The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზაქარია ჭავჭავაძე

ზაქარია ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1825
გარდაცვ. თარიღი:22 ოქტომბერი, 1905  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შუამთა, საქართველო
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველ მხედართმთავართა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს. დაიბადა 1825 წლის 25 ოქტომბერს ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულში წინანდალში. განათლება მიიღო კერძო სასწავლებელში. 1842 წლის აგვისტოდან 17 წლის ჭაბუკი ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის მოხალისეა. ამ პოლკიდან იწყება მისი ზრდა და ტრიუმფალური მხედრული აღზევება. 1842-59 წწ. მსახურობდა ნიჟნი–ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1847 წლიდან მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში.  

ზაქარია ჭავჭავაძის პიროვნებაში, მის მხედართმთავრულ თვისებებში ჰარმონიულად იყო შერწყმული სწრაფი, ნათელი აზროვნებისა და გაბედული, ელვისებური მოქმედების უნარი. მისი მხედრულ-მეომრული ღვაწლი ორგანულად არის დაკავშირებული ყირიმის, კავკასიის, რუსეთ-თურქეთის ომებთან. ყირიმის ომის (1853-56) დროს კავკასიის ფრონტზე მეთაურობდა ჯერ ესკადრონს, შემდეგ დივიზიონს. თავი გამოიჩინა 1853 წ. 19 ნოემბრის ბაშკადიკლარისა და 1854 წ. 24 ივლისის ქიურურ-დარას ბრძოლებში, რომელიც 1854 წ. 24 ივლისს გაჩაღდა ყარიალის მთების სამხრეთ-დასავლეთ ფერდობებზე. ყირიმის ომის დამთავრების შემდეგ კვლავ მონაწილეობდა სამხედრო ექსპედიციაში ჩრდილოეთ კავკასიაში, იბრძოდა ამბოხებულების წინააღმდეგ. 1859-64 წწ. მეთაურობდა ჯერ დაღესტნის ცხენოსანთა, 1863 წლიდან კი დრაგუნთა ტვერის 43–ე პოლკს. მონაწილეობდა შამილის უკანასკნელი რეზიდენციის — ღუნიბის ციხესიმაგრის იერიშში. 1868 წელს საკუთრებაში გადაეცა 800 დესეტინა მიწის ნაკვეთი ყუბანის ოლქში. 1871 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 1874–1877 წლებში მეთაურობდა კავკასიის კავალერიის დივიზიის მეორე ბრიგადას.

რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში ზაქარია ჭავჭავაძე უკვე კავკასიის მსხვილ საკავალერიო ნაწილებს და საჯარისო დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. 1877 წლის ივლისში დაინიშნა მოქმედი არმიის ცალკე კაზაკთა რაზმის უფროსად. აღსანიშნავია მის მიერ მიღწეული ორი დიდი გამარჯვება – 1877 წლის მაისში ბემლიახმეტთან თურქთა დიდძალი კავალერიის განადგურება და იმავე წლის 3 ივნისს ყარსის მახლობლად განხორციელებული არავარტანის უსასტიკესი შეტაკება. ამ სისხლიან ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისა და შეუპოვრობის გამოჩენისათვის მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1878-1885 წლებში იგი მეთაურობდა კავკასიის კავალერიის სხვადასხვა დივიზიას, 1885-1893 წლებში — კავკასიის არმიის 1-ლ კორპუსს. ყარსის უძნელესი იერიშის დროს იგი წმინდა გიორგის ორდენის სამგზის კავალერი გახდა. ყარსის ფეზი-ფაშას ციხესიმაგრეს სახელი გადაერქვა და „თავადი ჭავჭავაძე“ ეწოდა. წარჩინებისთვის ებოძა თეთრი არწივის (1886 წ.), წმ. ალექსანდრე ნეველის (1890 წ.) ორდენები; 1891 წლიდან რუსეთის საიმპერატორო არმიის კავალერიის გენერალია. 1893 წელს დაინიშნა ალექსანდრეს დაჭრილთა კომიტეტის წევრად; მიიღო წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის ბრილიანტის ნიშნები (1895 წ.); აყვანილ იქნა იმპერატორის გენერალ–ადიუტანტად(1898 წ.); დაჯილდოვდა წარჩინების ნიშნით ოფიცრის წოდებებში 50 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის  წმ. ვლადიმერის პირველი ხარისხის ორდენით (1902 წ.).

თადარიგში გასვლის დღეს ჯარების სარდალმა გენერალ-ადიუტანტმა ს. შერემეტიევმა ასეთი სიტყვებით მიმართა ზაქარია ჭავჭავაძეს: „თქვენო ბრწყინვალებავ, თავადო ზაქარია გულბაათის ძევ! კავკასიის არმიის ჯარებმა, რომლის წმინდა დროშებზე კავკასიის წარსულია გამოხატული, თქვენი სახელი თავისი ისტორიის ფურცლებზე ჩაწერა, როგორც უკვდავი სიმამაცის და კავკასიის ბრძოლების ბრწყინვალე გამარჯვების განსახიერება.“ მრავალი მისალმების შემდეგ მას ბუხარის ემირ აბდულ ხანის სახელით გადასცეს ფირმანი და „ამომავალი მზის“ ოქროს პირველი ხარისხის ორდენი ალმასებიანი ვარსკვლავით (1897 წ.).

ჟურნალი „კვალი“ ამ დღესთან დაკავშირებით წერდა: „დღეს, როცა ასეთ ძველებურ ვაჟკაცს კიდევ ვხედავთ საქართველოში, მომავლის იმედით გული გვევსება, რადგან ამისთანა გმირები, თითქოს გზად და ხიდად არიან მოვლენილნი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის.“

ზაქარია ჭავჭავაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – ეკატერინე ლუარსაბის ასული ჩოლოყაშვილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მასთან შვილი არ ჰყოლია. მეორედ დაქორწინდა მარიამ დავითის ასულ ჭავჭავაძეზე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ასულზე. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი: ალექსანდრე, ელისაბედ, მაქსიმილიან, დავით, ანა და სოფიო. რუსეთის არმიის გენერალ–მაიორები იყვნენ ზაქარიას უმცროსი ძმა არჩილი და ვაჟი ალექსანდრე. უფროსი ქალიშვილი, ელისაბედი (ლიზა) გათხოვილი იყო მოლდავეთში, თავად ივანე ლასკარზე. ლიზა ახალგაზრდა გარდაცვლილა (1874 -1912), მაგრამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მოუსწრია და პედაგოგ ნატალია დადიანთან ერთად 1900 წელს კიშინიოვში № 2 ქალთა გიმნაზია დაუარსებია.

ზაქარია ჭავჭავაძე გარდაიცვალა თბილისში, 1905 წლის 22 ოქტომბერს, 80 წლის ასაკში.  დაასვენეს სამხედრო ტაძარში. დაკრძალულია შუამთაში, ეკლესიაში. ის  იყო ერთადერთი გენერალი რუსეთის იმპერიაში, რომელსაც ყველა ჩინი ემატებოდა  საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის. გაზეთი „კავკაზი“ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა: „აღარ გვყავს ომის უკანასკნელი რაინდი, იგი უკანასკნელი მოჰიკანია კავკასიის მეომართა სახელოვანი ოჯახიდან, უკანასკნელი წარმომადგენელი იმ ბრწყინვალე სამხედრო ბელადებიდან, რომლებიც ოდესღაც ჩვენ ივერიამ მოგვცა.“

სამხედრო წოდებები: პოდპორუჩიკი –1845 წ.; პორუჩიკი 1848 წ.; შტაბს–კაპიტანი–1850 წ.; კაპიტანი–1851 წ.; მაიორი –1854 წ.; პოდპოლკოვნიკი–1855 წ.; დაღესტნის საცხენოსნო ირეგულარული პოლკის მეთაური –1859; პოლკოვნიკი–1861; ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკის მეთაური–1863;  გენერალ–მაიორი–1871; კავკასიის კავალერიის დივიზიის მეორე ბრიგადის მეთაური –1874; რუსეთ-თურქეთის ომის დროს - გენერალ-ლეიტენანტი –1877;  კავკასიის კავალერიის დივიზიის უფროსი –1879; კავკასიის სამხედრო კორპუსის მეთაური –1885, გენერალ-ადიუტანტი – 1898;  კავალერიის გენერალი – 1891;  ალექსანდრეს სახელობის დაჭრილთა კომიტეტის წევრი – 1893.

ჯილდოები: წმ. ანას მეოთხე ხარისხის (1848) და მესამე ხარისხის (1853) ორდენები; წმ. გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი (1854); ოქროს დაშნა „მამაცობისათვის“ (1858);  წმ. სტანისლავის მახვილებიანი მეორე ხარისხის ორდენი, ამავე ორდენის იმპერატორის გვირგვინი მახვილებით, წმ. ვლადიმერისს მეოთხე ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით (1859); წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენი მახვილებით (1860); წმ. ანას მეოორე ხარისხის ორდენი იმპერატორის გვირგვინითა და მახვილებით (1863); წმ. ვლადიმერისს მესამე ხარისხის ორდენი მახვილებით (1865); ბრილიანტის ბეჭდით იმპერატორის ვენზელით (1867); წმ. სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი (1875); წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენი, ალმასებიანი ოქროს ხმალი,  წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი (1877); წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენი მახვილებით (1879); წმ. ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენი (1883) და სხვა.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ზაქარია_ჭავჭავაძე 

2.nobility.pro/statia/3-chavchavadze-zakaria

3.ka.rodovid.org/wk/პიროვნება:780577

4.თ. ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე // კვალი. - 1893. - N9. - გვ.1-2

5. ჟორდანია, ოთარ. ქართველები კავკასიის არმიის გენერალიტეტში: ჭავჭავაძე ზაქარია გულბათის ძე // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია: შრომები. - თბილისი, 2012. - [ტ.] IV. - გვ.101–103.


გააზიარე: