The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პეტრე გრუზინსკი

პეტრე გრუზინსკი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 1892  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ფერმწერი–ბატალისტი პეტრე გრუზინსკი (ბაგრატიონი) რუსეთში გადასახლებულ ბაგრატიონთა დინასტიის მუხრან-გრუზინსკის შტოს წარმომადგენელია. იგი ვახტანგ VI–ის უფროსი ვაჟის, უფლისწულ ბაქარის შთამომავალია, რომელმაც 1724 წელს მამასთან ერთად დატოვა სამშობლო და რუსეთს შეაფარა თავი. ბატონიშვილ ბაქარის შვილების, ლევანისა და ალექსანდრეს შთამომავალთ რუსეთის სენატის 1859 წლის 26 მაისის დადგენილებით მიეკუთვნათ თავად გრუზინსკის სახელწოდება.

პეტრე გრუზინსკი დაიბადა 1837 წლის 31 დეკემბერს, კურსკში, ხელმოკლე მემამულის ოჯახში. ხატვამ ბავშვობიდან გაიტაცა. 1851 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ გახდა აკადემიის სტუდენტი. მისი მასწავლებელი იყო ბატალური კლასის ხელმძღვანელი პროფესორი ვილლევალდე. აკადემიაში გრუზინსკი 1863 წლამდე სწავლობდა. როგორც ნიჭიერი მოწაფე იღებდა აკადემიის სტიპენდიას, მონაწილეობდა გამოფენებში და ბევრჯერ გამოიჩინა თავი. პირველი პრესტიჟული ჯილდო, მცირე ოქროს მედალი მან დაიმსახურა 1860 წელს, სურათისათვის „ბოშათა ბანაკი“, ხოლო 1862 წელს ფერწერული ტილოსთვის „ღუნიბის აღება“ მიიღო დიდი ოქროს მედალი.

1863 წელს აკადემიამ პეტრე გრუზინსკი შემდგომი დაოსტატებისთვის ექვსი წლით წარგზავნა ევროპაში. იმყოფებოდა გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში. საზღვარგარეთიდან ის სისტემატურად ატყობინებდა აკადემიას თავისი მუშაობის შედეგებს. 1863–1864 წლებში პარიზში შეიქმნა მისი სურათი – „ზუავების პიკეტი საფრანგეთში მანევრებზე“, რომელმაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და იგი აკადემიამ შეიძინა. ამ პერიოდს ეკუთვნის, ასევე, „იტალიელთა ცეკვა–თამაში პარიზის ერთ–ერთ ქუჩაზე“ და 1872 წლის აკადემიურ გამოფენაზე წარმოდგენილი ჟანრული ხასიათის ტილო – „ბაზარი ფონტენებლოში“.

პეტრე გრუზინსკი ბატალისტი იყო, მაგრამ მაღალი ოსტატობით ხატავდა ჟანრული ხასიათის სურათებსაც. ამ სტილის სამი ტილო წარადგინა მან 1864 წლის პეტერბურგის აკადემიურ  გამოფენაზე. მისმა ნახატებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ აკადემიის საბჭო უკმაყოფილო დარჩა და მკაცრად შეახსენა თავის პანსიონერს, რომ მან არ უნდა უღალატოს ბატალურ ფერწერას.

1864 წელს აკადემიამ პეტრე გრუზინსკის დაავალა პარიზის მსოფლიო გამოფენისათვის ტილოზე გამოესახა ახალდამთავრებული დიდი ისტორიული მოვლენა – ომი კავკასიელ მთიელებთან.  შეკვეთილი სურათის ესკიზებისა და წინასწარი ჩანახატების გასაკეთებლად, 1865 წელს მხატვარი კავკასიაში გაემგზავრა. მან მოინახულა საომარი მოქმედებების ადგილები, იყო საქართველოშიც, გაეცნო ადგილობრივ ყოფას და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა უცხოეთში. ნახატი პეტრე გრუზინსკიმ საზღვარგარეთ დაასრულა, სადაც კიდევ სამი წელი იცხოვრა.

ფერმწერის კავკასიაში მოგზაურობის შედეგად შეიქმნა მასშტაბური ტილო: „მთიელთა მიერ აულების დატოვება რუსი სამხედროების შეტევის დროს“. ერთი წლის შემდეგ ეს სურათი ექსპონირებული იყო მსოფლიო გამოფენაზე ვენაში, ხოლო 1882 წელს – სრულიად რუსეთის გამოფენაზე მოსკოვში. 1873 წლის ჟურნალ „ვსემირნაია ილუსტრაციაში“ არის აღნიშნული სურათის ხატოვანი აღწერა: „მხატვარი თავის მშვენიერ ნამუშევარში ჩვენს წინაშე აცოცხლებს კავკასიის დაპყრობის ცოტა ხნის წინანდელ დრამას... სურათის წინა პლანზე უწესრიგო მასაში ერთმანეთშია არეული ადამიანი და შინაური პირუტყვი. მძიმე ნაბიჯებით დაძრული ხარების მოშორებით ჩერქეზ ქალს ტანსაცმლის ბარგი მოუკიდია ზურგზე და ხელჩაკიდებული მოჰყავს შავგვრემანი, ნახევრად შიშველი შვილი ... ლტოლვილების ზურგს უკან მოსჩანს დანგრეული აული, ხოლო წინ – საშიში დაღმართი იწყება“. ჟურნალი მხატვარს „ღრმა და ორიგინალური ტალანტის მქონე“ შემოქმედს უწოდებს. ამ სურათისთვის 1872 წელს, სანკტ–პეტერბურგში საბოლოოდ დაბრუნების შემდეგ, გრუზინსკის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა, თავად სურათი კი თვით მეფე ალექსანდრე II–მ შეიძინა რვა ათას მანეთად.

კავკასიელი მთიელების ყოფა–ცხოვრებაზე ფერმწერს სხვა სურათებიც აქვს შექმნილი: „ცხენის ჯოგი კავკასიაში“, „დუქნის ახლოს კავკასიაში“, კავკასიელ „მთიელთა გადასახლება“ და სხვა.

პეტრე გრუზინსკი მრავალმხრივი ხელოვანია. საომარ თემაზე შესრულებული ნამუშევრებით იგი წარმოდგება მხატვარ–რეალისტად, რომელსაც ბატალურ ფერწერაში შემოაქვს გადმოცემის უბრალოება და ცხოვრებისეული სიმართლე. პარალელურად კი იგი ხატავდა პეიზაჟებსა და ყოფით სცენებს. მისი გვიანდელი (1890-მდე) ნამუშევრებია: „სცენა სოფლის ცხოვრებიდან“, „გასეირნება ქალაქგარეთ“, „ყველიერი“ , „სამცხენა“, „თიბვა მალოროსიაში“, „ეკლესიიდან დაბრუნებული ახალჯვარდაწერილების შეხვედრა“ და სხვა. მისი სურათები ექსპონირებულია პეტერბურგის, მოსკოვისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში.

ავადმყოფობისა და მატერიალური ხელმოკლეობის გამო პეტრე გრუზინსკი სიცოცხლის ბოლო წლებში იძულებული შეიქნა იშვიათი ნივთების თავისი მდიდარი კოლექცია აკადემიისთვის მიეყიდა. მის მიერ მთელი ცხოვრების მანძილზე შეგროვილი კოლექცია შეიცავდა მხატვარ–ბატალისტისთვის მეტად საჭირო 91 ნივთს. აღწერილობაში აღნიშნულია – კავკასიური ტანსაცმელი, ურმის მოდელი, სხვადასხვანაირი თოფი, ხმალი და ოქროთი ნაჭდევი ვერცხლისბუდიანი ხანჯალი, მათრახი, სავაზნე, ქართული ქამარი, ყანწები, რუსული და ფრანგული ზარბაზნის მოდელები და სხვა.

პეტრე ბაგრატიონ– გრუზინსკი გარდაიცვალა პეტერბურგში, 1892 წლის 1 ივნისს.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_გრუზინსკი_(მხატვარი) 

2. rus-gal.ru/author/1378 

3. ქუთათელაძე, ზურაბ. პეტრე გრუზინსკი (1837-1892) : ბატალური ფერწერის აკადემიკოსი // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია / ზ. ქუთათელაძე. - თბ., 2011. - გვ.58-59. 

4. მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი მხატვარი // ისტორიული მემკვიდრეობა.– 2016. – # 1(64). – გვ. 30–32.





 

 

 


გააზიარე: