანიშნეს მოკავშირეთა წარმომადგენლად კუბაზე და იუგოსლავიაში, ხოლო შემდეგ გერმანიაში. 1946–52 წლებში პარიზში ცხოვრობდა. იგი იყო საპატიო ლეგიონის ორდენის, სამხედრო ჯვრის, აგრეთვე, აშშ–ისა და დიდი ბრიტანეთის მრავალი ჯილდოს მფლობელი.

1952 წელს ალექსი ჩხენკელი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ–იორკში, სადაც დაინიშნა თავისუფალ ფრანგულ ძალთა პრეზიდენტად. მოღვაწეობდა, როგორც სამოქალაქო ინჟინერი, აირჩიეს აშშ–ის ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრად და  აქტიურად ჩაება ემიგრაციის პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი ქართველთა წარმომადგენელი იყო  „ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკულ კომიტეტსა“ (ანტიბოლშევიკური ბლოკი) და „ანტიკომუნისტურ ინტერნაციონალში“. ასევე, 1952–55 წლებში იყო ნიუ–იორკში შექმნილი „ქართველთა დემოკრატიული კავშირისა“ (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭო“) და „ქართველთა ეროვნული ერთობის“ აქტიური წევრი.

1953 წლის 1 მარტს მიუნხენში რაჟდენ (მიშა) არსენიძის ხელმძღვანელობით მაუწყებლობა დაიწყო რადიოსადგურ „თავისუფლების“ ქართულმა რედაქციამ, რომლის ნიუ–იორკელ კორესპონდენტად ალექსი ჩხენკელი შეარჩიეს. მან არაერთი საინტერესო გადაცემა მოამზადა „ამერიკელი ქართველების“ თემაზე. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთანაც.

ალექსი ჩხენკელი გარდაიცვალა 1985 წელს, საფრანგეთში, 80 წლის ასაკში. მისი ცხედარი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის საპატიო ყარაულის თანდასწრებით ლევილის მიწას მიაბარეს. ცოლად ჰყავდა ქეთევან ვაჩნაძე. დარჩა ორი შვილი –  გივი და თამარ ჩხენკელები.  

წყარო: 

1. დაუშვილი, რუსუდან. ალექსი ჩხენკელი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტრიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი. - თბ., 2012. - გვ.160–161.

2. ნიკოლაძე ფრ. უცხოური ლეგიონის მეომრები; ალექსი ჩხენკელი // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში: 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-[თბ.], [2009].– გვ. 41–42.

3. ურუშაძე, ლევან. ქართველები ევროპის ჯარში - საფრანგეთი: ალექსი ჩხენკელი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 33–34.


გააზიარე: