The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელისაბედ ჭავჭავაძე

ელისაბედ ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:6 თებერვალი, 1874
გარდაცვ. თარიღი:16 ივნისი, 1912  (38 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კიშიონიოვის ცენტრალური "სომხური" სასაფლაო, მოლდოვა
კატეგორია:ფილანთროპი

ბიოგრაფია

ელისაბედ ჭავჭავაძე კავალერიის გენერალ ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძისა და მარიამ (კაკო) ჭავჭავაძის ასულია. ზაქარია იყო ერთადერთი გენერალი რუსეთის იმპერიაში, რომელსაც ყველა სამხედრო ჩინი მიენიჭა საბრძოლო მოქმედებებში თავის გამოჩენისთვის. მონაწილეობდა ყირიმის, კავკასიისა და რუსეთ–თურქეთის ომებში და  უამრავი ჯილდო დაიმსახურა.

ზაქარია ჭავჭავაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – ეკატერინე ლუარსაბის ასული ჩოლოყაშვილი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მასთან შვილი არ ჰყოლია. მეორედ დაქორწინდა მარიამ ჭავჭავაძეზე, პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, დავითის ასულზე. დედის მხრიდან მარიამი მეფე ერეკლე მეორის შთამომავალი იყო. წყვილს ექვსი შვილი შეეძინა, სამი ვაჟი და სამი ქალიშვილი: ალექსანდრე, ელისაბედი, მაქსიმილიანი, დავითი, ანა და სოფიო.

ელისაბედი (ლიზა) დაიბადა 1874 წლის 6 თებერვალს, წინანდალში.

1898 წელს საქართველოში გაიცნო და გათხოვდა, ბესარაბიელ თავად, სამოქალაქო ჩინით “ნადვორნი სოვეტნიკ” ივანე კონსტანტინეს ძე ლასკარზე. ის უმდიდრესი ადამიანი და წარჩინებული გვარის შვილი იყო. ახალდაქორწინებულები მოლდავეთში დასახლდნენ. აქ ელისაბედს ქართველ პრინცესად მოიხსენიებდნენ. შეეძინათ ქალიშვილი მარინა.

მათი ცხოვრების შესახებ სამწუხაროდ ბევრი არაფერი ვიცით. ცნობილია, რომ ლიზა ქველმოქმედებას ეწეოდა. იგი 1912 წლის 16 ივნისს, 38 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მოასწრო და პედაგოგ ნატალია დადიანს (მეუღლის გვარია) ქალთა გიმნაზიის დაარსებაში დაეხმარა.

კიშინიოვის № 2 ქალთა გიმნაზია 1900 წელს გაიხსნა. ლიზამ მონაწილეობა მიიღო, როგორც ქალთა მცირე გიმნაზიის შენობის აგებაში, ასევე იმ გრანდიოზული შენობის აშენებაში, რომელშიც საბჭოთა პერიოდში ცეკას შენობა იყო, ამჟამად კი მოლდ­ავეთის სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმია განთავსებული.

უცნობია ლიზას ქმარ–შვილის ბედიც. მხოლოდ ის ვიცით, რომ არც მის ერთადერთ ქალიშვილს, მარინას, უცოცხლია დიდხანს. შესაძლებელია ისინი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ, რადგან იმ დროს მოლდავეთში გახშირდა ღარიბი მოსახლეობის შეტაკებები ებრაელებსა და მდიდრებთან.

ელისაბედ ჭავჭავაძე დაკრძალულია კიშინიოვის ცენტრალურ „სომხურ“ სასაფლაოზე. სახელი “სომხური” მიენიჭა იმის გამო, რომ სასაფლაო სომხეთის ქუჩაზეა. აქ არის: რუმინეთის, მოლდოვას და რუსეთის იმპერიის ცნობილი საზოგადო მოღვაწეთა სამარხები.

2015 წლამდე, ელისაბედ ჭავჭავაძის საფლავი სავავლალო მდგომარეობაში იყო. საფლავზე რკინის ჯვარიც იყო შემ­ორჩენილი და წარწერებიც, მაგრამ როგ­ორც უპატრონოს, მალე გაიმეტებდნენ ახალი საფლავისთვის. ეს რომ არ მომხდარიყო,­ მოლდოვას ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელის გიორგი კუტუბიძის ინიციატივით (ორგანიზაცია „საქართველო-მოლდავეთის“ ხელმძღვანელი) და ასევე,მოლდავეთში საქართველოს ელჩის მერაბ ანთაძის მცდელობით მოხერხდა საფლავის აღდგენა. თანხის ნახევარი მოლდა­ვეთმა გაიღო.

მოლდავეთის სახელმწიფო დაწესებულებებმა (მათ თითქმის ყველა ოფიცია­ლური პირი მოიწვიეს საფლავის გახსნაზე) და ქართულმა დიასპორამ 2015 წელს საზეიმო ვითარებაში გახსნა და მართლმადიდებლური წესით აკურთხა ელისაბედ ჭავჭავაძე-ლასკარის აღდგენილი საფლავი.

საინტერესოა, რომ ელისაბედის ძმას, დავით ჭავჭავაძეს ცოლად ჰყოლია ივანე ლასკარის და, ელიზავეტა ლასკარი. 

წყარო

1. ერაძე ეთერ. ელისაბედ ჭავჭავაძის ბურუსით მოცული ცხოვრება //კვირის პალიტრა. – 2015. – 26 ნოემბერი –1 ოქტომბერი.– N43. გვ. 23.

2. http://rikuna66.livejournal.com/98601.html

3. http://www.ipn.md/ru/societate/71370 

4. https://primetime.ge/news/istoriebi/vin-iyo-moldovashi-mtskhovrebi-qartveli-printsesa-romlis-silamazem-yvela-aalaparaka


გააზიარე: