The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვლადიმერ დარჩიაშვილი

ვლადიმერ დარჩიაშვილი
სხვა სახელი:ლადო  (შემოკლებული ფორმა)
და–ლი  (ფსევდონიმი)
დ–ლ  (ფსევდონიმი)
ლ. დ.  (ფსევდონიმი)
ო.  (ფსევდონიმი)
ონ.  (ფსევდონიმი)
ონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1916  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი გრიმმა, გერმანია
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

ცნობილი ეროვნული მოღვაწე, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი ვლადიმერ (ლადო) დარჩიაშვილი ერთ–ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა ქართველ სოციალ–დემოკრატ ავტონომისტთა შორის. დაიბადა 1872 წელს კახეთში, სოფელ ანაგაში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის ოჯახში. მის მშობლებს, ანასტასია და ივანე დარჩიაშვილებს ოთხი შვილი – სამი ვაჟი და ერთი ქალი ჰყავდათ. ლადო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათითა და ბეჯითობით. რვა წლისა რომ შესრულდა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1887 წელს წარჩინებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. აქ მან მხოლოდ ექვსი წელი დაჰყო. სემინარიიდან გარიცხეს აკრძალული ლიტერატურის კითხვისა და თანატოლებისთვის რუსი დემოკრატების – პისარევისა და დობროლიუბოვის აზრების გაზიარებისთვის. ბინის ჩხრეკისას ჰექტოგრაფზე დაბეჭდილი არალეგალური ჟურნალი „თავისუფლებაც“ უპოვეს. იგი იძულებული გახდა მშობლიურ სოფელში დაბრუნებულიყო, სადაც პედაგოგიურ მუშაობას შეუდგა, შეადგინა მოსწავლეთა წრე, მართავდა წარმოდგენებს და განსაკუთრებული სიბეჯითით ეწეოდა თვითგანათლებას, სწავლობდა ფრანგულ ენას.

ჯერ კიდევ სემინარიაში სწავლის დროს ლადო დარჩიაშვილმა გაიცნო (1892 წ.) და მალე დაუახლოვდა ეგნატე ნინოშვილს. სწორედ ეგნატემ წარუდგინა იგი თავის თანამოაზრეებს, ვითარცა ნიჭიერი და უაღრესად მომზადებული ახალგაზრდა. შემდგომში ეს ჯგუფი ე. წ. „მესამე დასში“ გაერთიანდა. 

„მესამე დასის“ ისტორიაში მეტად მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს 1894 წლის 8 მაისი. ამ დღეს,  ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე  გურიაში, სოფელ ჩოჩხათში მოხდა ახლთაობის მარქსისტული ახალგაზრდობის პირველი, საჯარო საპროგრამო გამოსვლა. დაკრძალვაზე შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა ლადო დარჩიაშვილმაც. ამ პერიოდში იგი წმინდა წყლის მარქსისტი იყო და ეროვნულ საკითხს მესამეხარისხოვან საქმედ თვლიდა. მისი მსოფლმხედველობის შეცვლა მოხდა 1898–1905 წლებში, საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ. შვეიცარიასა და საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ლადო პირველწყაროებიდან გაეცნო ეროვნულ საკითხზე არსებულ მარქსისტულ ლიტერატურას. პარიზიდან გადავიდა ბელგიაში, სადაც ბრიუსელის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მან წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტის სრული კურსი და გახდა სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი.

დამთავრებული აქვს ლაიფციგის უნივერსიტეტიც (გერმანია), სადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება. 

უცხოეთში ცხოვრების დროს ლადოს სამშობლოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. თანამშრომლობდა ქართულ პრესაში, გაზეთ „კვალს“ აწვდიდა საზღვარეთის ახალ ამბებს. საქართველოში დაბრუნებისთანავე აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას შეუდგა და მთელი რიგი წერილები მიუძღვნა ეროვნული საკითხის შესწავლა–განხილვას. იგი, ასევე, დიდ ყურადღებას უთმობდა ეროვნულ ურთიერთობათა პრობლემის სწორად გადაჭრას.  მოღვაწეობდა გაზეთებში „ივერია“, „ლამპარი“, "ტალღა", "ელვა", "განთიადი", „ჩვენი ცხოვრება“ და  სხვა, იყო გაზეთების „სხივისა“ და „სიმართლის“ ფაქტობრივი რედაქტორი (ფსევდონიმები: ლ. დ.; ონ.; ონი; ო; დ–ლ.; და–ლი). მთავრობის საწინააღმდეგო წერილების პუბლიკაციებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და თბილისიდან გაასახლეს. 1908 წელს დააარსა ყოველკვირეული ჟურნალი „ალიონი“. ამ ჟურნალის დახურვის შემდეგ თანამშრომლობდა „ჩვენ კვალში“.

1913–1914 წლებში ლადო დარჩიაშვილი ყოველკვირეულ გაზეთ „ფიქრის“ რედაქტორია. მისი პუბლიკაციები ნათელყოფს, რომ თავისი იდეური მრწამსით იგი მარქსისტ–სოციალისტია, მაგრამ არა ეროვნულობის უარმყოფელი. ლადო იყო პირველი, ვინც თანამოაზრეებს გამოეყო და საქართველოს ტერიტორიალური ავტონომიის ქადაგება დაიწყო.

ეროვნულ ნიადაგზე მომხდარი განხეთქილების გამო ლადო დარჩიაშვილი თანდათან ჩამოშორდა პრაქტიკულ პარტიულ საქმიანობას. ცხოვრების საშუალება, რომ ჰქონოდა, ნაცნობების დახმარებით დაიწყო მუშაობა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გერმანული ენის მასწავლებლად, პარალელურად კერძოდაც ამზადებდა მოსწავლეებს გერმანულ და ფრანგულ ენებში. ასე დაგროვილი გარკვეული მცირე თანხით ყოველ ზაფხულს საზღვარგარეთ მიდიოდა და იქ ეწეოდა სერიოზულ მეცნიერულ მუშაობას. სხვადასხვა პარტიები ცდილობდნენ მის გადაბირებას, მაგრამ ლადო ყველას თავაზიანი უარით ისტუმრებდა, რადგან მისი აზრით, რომელიმე პარტიის, ან დაჯგუფებისადმი მიკედლება რწმენისათვის ღალატი იქნებოდა.

მომავალი მეუღლე - ელენე გეგელაშვილი, რომელსაც საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული შვეიცარიასა და საფრანგეთში, ლადომ საზღვარგარეთ გაიცნო. მოგვიანებით ისინი დაქორწინდნენ. ახალჯვარდაწერილი წყვილი 1914 წლის ზაფხულში გერმანიაში გაემგზავრა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და ლადო დარჩიაშვილი, როგორც „რუსეთის ქვეშევრდომი და პირველი კატეგორიის პოლიტიკური პატიმარი“, ლაიფციგში დატოვეს. მას უფლება არ ჰქონდა, ქალაქს გასცდენოდა, ყოველდღე უნდა გამოცხადებულიყო კომენდატურაში აღრიცხვაზე. ელენე საქართველოში გამოამგზავრეს. მომდევნო წლის მაისში მათ ქალიშვილი, თინა, შეეძინათ.

მთელი ორი წლის განმავლობაში ლადო მხნედ იტანდა ყოველგვარ შევიწროებას, მაგრამ მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო, კუჭი დაუავადდა და 1916 წლის 7 მაისს გარდაიცვალა სოფელ პატარა შოხაში. დაკრძალულ იქნა თანამემამულეებისა და მეგობრების მიერ იქვე, ლაიფციგის მახლობლად, ქალაქ გრიმმაში.

მეცენატმა რაჟდენ დათეშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მამულიშვილის საფლავი, გასული საუკუნის 20-იანი წლების დამდეგს მოინახულა და ქართული მიწა მოაბნია.

არსებობს ჩანაწერი გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკში: „პირველი ჩემი ლექსი „შავი ღრუბელი“ დაიბეჭდა 1908 წელს ჟურნალ „ახალ კვალში“, რომელიც გამოდიოდა ცნობილი რევოლუციონერის, შესანიშნავი ადამიანის ვლადიმერ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით. ლექსი დაწერილი იყო 1905 წლის შავი რეაქციის გამეფების დროს. ლადო დარჩიაშვილი განსაკუთრებული ყურადღებით მომეპყრო. მან წარმადგინა თავისი ჟურნალის თანამშრომლებთან პოეტური სიტყვებით - „იცნობდეთ, ეს არის საქართველოს ამომავალი მნათობი“, - წერს გალაკტიონი.

ლადოს ქალიშვილი, თინა დარჩიაშვილი ქიმიკოსი გახდა და 50 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმერ_დარჩიაშვილი 

2. ზოტიკაშვილი ნანულიმოგონებანი გარდასულ წინაპრებზელადო დარჩიაშვილი და ელენე გეგელაშვილი // გზა. – 2022. – #43. - გვ. 30.

3. დარჩაშვილი, მანანა. სხვაგვარად მოაზროვნე ქართველი სოციალ-დემოკრატი: // ქართული ემიგრაცია : სამეცნიერო ჟურნალი / გრიგოლ მაჩაბლის ფონდი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. - თბილისი, 2013. - N1 (4). - გვ.19-25.

4. საითიძე, გიორგი. ერის წყლული აჩნდა წყლულად : (ლადო დარჩიაშვილის პოლიტიკური პორტრეტისათვის) // ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები / გიორგი (გელა) საითიძე.- თბილისი, 2013. - გვ. 19-38

5. საქართველოენციკლოპედია.2. – თბ., 2012. – გვ.329 .

6.ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: . I - / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.- გვ. 840.



გააზიარე: