The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე აფხაზი

ალექსანდრე აფხაზი
სხვა სახელი:იაზონი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:1957  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვისბადენი, გერმანია
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

ალექსანდრე აფხაზი (აბხაზი) რამდენიმე საუკუნის წინ კახეთში ჩასახლებული ანჩაბაძეების ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელია. ადგილობრივები მათ მოიხსენიებდნენ, როგორც აფხაზებს და აქედან დამკვიდრდა მათი გვარი.

ალექსანდრე აფხაზი დაიბადა 1893 წლის 22 ოქტომბერს, თავად გიორგი დიმიტრის ძე აფხაზისა (1855-1901) და ალექსანდრა პეტრეს ასული მურომცევას (1858-1898)  ოჯახში. ალექსანდრა რუსულ–გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო.

ცხოვრობდნენ სოფელ კარდანახში, თავიანთ მამულში. აქ დაიბადა აფხაზების ხუთივე შვილი - დიმიტრი (1891), გიორგი (1892), ალექსანდრე (1893), ირაკლი (1894) და ლიზა (1896).

სანამ ბავშვები მამულში იზრდებოდნენ მათი ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდებოდა სხვა დიდგვაროვანთა შვილების ცხოვრებისაგან, სამწუხაროდ ადრე დაობლდნენ. 1898 წელს დედა დაკარგეს, ხოლო 1901 წელს  მოულოდნელად მამაც გარდაიცვალა.

ობლებზე მზრუნველობა ნათესავებმა იკისრეს. სამი უფროსი ძმა საქართველოში დარჩა, ხოლო ლიზა და ირაკლი დედის ახლობლებმა იშვილეს, რუსეთში.

ალექსანდრე აფხაზმა დაამთავრა თბილისის მე–5 ჰუმანიტარული გიმნაზია, 1913–1917 წლებში იგი იურისპრუდენციას ეუფლებოდა მოსკოვის უნივერსიტეტში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე იბრძოდა.

1917 წელს სწავლობდა პეტერბურგში კონსტანტინეს არტილერიის სკოლაში.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს არმიის არტილერიის ლეიტენანტობა მიენიჭა. ამავე წლიდან ჩადგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ სამსახურში.

1918–1920 წლებში ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დაზვერვის განყოფილებას. 1920 წლის მაისში წითელი არმიის აზერბაიჯანში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვე ბოლშევიკების ტყვეობაში გაატარა. გათავისუფლებულ იქნა რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შედეგად.

1920 წლის აგვისტოში არტილერიის კაპიტნის წოდება მიენიჭა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადიუტანტად დაინიშნა.

1921 წლის მარტამდე საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო პარიზში, ხოლო მარტიდან ოქტომბრამდე რომში ცხოვრობდა, ოქტომბრიდან - ბერლინში.

1924 წლიდან წერდა ფსევდონიმით „იაზონი“.

1925–1926 წლებში ალექსანდრე აფხაზი ხელმძღვანელობდა კინომრეწველობის სხვადასხვა კავშირთან არსებულ სტატისტიკურ ბიუროებს. მის მიერ „გერმანელ კინოთეატრების მფლობელთა საიმპერიო კავშირთან“ და „გერმანიის კინოგამქირავებელთა ცენტრალურ კავშირთან“ დაარსებული ორივე სტატისტიკური ბიურო 1926–1927 წლებში  უსახსრობის გამო დაიხურა.

1926 წელს ალექსანდრე მონაწილეობას იღებდა, როგორც გერმანიის დელეგაციის წევრი, კინოს პირველ საერთაშორისო კონგრესზე პარიზში. კონგრესზე მის მიერ წარდგენილი მემორანდუმი „საერთაშორისო სტატისტიკური ბიურო, როგორც ძირეული პირობა წარმატებული თანამშრომლობისათვის“,ერთხმად იქნა მოწონებული თითქმის 20 სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ.

მას შემდეგ, რაც ვერ შედგა ალექსანდრე აფხაზის თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მან დამოუკიდებლად განაგრძო კინოსტატისტიკაზე მუშაობა. მისი  სტატიები გამოქვეყნებულია  20–ზე მეტ ჟურნალ–გაზეთში, გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ.

ალექსანდრე აფხაზმა (იაზონმა) პირველმა მიაპყრო ყურადღება - თუ რა კავშირი არსებობდა მოსახლეობის რაოდენობასა და კინოთეატრების რაოდენობას, კინოთეატრებში ადგილების რაოდენობასა და მათში ადგილების კატეგორიებს შორის და ა.შ.; მან 1895 წლიდან მოყოლებული დაიწყო კინობაზრის შესწავლა, განსაზღვრა კინოინდუსტრიის ადგილი და როლი საერთო ეკონომიკაში, შეადარა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები. მისმა კვლევებმა მეცნიერული საფუძველი დაუდო  კინოს, როგორც მეურნეობის დარგის შესწავლას.

1925 წელს გერმანიაში გამოიცა ალექსანდრე იაზონის წიგნი „ფილმი ციფრებსა და რიცხვებში“ (Der FIlm in Ziffern und Zahlen), რომელსაც იმთავითვე სპეციალისტებისა და პრესის  დიდი ყურადღება ხვდა წილად. ამ ნაშრომს კინოს მკვლევარნი დღესაც  გვერდს ვერ უვლიან. პოპულარობით სარგებლობს მისი სხვა წიგნებიც: „კინომრეწველობის ცნობარი“ (Handbuch der Filmwirtschaft) 3 ტომი (ბერლინი, 1929, 1931, 1932), „კინოს ცნობარი“ (Handbuch des Films), რომელიც მე–4 ტომად ითვლება (ბერლინი, 1935) და „კინოწარმოება გერმანიაში 1935–1939“ (Das Filmschaffen in Deutschland 1935-1939) (ხელნაწერის სახით, 2 ტომი, ბერლინი, 1940).  

ალექსანდრე აფხაზი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქართული ემიგრაციისა და განსაკუთრებით გერმანიის ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში, რომელიც სახელწოდებით „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში“ (Gesellschaft Georgischer Buerger in Deutschland e.V) 1922 წლის 22 ოქტომბერს გატარდა ბერლინ–შარლოტენბურგში რეგისტრაციაში. 1935–1936 წლებში საზოგადოებას ალექსანდრე აფხაზი თავმჯდომარეობდა. 

1937 წლიდან კონიუნქტურის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი იყო. სხვადასხვა  წყაროებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაზონი ამ ინსტიტუტის, რომელსაც შემდეგში ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტი ეწოდა, კინოს რეფერატის (განყოფილების) დამაარსებელი და ხელმძღვანელი ყოფილა.

II მსოფლიო ომის შემდგომ ალექსანდრე აფხაზი საზოგადოებრივ ცხოვრებას და კინოს ჩამოსცილდა.

ალექსანდრე აფხაზი გარდაიცვალა 1957 წელს, გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში. დაკრძალულია ადგილობრივ სასაფლაოზე.

Allgemeine Statistisches Archiv–ში (Bd.42, 1958) გამოქვეყნებული ალექსანდრე იაზონის ნეკროლოგის ავტორი დოქტორი გუსტავ ლუკე მწუხარებით აღნიშნავს, რომ 1945 წლის შემდეგ იაზონი თავისი მნიშვნელობის   შესაბამისად კინომრეწველობამ არ დააფასა და საქმეში არ ჩართო.

ალექსანდრე აფხაზი ემიგრაციაში დაქორწინდა. 1924 წელს ვისბადენში მან ცოლად შეირთო ნინო ჭავჭავაძე, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. მასთან შვილი არ ჰყოლია. შემდგომში მას ჰყავდა მეგობარი ქალი ელიზავეტა კარლოს ასული ფონ ბრანტი, რომელთანაც 1943 წელს ვარშავაში (პოლონეთი) შეეძინა ვაჟი. მასაც ალექსანდრე დაარქვეს. ელიზავეტა ნახევრად გერმანელი იყო (ბალტიისპირელი) და ნახევრად ქართველი, თარხან-მოურავების საგვარეულოდან.

ალექსანდრე აფხაზმა შვილი აღიარა, გვარიც მისცა და მასთან ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ ელიზავეტას გათხოვების შემდეგ მამინაცვალმა ბავშვი იშვილა და თავის გვარზე დაწერა. დღეს ალექსანდრე ფონ სივერსი ცხოვრობს ბელგიაში. პროფესიით არის მსახიობი და ჟურნალისტი.

წყარო:

ბაქრაძე, ლაშა. ალექსანდრე აბხაზი (მანგლისი,1893-ვისბადენი, 1957) - კინომრეწველობის პირველი სტატისტიკოსი // ქართული ემიგრაცია.-თბილისი, 2010. - კრ. I. - გვ.22-27. 

Abkhazi Vakhtang & Umansky Vladlen. Abkhazi: Historical Photo Album. – USA, 2005

https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_აფხაზი


გააზიარე: