The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


სოფიო ჭავჭავაძე

სოფიო ჭავჭავაძე
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1833
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 1862  (28 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვიბორგი, რუსეთი
კატეგორია:ფილანთროპი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ასული სოფიო ჭავჭავაძე დაიბადა წინანდალში, 1833 წლის 22 სექტემბერს. უფროსი დებისგან განსხვავებით სილამაზით არ გამოირჩეოდა, ჩუმი და მოკრძალებული ქალიშვილი გახლდათ. მისი დაბადებიდან დიდი ხანი არ იყო გასული, როდესაც დედამისმა, სალომე ორბელიანმა, გრიგოლ ორბელიანს მისწერა: „... მას გასაოცარი შავი თმა, მშვენიერი შუბლი, უცნაურად შავი წარბ-წამწამი და წითელი ტუჩები აქვს. მისი ღიმილი გრძნობებს აგიშლის; მას გასაოცარი აგებულების ტანი აქვს და მისი ასაკისათვის უჩვეულო გონიერებას ამჟღავნებს...“

ალექსანდრე ჭავჭავაძე და სალომე ორბელიანი 1812 წელს დაქორწინდნენ. მათ ოთხი შვილი შეეძინათ – სამი ქალი (ნინო, ეკატერინე და სოფიო) და ერთი ვაჟი (დავითი).

სალომეც და მისი ქალიშვილებიც სხვებზე უანგაროდ მზრუნველი ადამიანების რეპუტაციით სარგებლობდნენ. შემოწირულობების სახით გასცემდნენ ნივთებს, ფულსა და საკუთარ ენერგიას, რათა სხვებისათვის ცხოვრება შეემსუბუქებინათ.

ალექსანდრემ შვილების აღზრდა პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსულ პარასკოვია არსენივეას მიანდო. ის იყო თბილისელი გენერლის, ახვერდოვის მეუღლე. პრასკოვია ახვერდოვას სასწავლებელში დიდგავროვანი ოჯახების შვილები სწავლობდნენ. იგი უაღრესად განათლებული, პეტერბურგში აღზრდილი, მხატვრობისა და მუსიკის მოყვარული, მწერლობისა და ხელოვნების მცოდნე ქალი იყო. მან დიდი როლი შეასრულა და-ძმა ჭავჭავაძეების ცხოვრებაში. აქ მათ ზოგადი განათლება მიიღეს, ისწავლეს უცხო ენები, ხატვა და მრავალი სხვა საგანიც აითვისეს.

სოფიო ჭავჭავაძემ შეისწავლა რუსული და ფრანგული ენები, ხატვა და მუსიკა, იტაცებდა ხელსაქმეც. სამწუხაროდ იგი ძალიან პატარა იყო როდესაც დაობლდა. 1846 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ალექსანდრე ჭავჭავაძე. ერთი წლის შემდგომ, 1847 წელს, სალომე დადიანიც აღესრულა. სოფიოს მეურვეობა მისმა დამ, ნინომ და ძმამ, დავითმა იკისრეს.

სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის სახლის კარი წინანდალსა და თბილისში არაერთხელ გაღებულა უამრავი ცნობილი სტუმრის სამასპინძლოდ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცულია ეკატერინე ჭავჭავაძის ლიტერატურულ–სალონური ალბომი, რომელშიც ქართულ, რუსულ და პოლონურ ენებზე სხვადასხვა ხელით შესრულებული ჩანაწერებისა და ლექსების გარდა მრავლად არის ჩანახატებიც. ნახატები შესრულებულია ფანქრით და წყლის ფერადი საღებავებით. ალბომი ბიბლიოთეკაში შემოსულია ნინო პორფირის ასულ ბარათაშვილისაგან. მისივე გადმოცემით ზოგიერთი ნახატი შესრულებული უნდა იყოს სოფიო ჭავჭავაძის მიერ.

საქართველოში ჩამოსული ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, უპირველეს ყოვლისა, ამ ოჯახში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას. 1845 წელს ჭავჭავაძეებს რუსეთის სახელმწიფო მოხელე ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი ესტუმრა. სოფიო მაშინ 12 წლის იყო, ბარონი ოცდაოთხის. მშობლების დაღუპვის შემდეგ ნინო ჭავჭავაძე ძალიან ემადლიერებოდა ბარონ ნიკოლაის თანაგრძნობისა და უმცროს დაზე ზრუნვისათვის, რაც ოდნავ მაინც უმსუბუქებდა მას დედ–მამაზე დარდს.  

ალექსანდრე ნიკოლაის წინაპრები მიეკუთვნებოდნენ შვედურ თავადურ გვარს, რომლებიც მე–18 საუკუნის დასაწყისიდან საფრანგეთში ცხოვრობდნენ. 1769 წელს ალექსანდრეს ბაბუა, სტრასბურგის უნივერსიტეტის ლოგიკის პროფესორი ლუდვიგ–ჰენრიხ ნიკოლაი, ეკატერინე II-მ მიიწვია დიდი მთავრის პავლე პეტრეს ძის აღმზრდელად, ბიბლიოთეკარად და მდივნად. ამ დროიდან მისი ოჯახი რუსეთის სამსახურში ჩადგა. 1828 წელს ნიკოლაის გვარის წარმომადგენლებს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით ფინეთის დიდი სათავადოს ბარონის ტიტული ებოძათ.    

1845 წლიდან ალექსანდრე ნიკოლაიმ მიხეილ ვორონცოვის კანცელარიაში დაიწყო სამსახური. 1848 წლიდან იგი კავკასიის მეფისნაცვლის სალაშქრო კანცელარიის დირექტორი იყო.

1849 წელს ბარონი ნიკოლაი უკვე მთელი არსებით ეტრფოდა სოფიო ჭავჭავაძეს. მამისადმი მიწერილ წერილში იგი წერს: „ძვირფასო მამა! უკვე ხუთი წელია რაც ჭავჭავაძეების ოჯახს ვიცნობ... როცა პირველად ჩამოვედი თბილისში სოფიო სულ ბავშვი იყო. ახლა 17 წლისაა. ძალიან მიმზიდველი, თავმდაბალი და კარგად აღზრდილი ქალიშვილია. ცუდის ქმნა მისთვის სრულიად უცხო რამ არის. მე მასში ვხედავ იმ იდეალს, რაზეც ვოცნებობდი ჩემს მომავალ ცოლზე ფიქრისას... საბედნიეროდ ბედმა მომიყვანა ამ მშვენიერ ქვეყანაში, რომელიც რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მიყვარდება და მიჩნდება  სურვილი ჩემი პატარა წვლილი შევიტანო მის კეთილდღეობაში“. 

ბარონ ნიკოლაისა და სოფიო ჭავჭავაძის ქორწილი 1850 წელს შედგა. წყვილი ბეთანიაში დასახლდა, სოფიოს სამზითვო მამულში და სახლის შენება დაიწყო. ალექსანდრე ქართულის სწავლას შეუდგა. 1852–1859 წლებში იგი კავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრი და სასწავლო ოლქის მზრუნველი, 1859 წლიდან კი კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი იყო. ამავე წელს დაიბადა მათი ერთადერთი ქალიშვილი მარიამი.

1861 წელს ბარონი ნიკოლაი კიევის სასწავლო ოლქის მზრუნველად დაინიშნა. სოფიო მას თან გაჰყვა. 1862 წელს ალექსანდრე ნიკოლაი პეტერბურგში გადაიყვანეს. მეუღლე მაშინვე არ წაიყვანა. სანამ ახალ ადგილას მოეწყობოდა გადაწყვიტა ოჯახი კიევში დაეტოვებინა. ეს გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა. სოფიო ჭავჭავაძე 1862 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სოფიო ჭავჭავაძე რუსეთში, ვიბორგშია დაკრძალული. ამ ადგილიდან რუსეთ-ფინეთის საზღვრამდე 38 კილომეტრია. საგვარეულო სამარხი მდებარეობს პარკში, კუნძულზე, რომელიც „ლუდვიგშტეინის“ სახელწოდებას ატარებს ლუდვიგ ნიკოლაის პატავსაცემად. პარკი გაშენებულია მე–18 საუკუნის მეორე ნახევარში ჰერცოგის მიერ, რომელმაც მას „მონრეპო“ შეარქვა, რაც ფრანგულ ენაზე ნიშნავს „ჩემი დასასვენებელი ადგილი“. 1788 წელს მამულის მფლობელი გამხდარა ალექსანდრეს ბაბუა ლუდვიგ ჰენრიხ ფონ ნიკოლაი. მისი შთამომავლები აქ ცხოვრობდნენ 1819 წლამდე. დღემდე შემონახულია მათი კარმიდამო, ბიბლიოთეკა–ფლიგელი და სხვა ნაგებობები, რომელთა ავტორია იტალიელი არქიტექტორი მარტინელი.

სოფიოსა და ალექსანდრეს მცირეწლოვანი ქალიშვილი მარიამ (მაკა) ნიკოლაი (1859-1919)  მამამ საქართველოში ჩამოიყვანა და ბიძას, დავით ჭავჭავაძეს ჩააბარა. იგი საქართველოში გაიზარდა და ცნობილ სახელმწიფო მოხელეზე, გიორგი დიმიტრის ძე  შერვაშიძეზე (1847-1918) იქორწინა. მათ ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ, დიმიტრი.  გიორგი შერვაშიძე იყო პირველი აფხაზი იურისტი, 1889–1897 წლებში ტფილისის გუბერნატორი. მას ჰქონდა კამერგერის წოდება და ნამდვილი ტიტულარული მრჩევლის ჩინი. 1899 წლიდან იგი განაგებდა რუსეთის იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას კარს.

ალექსანდრე ნიკოლაის  სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან. სწორედ მან გამოაცხადა 1864 წლის 8 ნოემბერს, თბილისში ღუნიბის მოედანზე, რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II–ის მანიფესტი აღმოსავლეთ საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შესახებ. გარდაიცვალა 1899 წელს, 78 წლის ასაკში, ტფილისის გუბერნიაში მდებარე თავის მამულ ლაჩინოში. მისი ნეშტი მონრეპოში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

წყარო: 

1.www.gazetavyborg.ru/article.php?...
2. www.nplg.gov.ge/chavchavadze/sophio.html 

3. ka.rodovid.org/wk/პიროვნება:648561 

4. გრიშაშვილი, . ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ქალის - სოფიოს აკლდამა . ვიბორგში // [რჩეული ნაწარმოებები: 4 ტომად] / იოსებ გრიშაშვილი. ტ. 4. - თბ., 2012. - გვ.108-113.

5. მიქაია, .ზოგი რამ სოფიო ჭავჭავაძე // მებრძოლი (ზუგდიდი), 1978. - 1 აპრილი(#39). - გვ. 3.


გააზიარე: