The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ამილახვარი

ალექსანდრე ამილახვარი
Date of birth:20 October, 1750
Date of death:1802  (at 51 years)
Burial location:ასტრახანის მიძინების ტაძარი, რუსეთი
Category:Historian, Writer, Politician

Biography

ქართლის უდიდესი ფეოდალის – დიმიტრი ამილხვრის ვაჟი, ალექსანდრე , ტრაგიკული პიროვნება იყო. იგი ერეკლე II-ის თანამედროვე ქართლში ცხოვრობდა და მისი ტრაგედიაც ერეკლეს სახელს უკავშირდება.

ალექსანდრე ამილახვარი 1750 წ. 20 ოქტომბერს დაიბადა კასპის რაიონის სოფელ ჭალაში (დღევანდელი ქვემო ჭალა) დიმიტრი ამილახვრისა და მარიამ ორბელიანის მრავალშვილიან ოჯახში. იგი მეორე შვილი იყო ოჯახში. მისი უფროსი ძმა გიორგი ორი წლის იყო, როდესაც ერეკლე II–ის ერთი წლის დაზე, ესლისაბედზე დანიშნეს. ამ ნიშნობიდან გამომდინარე პატარა ამილახვრები თითქმის სამეფო კარზე იზრდებოდნენ მეფის შვილებთან ერთად და  საუკეთესო განათლება მიიღეს. 1759 წ. გიორგი ამილახვარსა და ელისაბედს ჯვარი დასწერეს.

 1763 წელს ამილახვრების ოჯახში უბედურება დატრიალდა. ახალნამშობიარები მარიამ ორბელიანი თბილისში მტკვრის პირას მდებარე სახლში იმყოფებოდა, ადიდებულმა მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა, სახლის ნაწილი ჩაინგრა. მარიამი ახალშობილთან ერთად ნანგრევებში მოჰყვა და მისი დასახიჩრებული ცხედარი მხოლოდ მესამე დღეს იპოვეს.

 1765 წელს ერეკლე II-ემ თავის დას ამილახვართა რძლობაზე ური ათქმევინა. კათალიკოსმა ანტონ I-მა იგი გააშორა  გიორგი ამილახვარს იმ საბაბით, რომ გიორგის კაცობა არ ჰონდა. ეს ამბავი დიმიტრი ამილახვარმა მწარედ განიცადა.

1765 წელს ერეკლე II–ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს პაატა ბატონიშვილი, ვახტანგ VI-ის უკნონო შვილი და ვახუშტი ბატონიშვილის ღვიძლი ძმა. პაატას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ან გამეფებულიყო ან მომკვდარიყო. ბუნებრივია, რომ პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში წამყვან როლს ქართლელი თავადები ასრულებდნენ, რომელთაც  ქართლში ერეკლეს მეფობა უკანონოდ მიაჩნდათ და ქართლში ვახტნგ VI-ის შთამომვლების გამეფებას ესწრაფვოდნენ. შეთქმულებაში მონაწილეობდა ერეკლე II–ზე განაწყენებული დიმიტრი ამილახვარიც. 1765 წელს ალექსანდრე ამილახვარი 15 წლის იყო და შეთქმულებასთან სავარაუდოდ დაკავშირებული იყო  არა რაიმე პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ როგორც დიმიტრი ამილახვრის შვილი და ამისთვის მკაცრადაც დაისაჯა...

1765 წლის შეთქმულება პაპუნა ფეიქარმა გასცა. საქმე ორ კვირაში გამოიძიეს და 15 დეკემბერს  შეთქმულები სასტიკად დასაჯეს.  თავზე ნაცარწაყრილი  დიმიტრი ამილახვარი ვირზე უკუღმა შესვეს და თბილისი ისე შემოატარეს. ალექსანდრეს ცხვირი მოაჭრესა და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. ამილახვრებს მთელი ქონება, ყმა და მამული ჩამოართვეს და ქალაქიდან გასვლა აურძალეს. ალექსანდრეს ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ, შესაძლოა,  ვერც კი გადარჩენილიყო, მაგრამ ახლობლების მიერ მიყვანილმა მკურნალმა  სიცოცხლე შეუნარჩუნა. 

1770 წ. ზაფხულში, როცა თბილისში ჭირიანობა გაძლიერდა და საღამოთი, ვერავინ ბედავდა ქალაქიდან გასვლას, რადგან ლეკები თავისუფლად დანავარდობდნენ, ალექსანდრე ამილახვარმა  მსახურთან ერთად თბილისიდან გაპარვა მოახერხა. მეოთხე დღეს მშობლიურ სოფლამდე მიაღწია და ძმებთან ერთად ცხინვალისკენ გაიქცა, სადაც ქართლში გადმოსულ იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს შეხვდა და დახმარება სთხოვა.  სოლომონ I დაეხმარა ამილახვრებს და ისინი ასტრახანში გაამგზავრა. 1772 წელს ალექსანდრე ამილახვარი მოსკოვში ჩავიდა, დაუკავშირდა ალექსანდრე ბაქარის ძეს, ტახტისთვის ბრძოლაში შემწეობა აღუთქვა და ერეკლე II–ის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო.

ალექსნდრე ამილახვარი მოსკოვში 1772-1781 წლებში ცხოვრობდა. ამ პერიოდში შეისწავლა რუსული ენა და გაეცნო ევროპულ ისტორიულ–ფილოსოფიურ ლიტერატურას. 1779 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე დაიბეჭდა ალექსანდრე ამილახვრის პოლიტიკური პამფლეტი „გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე“.  წიგნში გადამოცემულია საქართველოს ისტორია ვახტანგ VI–ის მეფობამდე,  ერეკლეს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება. აღწერილია XVIII საუკუნის I ნახევრის ქართლის პოლიტიკური მდგომარეობა და სახელმწიფო წყობილება, უარყოფითად არის შეფასებული ერეკლე II მოღვაწეობა. ავტორი მოგვითხრობს თავის თავგადასავალსაც, წარმოგვიდგენს თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, თხზულება გამსჭვალულია შეუზღუდველი მონარქიისადმი სიძულვილით. „გეორგიანული ისტორია“ ტენდენციური, მაგრამ ძვირფასი წყაროა 1765 წლის შეთქმულების ისტორიის შესასწავლად.

XVIII  საუკუნს ქართული სოციალური და პოლიტიკური აზრის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით ერთი–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია ალექსანდრე ამილახვრის თხულზება „ბრძენი აღმოსავლეთისა ანუ სახელმწიფო მოწყობის მისი განზრახვა“. ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“ ავტორმა იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს მიუძღვნა. როცა წიგნი ადრესატს გამოუგზავნა ალექსანდრე ამილახვარი ოცდაათ წლამდე უნდა ყოფილიყო.  ტრაქტატში გამოთქმული ავტორის იდეები სრულიად შეესაბამება განათლებული აბსოლუტიზმის იდეებს და საშუალებას გვაძლევს სწორად გავიგოთ როგორც ამილახვრის, ასევე იმ დროის ქართული პოლიტიკური შეხედულებების ხასიათი და თავისებურებები.

ალექსანდრე ამილახვარს ეკუთვნის დრამატული ნაწარმოები, სატირა–კომედია „მოქმედება ასტრახანსა შინა“, რომელიც მის პირად თავგადასავალს მოგვითხრობს. ნაწარმოები წარმოაჩენს ამ უაღრესდ საყურდღებო  მოღვაწის ნიჭს, მოვლენათა გონებამახვილურ , სხარტ ხედავასა და შეფასებებს.

საბოლოოდ,  ისე წარიმართა ალექსანდრეს ცხოვრება, რომ მას არ ღირსებია საქართველოში ჩამოსვლა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე მეფემ რუსულ მხარეს ამილახვარის გადაცემა მოსთხოვა. ეკატერინემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ალექსანდრე და მისი ძმა ვიბორგის ციხეში გამოკეტა. ისინი მხოლოდ 1801 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ალექსანდრე საქართველოსკენ გამოემართა, მაგრამ სამშობლომდე ვერ მოაღწია, ასტრახანში გარდაიცვალა (1802 წ.). დაკრძალეს იქვე, მიძინების ტაძარში, სადაც ბევრი ქართველი მეფე და დიდგვაროვანი იყო დაკრძალული. 

წყარო:

1. ბლიაძე, ე. (ევგენი). ალექსანდრე ამილახვარი - პოლიტიკური მოაზროვნე და ისტორიკოსი : (თანდართული ტექსტებით) / ევგენი ბლიაძე ; რედ. ავთანდილ ნიკოლეიშვილი. - ქუთაისი. 2013.

2. ფერაძე, ვახტანგ. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები (X-XXI სს) / ვახტანგ ფერაძე, ლევან მუმლაძე ; რედ. ვაჟა შუბითიძე ; წმინდა გრიგოლ ფერაძის სახ. თბილ. უნ-ტი. - თბ. : ბონა კაუზა, 2008.

3. ქართველები უცხოეთში = Georgians abroad / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე [და სხვ.].. 1. 2012. - 224 გვ.

3. https://ka.wikipedia.org/.../ალექსანდრე_ამი 

4. literatura.mcvane.ge › ... › ბიოგრაფია

5. tbiliselebi.ge/index.php?mas_id=2728


Share: