The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გივი ხონელიძე

გივი ხონელიძე
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1998  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ექიმი–ონკოლოგი, რესპუბლიკა მოლდოვას ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის  დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, მოლდავეთის სსრ-ის დამსახურებული ექიმი გივი ბაგრატის ძე ხონელიძე დაიბადა 1922 წელს თბილისში. № 20 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. 1947 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, განაწილებით მიავლინეს მოლდავეთის რესპუბლიკის გლოდიანსკის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად. 1949 წელს სწავლა განაგრძო კიშინიოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრაზე. კლინიკური ორდინატურის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ლეოვსკის რაიონული საავადმყოფოს მთავარ ექიმად. მოკლე ხანში მისი უშუალო ინიციატივით რაიონულ საავადმყოფოსთან შეიქმნა ქირურგიული განყოფილება, რომლის გამგეობა მასვე დაავალეს.

1954 წლის ოქტომბერში, გივი ხონელიძე, როგორც ჯანმრთელობის დაცვის გამოცდილი ორგანიზატორი და კვალიფიციური ქირურგი გადაჰყავთ ქალაქ კიშინიოვში რესპუბლიკური ონკოლოგიური დისპანსერის მთავარ ექიმად. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ფართოდ გამოვლინდა მისი პროფესიული ოსტატობა.

1962 წელს ონკოლოგიური დისპანსერის ბაზაზე დაარსდა ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორად დაინიშნა გივი ხონელიძე და სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი უცვლელად ხელმძღვანელობდა ამ დაწესებულებას. მის მიერ ინსტიტუტსა და მთელ მოლდავეთში დაინერგა ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის, ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდები. 1970–იან წლებში ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის კათედრა, რომელზეც წარმოებდა ექიმთა ახალი კადრების მომზადება–სპეციალიზაცია. გივი ხონელიძის უშუალო ხელმძღვანელობით კიშინიოვში აშენდა ონკოლოგიის ინსტიტუტის ახალი, ხუთასადგილიანი  უნიკალური ქირურგიული კომპლექსი და ონკოლოგიური პოლიკლინიკა.   

გივი ხონელიძის სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის სფეროს განეკუთვნება თანამედროვე ონკოლოგიის ისეთი რთული პრობლემები, როგორიც არის სიმსივნეების ძირითადი ლოკალიზაციის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კუჭის დაავადებათა დიაგნოსტიკა, ონკოლოგიური დახმარების ორგანიზაციული საკითხები და სხვა. მის კალამს ეკუთვნის 70–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომელთაგან ორი მონოგრაფიაა.

საექიმო, სამეცნიერო და ორგანიზაციული საქმიანობის პარალელურად გივი ხონელიძე მეტად  ნაყოფიერ  საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც ეწეოდა. ის ორჯერ იყო არჩეული ქ. კიშინიოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენითა  და მედლებით. მინიჭებული აქვს მოლდავეთის სსრ დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება. იყო სსრ კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული საპრობლემო კომისიის – „ავთვისებიანი სიმსივნეების“, ონკოლოგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობისა და ჟურნალების „Вопросы онкологии“ და „Здравоохранение“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

გივი ხონელიძე 1998 წელს გარდაიცვალა. ონკოლოგიის ინსტიტუტის მრავალრიცხოვანი კოლექტივი არ ივიწყებს თავის პირველ დირექტორს. მის საპატივცემულოდ ინსტიტუტში გახსნილია ბარელიეფი.  

წყარო: 

1. georgians.md/история-и-культура/

2. georgians.md/диаспора-в-лицах/

3. შარაშიძე, . მოლდავეთის სსრ დამსახურებული ექიმი // საბჭოთა მედიცინა. - 1983.- N1.- გვ.68-69




გააზიარე: