The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ზაქარიაძე

ალექსანდრე ზაქარიაძე
სხვა სახელი:განიბალი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1884
გარდაცვ. თარიღი:12 მაისი, 1957  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ალექსანდრე ზაქარიაძე 1884 წ. 15 თებერვალს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ქვედა სიმონეთში. მამა – ყარამან მაქსიმეს ძე ზაქარიაძე საშუალო შეძლების მქონე ე. წ. თავისუფალი საკელესიო გლეხი იყო, დედა – ბარბალე ნიკოლოზის ასული ბასილაძე.

ალექსანდრე ზაქარიაძემ 1900 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. 1901 წ. შევიდა თბილისის ოფიცერთა სკოლაში, რომელიც 1903 წ. დაამთავრა იუნკერის წოდებით და ერთი წლით 79-ე ქვეით რაზმში გაანაწილეს. სამხედრო ნათლობა რუსეთ– იაპონიის ომში მიიღო, იბრძოდა 147–ე სამარის პოლკში. 1905 წ. 25 თებერვალს თავში მძიმედ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია. გამოჩენილი თავდადებისათვის დააჯილდოვეს წმ. ანას IV  ხარისხის ორდენით მამაცობისათვის. 1905 წ. ოქტომბერში ალექსანდრე ზაქარიაძე პეტერბურგში მიავლინეს ახალწვეულთა აღსაზრდელად, თუმცა ცოტა ხანში თბილისში გადმოიყვანეს კურინსკის 79-ე პოლკში. 1907 წ. პორუჩიკის წოდებაზე წარადგინეს.

1909 წ. სექტემბერში ალექსანდრე ზაქარიაძე ჩაირიცხა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო აკადემიაში, რომელიც 1911 წ. შტაბსკაპიტნის ჩინით დაამთავრა. 1909 წელსვე  დაქორწინდა იტალიური წარმოშობის თბილისელ მარია ლონგოზე, რომელთანაც ორი ვაჟი ვალერიანე  (ავტოინჟინერი) და გიორგი (იური) (ელექტროინჟინერი) შეეძინა.

1914 წლიდან ალექსანდრე ზაქარიაძე კაპიტანია და  კავკასიაში მე-3 კაზაკთა დივიზიის შტაბის  უფროსის მოვალეობას ასრულებს. იგი I მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე იყო. 1915 წ. ზანოსცას რაიონში ბრძოლისას მხარში დაიჭრა. 1915 წ. ოქტომბერში უკვე 27-ე კორპუსის შტაბის ოფიცერია პოდპოლკოვნიკის წოდებით, დეკემბერში კი პოლკოვნიკი. 1917 წლის იანვრიდან ლიტვაშია, ჯერ როგორც ლიტვის მე-2 მსროლელთა ბრიგადის შტაბის უფროსი, მერე ლიტვის ზენიგალსკის მე-5 რაზმის დროებითი ხელმძღვანელი და ლიტვის შტაბის უფროსის მოადგილე. 1917 წელს ქ. რიგის როდენპოისკულის რაიონში წარმატებული ბრძოლებისათვის წმ. გიორგის მე-4 ხარისხის დაფნით შემკული ორდენი მიანიჭეს.

1917 წ. 27 ოქტომბერს რიგაში სამსახურის დროს ალექსანდრე ზაქარიაძემ თბილისიდან დეპეშა მიიღო საქართველოში დაბრუნების წინადადებით. 22 ნოემბერს ის უკვე თბილისში იყო. დაინიშნა ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიის შტაბის უფროსად. 1918 წელს იგი სხავდასხვა თანამდებობებზე მუშაობს, არის ქართული კორპუსის შტაბის უფროსი, საველე არმიის შტაბის უფროსი, სანაინის ფრონტის ხელმძღვანელი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე.

1919 წ. 1 აგვისტოს ალექსანდრე ზაქარიაძე დაინიშნა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსად, მიანიჭეს ქართული არმიის გენერლის წოდება.

1921 წ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ალექსანდრე ზაქარიაძე ეროვნულ მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად სტამბოლში ჩავიდა. 1922 წ. პოლინეთის მთავრობისა და მარშალ პილსუდსკის ინიციატივით გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე დაახლოებით სამას ქართველ სამხედრო ემიგრანტთან ერთად პოლონეთში მიიწვიეს. იქ ჩასულმა გენერალმა პოლონური შეისწავლა. 1923 წ. 1 იანვარს იგი პოლონეთის არმიაში ბრიგადის გენერლად მიიღეს. 1927 წ. 1 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე ალექსანდრე ზაქარიაძეს მიანიჭეს დივიზიის გენერლობა.

1939 წ. სექტემბერში პოლონეთში შეჭრილი გერმანიის არმიის სარდლობამ ალექსანდრე ზაქარიაძე „პოლონეთის დამცველ უკანასკნელ რაინდად“ გამოაცხადა.

II მსოფლიო ომის შემდეგ, 1945-48 წლებში ალექსანდრე ზაქარიაძე იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისელების საოკუპაციო ზონაში, ყოფილ სამხედრო ტყვეთა ბანაკებში – „ვილაბადესენსა“ და „პეკელსჰაიმში“. საბოლოოდ დასახლდა საფრანგეთში , ქართველთა მამულში – ლევილი. იყო პარიზის ქართული სათვისტომოს წევრი. გარდაიცვალა 1957 წ. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

ალექსანდრე ზაქარიძემ დატოვა მოგონებები „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 1917-1921 წწ“, რომელიც იაშვიათი და ძვირფასი პირველწყაროა აღნიშნული პერიოდის შესასწავლად.

წყარო: 

1.  შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. თბ., 2001. . 4. - 2003. – გვ. 164-177

2. გოგიტიძე, . (მამუკა). სამხედრო ფიცის ერთგულნი : [ქართველი გენერლები] : (ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. თბილისი : სვეტი+, 2015.

3. ქართველები უცხოეთში. . 1. თბ., - 2012. გვ. 92.

4. ვადაჭკორია, შოთა. ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან კავკასიის განთავისუფლების შესახებ //1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების 90-ე წლისთავი. თბილისი. 2016. – გვ. 101-127.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის IV ხარისხის დაფნით შემკული ორდენი
  • წმინდა გიორგის ხმალი
  • ინგლისური საბრძოლო ჯვარი
  • წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი მახვილითა და ბაფთით
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
    მამაცობისათვის
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი

გააზიარე: