The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი მაღალაშვილი

გიორგი მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:1904
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1969  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აიზინგი, გერმანია
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

გიორგი მაღალაშვილი დაიბადა 1904 წელს, თბილისში, ექიმ ალექსანდრე მაღალაშვილისა და ელენე ჯავახიშვილის ოჯახში. ბავშვობა სოფელ ხოვლეში და ცერონისში (გორის მაზრა) გაატარა.1921 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი. ვინაიდან განზრახული ჰქონდა უმაღლესი განათლება გერმანიაში მიეღო  თბილისის გერმანული რეალური გიმნაზიის კურსიც გაიარა და აქაც მიიღო სიმწიფის მოწმობა. 1922 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო ტიუბინგენისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1927 წელს მიუნხენის უნივერსიტეტი დაამთავრა და 1928 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

სამედიცინო საქმიანობა გიორგი მაღალაშვილმა დაიწყო მიუნხენის საავადმყოფოებში, ამავე დროს მუშაობდა ბავარიის სოფლებშიც. საკმაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ დამოუკიდებელ მოღვაწეობას შეუდგა ფალკენშტეინში, სადაც დასახლდა კიდეც.

გიორგი მაღალაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საქართველოდან გახიზნულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან და აქტიურად მონაწილეობდა სამშობლოს საკეთილდღეოდ წამოწყებულ ყველა ღონისძიებაში. 1930–იან წლებში ეროვნული დარაზმულობა „თეთრი გიორგის“ წევრი იყო. II მსოფლიო ომის დროს იგი ქართველ პოლიტიკოსთა იმ ჯგუფს შეუერთდა, რომელმაც საქართველოს განთავისუფლება გერმანიის გამარჯვებას დაუკავშირა. გერმანიის ხელისუფლებამაც მათ დახმარება აღუთქვა თანამშრომლობის სანაცვლოდ. 1942 წლის შემოდგომაზე ბერლინში შეიქმნა ქართული ნაციონალური კომისია, 1943 წლის ოქტომბერში მას სამხედრო ორგანიზაცია ქართული საკავშირო შტაბი შეენაცვლა. მისი განყოფილების გამგეები გახდნენ – გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ კედია და გივი გაბლიანი.  შტაბის მუშაობას მხარს უჭერდა საქართველოს ემიგრანტული მთავრობაც. გიორგი მაღალაშვილის კანდიდატურა სამოქალაქო განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე მიხეილ წერეთელმა წამოაყენა და იმავე ხანებში მას მოძრაობა თეთრი გიორგის ფაქტიური  ხელმძღვანელობაც გადაულოცა.

1943 წლის გაზაფხულზე დაარსდა „ქართული ეროვნული კომიტეტი“ მიხეილ წერეთლის თავმჯდომარეობით (წევრები - ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია, გიორგი მაღალაშვილი). კომიტეტს ევალებოდა გერმანიასთან თანამშრომლობა, ქართველთა გაერთიანება, ყველა ქართული საქმის ხელმძღვანელობა და საქართველოს ინტერესების დაცვა გერმანიის ხელისუფალთა წინაშე. ეროვნულ ძალთა მობილიზაციის მიზნით გიორგი მაღალაშვილის რედაქტორობით ბერლინში 30000 ტირაჟით გამოიცა ჟურნალი „ქართველი ერი“ (17 ნომერი). ჟურნალი ეგზავნებოდა ტყვეებსა და ემიგრანტებს. 

აღმოსავლეთის ფრონტზე სამხედრო მარცხმა და ხალხის უკმაყოფილებამ 1945 წლის დასაწყისში გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობა აიძულა კავკასიური შტაბები კომიტეტებად ეცნო. კომიტეტად ქცეული „ქართული ცენტრის“ თავმჯდომარედ გიორგი მაღალაშვილი დასახელდა. გერმანიის მარცხის შემდეგ მთავარი საკითხი დამარცხებულთა ბანაკში მოხვედრილ თანამემამულეთა გადარჩენა გახდა. გიორგი მაღალაშვილის უშუალო ძალისხმევით ბევრი ქართველი ტყვე  განთავისუფლდა საკონცენტრაციო ბანაკიდან.

„ქართულმა ეროვნულმა კომიტეტმა“ მიხაკო წერეთლისა და „ქართულმა ცენტრმა“ გიორგი მაღალაშვილის თავმჯდომარეობით, არსებობის მოკლე პერიოდში ვერ მოახერხა პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ საქართველოს საკითხის დაყენებამ გერმანიის ხელისუფლების წინაშე, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის აგიტაცია-პროპაგანდამ ჟურნალის, პროკლამაციების თუ შეკრება-საღამოების საშუალებით ხელი შეუწყო სამხედრო და ტყვეთა საკითხების მოგვარებასა და ქართველთა ფიზიკურ გადარჩენას.

გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ, მიხეილ კედია, კავკასიური საბჭოს წევრებთან ერთად, შვეიცარიაში გადავიდა. მოამზადა დაწვრილებითი ანგარიში არარუსი ეროვნული ჯგუფების ანტისაბჭოთა მოქმედებების შესახებ და მოკავშირეებს მიმართა თხოვნით, გადაერჩინათ მათი სამხედრო შენაერთები. 1946 წლის 3 მაისს ფიცის ქვეშ მისცა წერილობითი ჩვენება, რომელშიც ვკითხულობთ: „გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის განმავლობაში, მე შევძელი უამრავი ქართველი და სხვა ეროვნების ებრაელი მეხსნა ზოგიერთი გერმანელი ფუნქციონერის დასჯისაგან... ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ამის გაკეთება შევძელი მხოლოდ სამი ჯენტლმენის შემწეობით. ესენი არიან: გიორგი მაღალაშვილი, მიხეილ ალშიბაია და გივი გაბლიანი, რომლებსაც ამ საკითხზე ჩემნაირი შეხედულება ჰქონდათ და დახმარებაც გამიწიეს“. 

ომის შემდეგ გიორგი მაღალაშვილი ბავარიაში დაბრუნდა და აიზინგში თავის მამულში ცხოვრობდა. მართალია, მოძრაობა თეთრი გიორგი ფაქტიურად დაიშალა, მაგრამ მის ყოფილ წევრებს ერთმანეთთან კვლავ ჰქონდათ ურთიერთობა. ასე მაგალითად: გიორგი წერეთელი და გიორგი მაღალაშვილი ერთად მოღვაწეობდნენ კალისტრატე სალიას „ბედი ქართლისაში“, ხოლო მოგვიანებით კალისტრატე სალია და მიხეილ წერეთელი გიორგი მაღალაშვილის ხელმძღვანელობით მიუნხენში შექმნილ „ქართულ პოლიტიკურ–კულტურულ კავშირში“ იყვნენ გაერთიანებული. ორივე შემთხვევაში მათ გვერდით იდგა გრიგოლ რობაქიძეც.

1953–1958 წლებში გიორგი მაღალაშვილი დასავლეთ გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე იყო.  

ექიმობა და პოლიტიკური მოღვაწეობა არ იყო  გიორგი მაღალაშვილის საქმიანობის ერთადერთი სფერო. მას იტაცებდა საქართველოს ისტორია და  ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია 1953 წელს ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოქვეყნებული  ნარკვევი „სომეხ-ქართველთა ურთიერთობის ისტორიიდან” და 1954 წელს დაბეჭდილი ნაშრომი – „კავკასიის ისტორიისათვის ჯვაროსანთა ომის დროიდან”. განსაკუთრებული ინტერესით ამუშავებდა საკითხებს „ვეფხისტყაოსნიდან“ და იკვლევდა ქართულ–გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობათა პარალელებს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ნაშრომები დაუსრულებელი დარჩა.

გიორგი მაღალაშვილი ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული ქართველი ემიგრანტი გახლდათ. მისი მეუღლე  მონიკა უიტი იყო უმდიდრესი მრეწველის ქალიშვილი. მათი ვაჟი კონსტანტინე მაღალაშვილი (მაღალოვი) გერმანიაში ცხოვრობს, ქართველთა სათვისტომოს წევრი და აქტიური მხარდამჭერია.

ბატონი გიორგი გარდაიცვალა 65 წლის ასაკში, 1969 წლის 25 ნოემბერს, ზემო ბავარიის ქალაქ ზეებრუკში. დაკრძალულია აიზინგში საკუთარ მამულში.

წყარო: 

1.მაღალაშვილი გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.128-129.

2. ძველი მეგობარი. გიორგი მარალაშვილი // კავკასიონი (პარიზი). –1971. – XV. – გვ.176–177..

3. ნიჟარაძე, ენვერ. პროქართული კავკასიური პროექტისა და გავლენიანი ქართველების შესახებ // გრიგოლ AVALON რობაქიძე და ორი "წიგნაკის" ერთი საიდუმლოება / ენვერ ნიჟარაძე. - თბილისი, 2014. - გვ. 320-357

 


გააზიარე: