The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ალექსანდრე ასათიანი

ალექსანდრე ასათიანი
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1889
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1953  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი ალექსანდრე ასათიანი დაიბადა 1889 წლის 10 აპრილს, ცაგერის რაიონის (ყოფილი ლეჩხუმის მაზრა) სოფ. ბარდნალაში. ორივე მშობლის მხრიდან იგი ეკუთვნოდა საქართველოს წარჩინებულ გვარებს. როგორც ჟურნალ „ივერიაში“ (პარიზი, 1954, N7, გვ.4–10) გამოქვეყნებული მისი ავტობიოგრაფიიდან ვიგებთ, მამამისი, სამსონ ასათიანი ყოფილა სოფლის მეურნე, კერძო ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ხოლო დედა გახლდათ მარგალიტა, ოტია გარდაფხაძის ასული. მათ 12 ქალ–ვაჟი ჰყავდათ.

ბავშვობა ალექსანდრეს გაუტარებია ლეჩხუმში, თავის სოფელ ბარდნალაში და დედულეთში, სვანეთში. იგი აღიზარდა საუკეთესო ქართველ პატრიოტთა და კლასიკოსთა იდეებზე.

საშუალო განათლება ალექსანდრე ასათიანმა მიიღო ქუთაისის სათავადაზნაურო პროგიმნაზიაში. 1907 წელს დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. გატაცებული იყო სოციალისტური იდეებით. მოწაფეობის დროს, 1904-1905 წლებში, მონაწილეობდა ლეჩხუმისა და სვანეთის რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც ციხეშიც იჯდა.

უმაღლესი განათლების მისაღებად ალექსანდრე ასათიანი მოსკოვს გაემგზავრა. ჯერ მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკური განყოფილება დაასრულა, 1914 წელს კი დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. აქ მან მიიპყრო ცნობილი მეცნიერის ლ. ი. პეტრაჟიცკის ყურადღება, რომელიც მისი ხელმძღვანელი გახდა და ამზადებდა მას გერმანიაში გასამგზავრებლად სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა მოუსწრო და ეს განზრახვა ჩაიშალა. რაფიელ ინგილოს ცნობით პეტერბურგში სტუდენტობისას ალ. ასათიანმა უარყო სოციალისტური აზროვნება და დაუახლოვდა ჯგუფს, რომელიც საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლაში ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიას ეყრდნობოდა.

1914 წლის ბოლოს ალ. ასათიანი სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში დაბინავდა. მუშაობდა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ, მაგრამ მისი მოღვაწეობის ძირითადი ასპარეზი მაინც პოლიტიკური ბრძოლა გახდა. იგი თავიდანვე მტკიცედ მიემხრო ეროვნულ მიმართულებას და დიდი წვლილი შეიტანა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის დაარსებაში. მან მთელი სიცოცხლე მიუძღვნა ამ პარტიის იდეოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბებასა და მის ორგანიზაციულ გაფორმებას.

1916 წელს ალექსანდრე ასათიანი, რომელიც მაშინ ქუთაისში სათავადაზნაურო საკრებულოს მეორე მდივნად და გუბერნიის მარშლის დავით ნიჟარაძის პირად მდივნად მუშაობდა, გაიწვიეს თბილისში პარტიის დაარსებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის  დამფუძნებელი ყრილობა მოწვეულ იქნა 1917 წლის ივნისში.  ალექსანდრე ასათიანმა რამდენიმე მოხსენება წაიკითხა სოციალ–ეკონომიკურ და აგრარულ საკითხებზე. ყრილობის დასარულ აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტი. ალექსანდრე ასათიანი დაინიშნა თავმჯდომარის, სპირიდონ კედიას, მოადგილედ.

1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა და მოწვეულ იქნა დამფუძნებელი კრება. მიმდინარე პროცესებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. ალექსანდრე ასათიანი საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, სხვებთან ერთად, წარმოადგენდა ედპ-ს ფრაქციას. იგი ზომიერი ოპოზიციის გზას ადგა და ენერგიულად მუშაობდა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს მუდმივი კომისიების წევრი, განსაკუთრებით, საბიუჯეტო–საფინანსო კომისიაში.

1919 წელს თბილისში გამოიცა ალექსანდრე ასათიანის ნაშრომი „მიწის საკითხი საქართველოში“, რომელსაც დიდხანს თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური დარგის სტუდენტები დამხმარე სახელმძღვანელოდ იყენებდნენ.

1921 წლის ანექსიის შემდეგ ალექსანდრე ასათიანი მთავრობას არ გაჰყოლია, საქართველოში დარჩა და  ეროვნული წინააღმდეგობისა და ბრძოლისთვის პოლიტიკური და სამხედრო ძალების დარაზმისთვის მუშაობდა. იგი  სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმებისა და „დამკომის“ შექმნის მომხრე იყო. ახლოდან თუ შორიდან მონაწილეობდა 1921 წლის სვანეთის, 1922 წლის კახეთ–ხევსურეთისა და 1924 წლის აჯანყებებში. ერთხანს მეტეხის ციხეშიც იჯდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა. სამშობლოს გასაჭირში მიტოვება ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იძულებული გახდა საზღვარგარეთ გახიზნულიყო. ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ საფრანგეთში გადასახლდა.

ემიგრაციაში ალექსანდრე ასათიანი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1924-1926 წლებში იყო სტამბულში დაარსებული „კავკასიის დამოუკიდებლობის კომიტეტის" წევრი. 1926 წელს გიორგი გვაზავასთან და სხვებთან ერთად დააფუძნა „პრომეთეისტული" მოძრაობა. ალექსანდრე ასათიანი იყო პარიზში ჟურნალ „პრომეთეს“ ერთ–ერთი რედაქტორი და „პრომეთეს“ პოლიტიკური კლუბის თავმჯდომარე. ინტენსიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან („ივერია", „სამშობლოსათვის"). 1929-39 წლებში, საფრანგეთში, თავად გამოსცემდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ბეჭვდით ორგანო –"სამშობლოს".

1928 წელს, ვალენტინეში, გამოიცა ალექსანდრე ასათიანის ნაშრომი „ძველი და ახალი მემკვიდრეობა“, რომელშიც XIX და XX სს. საქართველოს განმათავისუფლებელი ბრძოლა ერთიან პროცესად არის წარმოჩენილი. წიგნში წამოყენებული და დასაბუთებულია მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული კონცეფცია, მკაცრად არის გაკრიტიკებული დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა და საერთოდ ქართველ სოციალ–დემოკრატთა მოღვაწეობა. 1934 წელს პარიზში გამოვიდა მისი მეორე წიგნი – „ქართული პოლიტიკის ძველი და ახალი გზები“.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალ. ასათიანი ოთხი წლით ესპანეთში გადავიდა, შემდეგ ისევ პარიზში დაბრუნდა და კვლავ ენერგიულად ჩაება საქართველოსა და კავკასიასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

63 წელი იცოცხლა ალექსანდრე ასათიანმა და იმდენის გაკეთება მოასწრო, რომ სამართლიანად დაიმკვიდრა დიდი პოლიტიკური მოღვაწის, მებრძოლი პატრიოტისა და ღრმა მოაზროვნის სახელი. ამიტომაც მიმართავდა მიხაკო წერეთელი მას თავის სამგლოვიარო ბარათში ასეთი სიტყვებით: „გიყვარდა საქართველო, ძვირფასო ალექსანდრე, და მისთვის თავდადებული რაინდი იყავ მხოლოდ და მხოლოდ, და დიაღ ღირსი ხარ, რომ ხსენება შენი საუკუნოდ იყოს ქართველთა შორის!“

ალექსანდრე ასათიანი მოულოდნელად გარდაიცვალა მიუნხენში, სადაც ის 1953 წლის მიწურულს პარტიის დავალებით პარიზიდან იყო ჩასული. 1954 წლის 2 იანვარს, იგი, ქართულ ეროვნულ დროშაში გახვეული, დაკრძალეს მიუნხენში, ველდფრიდჰოფის სასაფლაოზე. მოგვიანებით იქიდან გადაასვენეს და ამჟამად განისვენებს პარიზთან ახლოს, ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო:

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. . 5. -  თბ., 2004. გვ.11–20

2. ასათიანი ალექსანდრე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.25

3. სურმანიძე, რამაზ. ალექსანდრე ასათიანი // ლუკა ასათიანი / . სურმანიძე. - თბ., 2011. - გვ.32-34

ასათიანი ალექსანდრე / დალი სინჯარაძე // ილია ემიგრატთა თვალით : ტ.2 / რედაქტორ-შემდგენელი დალი სინჯარაძე. - თბილისი, 1996. - გვ. 257-258



 

 

 


გააზიარე: